დიდი ოჯახები, სადაც ორი ან სამი თაობა ერთად ცხოვრობს, ქართული სინამდვილისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. როგორც ჩანს, პირადი სივრცე ყველას სხვადასხვანაირად ესმის და ეს ხშირად ხდება ოჯახებში დაპირისპირების მიზეზები. ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მკითხველის წერილს ვაქვეყნებთ:
"ბიჭი შვილი მყავს და შეიძლება, ოდესმე დედამთილობაც მომიწიოს .ჩემს სახლში ვინმემ რომელიმე ოთახის კარი რომ ჩაკეტოს და წავიდეს, ვეღარასდროს გადმოაბიჯებს ჩემი სახლის ზღურბლს უკან. რა ქაჯობაა, იმდენი პატივი არ უნდა მცეს ჩემ სახლში მოსულმა ადამიანმა, რომ ეგეთი რაღაც არ მაკადროს? ჩაუკეტავადაც არ შევალ, ცხადია, იმ ოთახში, რომლითაც სხვა სარგებლობს. სამი წლის შვილი მყავს და თუ არ ვკითხე, ახლა არ შევდივარ მის ოთახში და არ ვეხები მის ნივთებს. მეორე შვილიც რომ მყავდეს, გოგო, რძალმა, თუ ჩემთან იცხოვრებს, ჩემი ქალიშვილი ჩემი (!) სახლიდან უნდა გააგდოს? ან არ ესიამოვნოს, თუ მოვა (სტუმრად, საცხოვრებლად, გასართობად ან ნებისმიერი მიზნით? ვაკონკრეტებ: ჩემს სახლში, ანუ მისი მშობლების სახლში. ბიჭ შვილს თუ აქვს უფლება, რომ ცოლი მოიყვანოს მშობლების სახლში და იცხოვროს, გოგო შვილს არ აქვს ქმრის მოყვანის და ცხოვრების უფლება მშობლების სახლში? რატომ, შვილი არ არის?
ჩემ ქალიშვილს რას ვაჩუქებ და რას გავატან ჩემი საკუთარი სახლიდან, ვინმეს უფლება (თუნდაც მორალური) აქვს მიკონტროლოს? საერთოდაც, ოჯახს რომ ქმნის ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანი, ამხელა პასუხისმგებლობას რომ იღებს, საკუთარი თავი საცხოვრებლით არ უნდა უზრუნველყოს, მშობლების იმედად უნდა შექმნას ოჯახი და მერე მისი ცოლი იმას ელოდოს, როდის მოკვდებიან მშობლები და როდის გათხოვდება მული? იქნებ იმ მულსაც მშობლების სახლში მოჰყავს ქმარი საცხოვრებლად და უნდა იცხოვრონ ეგრე, ჯოგურად ოთხ ოთახში? ზოგ შემთხვევაში უფრო ნაკლებშიც.რამე რომ იყოს, დედაჩემის სახლზე, სადაც დავიბადე და გავიზარდე, უფრო მეტი პრეტენზია შეიძლება მქონდეს, თუ ქმრის მშობლების სახლზე? პატივისცემით, მომავალი "ავი" დედამთილი"