„მეტირება რომ ვფიქრობ რა ვითარებაშია ის ხალხი, ვისაც 500 – 700 - თუნდაც 1000 ლარი აქვს ხელფასი და ამდენი წამალი სჭირდება, რამდენად უნდა გაყონ ეს თანხა?!“
სეზონის ცვლილებას მოჰყვა ვირუსული შემოტევა, ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველი შემოდგომაა, როცა კოვიდ-19 არ მძვინვარებს, მაგრამ ისეთი ვირუსებია გავრცელებული, სირთულით კოვიდს არათუ ჩამოუვარდება, რიგ შემთხვევაში მასზე მწვავე მიმდინარეობით ხასიათდება.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ განსაკუთრებით ბავშვებში ვრცელდება ძალიან სწრაფად და ხანგრძლივდება გამოჯანმრთელების პერიოდი. 4 შვილის დედას, განო მელითაურს, მორიგეობით ოთხივე ბავშვი ჰყავდა ამ ვირუსით ავად, ამას დაემატა უფროსების ავადობაც და რთულმა პერიოდმა 21 დღეზე მეტი გასტანა. მეტიც, ჯერ კიდევ არ არის განოს ოჯახის ყველა წევრი ბოლომდე გამოჯანმრთელებული და ბავშვები არ დაბრუნებულან სოციალურ ცხოვრებას.
Mshoblebi.ge დაინტერესდა განოს და მისი შვილების ჯანმრთელობით. ამბის გასაგებად დავუკავშირდით, რეალურად კი ძალიან გავრცელებული ვირუსის, მისი შვილების მდგომარეობისა და იმუნიტეტის გამყარების შესახებ, განოსთან საკმაოდ საინტერესოდ ვისაუბრეთ.
- სირთულით ეს ვირუსი კოვიდს არ ჩამოუვარდება. ტალღობრივად დაგვეჯახა, თუ შეიძლება ასე ითქვას, თან მრავალშვილიან ოჯახებში ჯაჭვური რეაქციით ვრცელდება და ჩემი სახლი კათარზისს ემსგავსება ხოლმე. ჯერ ერთს ეწყება, მერე მიჰყვება მეორე, მესამე, მეოთხე, მშობლები, ბებია, ბაბუა და ა.შ. ერთ სართულზე ვცხოვრობთ მე და ჩემი მშობლები და აქტიური კონტაქტი გვაქვს.
რთული იყო ის, რომ ვირუსი დაიწყო პირდაპირ მაღალი ტემპერატურით, სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია, რასაც დაემატა გამონაყარი პირის ღრუში, ჰერპესის მსგავსი. ეს რომ ალაგდა, წამოვიდა საშინელი ყელის ტკივილი, მერე ჩაერთო ხველა. რამდენიმე დღეში გაქრა ყველა სიმპტომი და გვეგონა, რომ გამოვჯანმრთელდით, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. რასაკვირველია, ყველა ეტაპზე შესაბამის მკურნალობას ვიტარებდით შეძლებისდაგვარად. შეძლებისდაგვარად იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ექიმების უმრავლესობა გაიდლაინით მუშაობს და არც გაფრთხილებს, რა ვირუსთან გაქვს საქმე, რა შტამია. ყველა ექიმს სხვადასხვა ვერსია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და ცდილობს, სხვადასხვა მედიკამენტი მოგახვიოს თავს. საბედნიეროდ, გვყავს რამდენიმე ჭკვიანი ექიმი, რომელთანაც გავდივართ კონსულტაციას და მათი დანიშნულებით ვებრძვით გაუარესებულ ჯანმრთელობას.
პირველი ტალღა რომ დაიწყო, ბავშვების ექიმი არ გახლდათ საქართველოში და ძალიან რთული იყო კომუნიკაციის დამყარება. ერთი-ორი საკმაოდ ცნობილი და ატაცებული ექიმითა და კლინიკით, რომელსაც შეგნებულად არ ვასახელებ, ძალიან უკმაყოფილო ვარ, რადგან დღემდე ანალიზის სრულფასოვან პასუხს ველოდები, დღემდე არ მიმიღია პასუხი, ორი ბავშვი მყავდა მიყვანილი და ერთმანეთში აერიათ პასუხები, დანიშნულებაც ისეთი მოგვცეს, რომ არ ღირს სალაპარაკოდ... ძალიან უკმაყოფილო ვარ საერთო ჯამში, ძალიან.
როგორც უკვე ჩემით და კვალიფიციურ ექიმებთან საუბრით დავადგინე, ჰონკონგის შტამი გვქონდა, რომლის მიმდინარეობა საკმაოდ უცნაურია, უკან იხევს, მერე ისევ იკრებს ძალას ახალი სიმპტომებით და ასუსტებს ისევ ადამიანს... თითქოს გამოჯანმრთელებული ხარ, მაგრამ ისევ გეწყება... ძალიან რთული ეპიზოდები გავიარეთ, 40.5 გრადუსი ჰქონდათ ბავშვებს სიცხე და ვერაფრით ვერ ჩამომყავდა ქვემოთ, სასწრაფო არ მოდიოდა, არც კერძო, მათ შორის. კოვიდიც ძალიან მძიმედ მქონდა, მაგრამ ორი დღე ისე ვიყავი, საწოლში მხარს ვერ ვიცვლიდი, მამა რომ იყო ცუდად და სასწრაფოში ვრეკავდი, ვერ მოვალთ, თუ ვირუსის სიმპტომები აქვსო - მეუბნებოდნენ, კერძო სასწრაფოც კი არ მოდიოდა. ემოციურად ეს ყველაფერი ძალიან რთულია, 19 დღე ვაჟკაცურად ვიდექი... რენეს, ჩემს უმცროს შვილს, სპაზმი რომ ჰქონდა და ვერ სუნთქავდა, ყივანახველისებრი მიმდინარეობა ჰქონდა და კინაღამ დაიხრჩო, აი, მანდ უკვე მეც მოვწყდი, მაგრამ მაინც ძლიერად უნდა იდგე. ამის ყურება მშობლისთვის ძალიან რთულია.
რომ არა ჩემი დიდი გამოცდილება ვირუსებთან ბრძოლისა, არ ვიცი, როგორ გავუმკლავდებოდი. მოგეხსენებათ, 4 შვილი მყავს, ჩემი უფროსი ქალიშვილი უკვე 14 წლისაა და ამ პერიოდში საკმაოდ ბევრი რამ გავიარე და გამოვცადე... ვკითხულობ ბევრს, ჭკვიან ექიმებს ვუსმენ კარგად, ვიშველიებ ხალხურ მეთოდებს, რაც ძალიან მეხმარება. თბილ წყალში დასველებული პირსახოცით გაწმენდა, დაზელვა, გაგრილება სიცხის დროს - ეს მეთოდები ჩემთვის უებარია, შინდს და სოდას ვიყენებ ხველების საწინააღმდეგოდ, ასევე ხახვის ან ალოეს ნაყენს, მსგავსი ხალხური საშუალებები წამლებთან ერთად ძალიან გვეხმარება.
ახლა ანტიბიოტიკის წინააღმდეგ ანტიკამპანიაა და ბოლო წამამდე თავს იკავებენ დანიშვნისგან, მერე ისე მიდის საქმე, რომ საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან, მაინც ნიშნავენ, რადგან სხვაგვარად ვერ ერევიან ამ ვირუსს. მოკლედ რა, ერთი დიდი განუკითხაობაა, ფაქტია, რომ ეს ჰონკონგის შტამი მუსირებს. ვინც ხმა ამოიღო ამაზე, აჩუმებდნენ. სანამ ჩვენ დაგვემართებოდა, თურმე 2 თვით ადრე გამოვლენილი იყო ერთ-ერთი კლინიკაში, მაგრამ არ ახმაურებდნენ, არადა ამაზე საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს აუცილებლად და პირბადეს მაინც არ მოვიხსნიდით ასე თამამად.
მერე ისე მოხდა, რომ გადაედო დედაჩემს, მამაჩემს, მე, ახლა ჩემს ქმარს აქვს, ბოლომდე გამოჯანმრთელებულები არ ვართ და არც ბავშვები დაბრუნებიან სოციალურ ცხოვრებას.
საბოლოოდ, ჩავრთეთ ანტიბიოტიკი, რომელმაც შედეგი გამოიღო და 2 დღეში აულაგა ბავშვს პირველივე ეპიზოდი, დანარჩენ შემთხვევაში რომ არ ჩავრთეთ და ბოლო ეპიზოდამდე გავწელეთ, სამ ტალღად ჰქონდა... მოკლედ, რომ ვთქვა, რასაც მე ვუყურებ, ჩვენი თავის და უფლის ანაბარა ვართ, ეს მოცემულობა გვაქვს.
ახლა მთავარი მიზანია იმუნიტეტის გაძლიერება, დავიწყეთ ბიო წამლების მიღება, რომელიც არ არის ქიმიური და საშიში ორგანიზმისთვის. ზოგადად, მე ძალიან პასუხისმგებლიანი მშობელი ვარ, ერთი ბავშვი თუ ავად მყავს, დანარჩენსაც არ ვუშვებ სკოლა-ბაღში, რომ სხვას არ გადასდონ რამე.
უბრალოდ არ ვიცი როგორ უნდა გავუმკლავდე ამ ყველაფერს, ორი კოლექცია მაწევს მხრებზე, იანვარში პარიზის და ფლორენციის გამოფენებში დადასტურებული გვაქვს მონაწილეობა, გარდა ამისა, შეკვეთები და დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, ამ ფონზე 21 დღეა სამსახურში ვერც კი მივედი.
- სამოქალაქო თვითშეგნება, მეტი ინფორმირებულობა, მზაობა და თავდაცვა. ისევე როგორც კოვიდის დროს ვიბანდით ხელებს ხშირად, ახლაც იგივენაირად უნდა მოვიქცეთ, გავანიავოთ ოთახები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოვიყენოთ ნიღაბი.
- ზოგადად წამლები არ მიყვარს, უკიდურეს შემთხვევაში ვიღებ. ვირუსების საწინააღმდეგოდ ვიყენებ ნიორს, ვყჭლეტ, ან ვნაყავ და არაყთან ერთად ბავშვების ოთახთან ვალაგებ. ასე რჩევების გაცემა ძალიან რთულია და ვერავის ვერაფერს ვურჩევ, რადგან ის რაც მე მიხდება, შეიძლება სხვისთვის საზიანო იყოს, ელემენტარულად - ალერგია ჰქონდეს იმ კონკრეტულ პროდუქტზე და დაცვის ნაცვლად უფრო დაუმძიმოს მდგომარეობა.რასაც ვამბობ, ეს არის ოპტიმალური ჩემი შვილებისთვის, რომელთა ანამნეზი და ალერგიები ვიცი. ვიტამინების მიღება არ გვიყვარს, ძირითად ვცდილობ, ხილიდან, ბოსტნეულიდან, თევზიდან, მიიღონ სასარგებლო მინერალები და ვიტამინები. იმუნიტეტისთვის ასევე ძალიან კარგია ჯინჯერის, ლიმნის და თაფლის ნაყენი, მაგრამ ჯინჯერი არ შეიძლება მათთვის, ვისაც თირკმელი აწუხებს. გარგარის ჩირი, ნიგოზი და თაფლი - უებარია.კომბოსტო ძალიან კარგია სიცხის დროს და კარგად ვიყენებთ ჩვენ, მაგრამ შეიძლება ვიღაცას ალერგია აქვს კომბოსტოზე და პირიქით გაურთულდეს, დაუმძიმდეს სიტუაცია... პირადად მე, კოვიდის შემდეგ რკინის დეფიციტი რომ მქონდა, ფეხზე დამაყენა ვაშლმა, ყოველდღე ორ ვაშლს ვხეხავდი, ვაყოვნებდი, რომ დაჟანგებულიყო და მივირთმევდი. რკინაზე ალერგია მაქვს და წამალს ვერ ვიღებდი, სამაგიეროდ, ვაშლით შევივსე რკინის რაოდენობა.
- ფინანსებზე აღარ ვლაპარაკობ, ვერ ვხვდები, რა უნდა ქნან ადამიანებმა. მეტირება, რომ ვფიქრობ, რა ვითარებაშია ის ხალხი, ვისაც 500-700, თუნდაც 1000 ლარი აქვს ხელფასი და ამდენი წამალი სჭირდება, რამდენად უნდა გაყონ ეს თანხა?! მეც ხშირად მიფიქრია, რანაირად უნდა ავუვიდე ამ ყველაფერს, 4 კი არა, 1 ბავშვი რომ მიიყვანო კვლევებზე, ექიმთან... არ ვიცი, რა რაოდენობის თანხები გჭირდება, რომ ელემენტარული კვლევები ჩაუტარო. მეტიც, ზოგიერთი საავადმყოფო იმასაც კი არ გინაზღაურებს, რაც კანონით გეკუთვნის იმ შემთხვევაში, თუ სასწრაფოთი არ მიხვედი. ჩვენს რეალობაში არიან ამ ვირუსით დაავადებული ბავშვები და წამლები არ აქვთ - ეს საშინელებაა.
ან ეს წამლები რა ღირს? თან ყველა ექიმი, ყველა დარეკვაზე ახალ-ახალ და სხვადასხვა წამალს გინიშნავს, შეუძლებელია ამ ყველაფერს აუვიდეს მშობელი და გაუძლოს, ფიზიკურად, ემოციურად... ამიტომ მაქისმალურად უნდა დავიცვათ თავი.
ციცი ომანიძე