ბოლო პერიოდში სეზონური ინფექციების გავრცელების პარალელურად, კლინიკებს სულ უფრო მეტი ბავშვი მიმართავს. ხშირად მშობლები აღნიშნავენ, რომ მაღალი ტემპერატურისა და ხველის ბინაზე მართვას ვეღარ ახერხებენ. ზოგიერთ შემთხვევაში, სიმპტომები ხანგრძლივდება და ეს სასწავლო პროცესზეც აისახება - უამრავი მასწავლებელი აღნიშნავს, რომ კლასში დასწრება, ფაქტობრივად, განახევრებულია. როდის უნდა მიიტანოთ ეჭვი, რომ ბავშვს შესაძლოა ფილტვების ანთება ჰქონდეს და რისი გაკეთება შეგიძლიათ ტემპერატურის მართვისას, აქტუალურ შეკითხვებზე Mshoblebi.ge-ს ექიმი ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა პასუხობს:
- ზამთრის პერიოდში რესპირაციული ინფექციები განსაკუთრებით აქტიურდებიან. მომართვიანობა გაზრდილია. ეს ეხება როგორც ამბულატორიულ სექტორს, ასევე სტაციონალურ ნაწილს. ძირითადად, რესპირაციულ ინფექციებს მსგავსი სიმპტომები ახასიათებს. ესენია: ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, სურდო, ტემპერატურული რეაქცია და ასე შემდეგ. განსაკუთრებით აქტუალური ტემპერატურაა, რადგანაც მისი ბინაზე მართვა, ხშირ შემთხვევაში, მშობლებს უჭირთ ხოლმე. ცუდად ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია და მისი მართვა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. უნდა გამოვიყენოთ როგორც სიცხის დამწევი მედიკამენტები, ასევე სხვა, ზოგადი რეკომენდაციებიც გავითვალისწინოთ. მაგალითად, სითხეების ადეკვატური რაოდენობით მიღება, ასევე უნდა იყოს დატენიანებულ, ჟანგბადით მდიდარ ოთახში, ეცვას ისეთი ტანსაცმელი, რომელიც სითბოს გაატარებს და ორგანიზმის კიდევ უფრო გადახურება არ მოხდეს და ასე შემდეგ. თუ ამ ყველა რეკომენდაციის შესრულების მიუხედავად, მაინც ვერ ხერხდება ტემპერატურის რეგულაცია, ასეთ დროს აუცილებელია, პროცესში პედიატრი ჩაერთოს, რომელიც მდგომარეობას შეაფასებს, მკურნალობაში ან ჩართავს რაიმე დამატებით მედიკამენტს, ან პაციენტის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანის რეკომენდაციას გასცემს.
- როგორც აღვნიშნე, ხველა რესპირაციული ინფექციების ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია, რომელიც გვხვდება როგორც დაავადების მწვავე პერიოდში, ასევე დაავადების გადატანის შემდეგაც შეიძლება გახანგრძლივდეს. არსებობს სხვადასხვა მედიკამენტი, რომლებიც განსხვავებული ტიპის ხველის დროს გამოიყენება, ეს ინდივიდუალურია და ექიმის შეფასების საფუძველზე უნდა დაინიშნოს. რაც შეეხება აქტუალურ საკითხს, თუ როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი, რომ არა მხოლოდ ზემო სასუნთქი გზების, არამედ ქვემო სასუნთქი გზების, ფილტვების დაზიანებასთან გვაქვს საქმე. როდესაც ხველას სპაზმური ხასიათი აქვს, არ ემორჩილება მედიკამენტებს და თან ახლავს გახშირებული სუნთქვა, ძილიანობა, ბავშვი მივარდნილია, უენერგიოდაა - ეს საკმაოდ საყურადღებო სიმპტომებია, რაც აუცილებლად უნდა შეფასდეს და გამოირიცხოს, ხომ არ არის ფილტვების ანთება განვითარებული. მეორე, როდესაც პროდუქტიული ხველაა, ნახველის ფერი შეფერილია მოყვითალო, მომწვანო ფერით - ესეც მნიშვნელოვანი სიმპტომია, რომ ექიმის ჩართვა და მდგომარეობის შეფასება მოხდეს. უნდა გამოირიცხოს, ბაქტერიულ მწვავე ბრონქიტთან ან პნევმონიასთან ხომ არ გვაქვს საქმე. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ხველა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ პაციენტი ანტიბაქტერიულ მკურნალობასა და ანტიბიოტიკოთერაპიას საჭიროებს. შესაძლოა, პაციენტს შემაწუხებელი ხველა ჰქონდეს, მაგრამ ის ვირუსულ ინფექციასთან, ან ალერგიასთან იყოს ასოცირებული. ანტიბაქტერიული მკურნალობა მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის გართულების შემთხვევაში უნდა დავიწყოთ. ეს შეიძლება იყოს ბაქტერიული ბრონქიტი, პნევმონია, ბაქტერიული სინუსიტი, რომელიც ექიმმა უნდა შეაფასოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
- ესეც საკმაოდ აქტიური პრობლემაა, თუმცა რაიმე ახალი არ არის. რესპირაციული ინფექციების მერე ზოგჯერ ხველა ხანგრძლივდება და შეიძლება, რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს. ამაში საგანგაშო არაფერია, თუმცა ასეთ დროსაც აუცილებელია შეფასება, თუ რა ტიპის ხველაა - პაციენტს მშრალი ხველა ახასიათებს, თუ სპაზმური და ამის მიხედვით მოხდეს მედიკამენტის შერჩევა, რაც ადამიანს მდგომარეობას შეუმსუბუქებს. რაიმე მედიკამენტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, საერთოდ მოხსნის ხველას, არ არსებობს. გახანგრძლივებული ხველა მნიშვნელოვანი პრობლემაა, მაგრამ არის მედიკამენტები, რომლებიც მდგომარეობას შეამსუბუქებს. მათი სწორად შერჩევა კი ექიმების პრეროგატივაა.
- მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია და ეს ბუნებრივიცაა. ზამთრის სეზონისთვის გრიპისა და სხვა რესპირაციული ინფექციების მსგავსი გააქტიურება დამახასიათებელია. ამაში საგანგაშო არაფერია. ძირითადად, რესპირაციული ინფექციებიდან ყველაზე საშიში და საყურადღებო გრიპია. ვაქცინა ხელმისაწვდომია და მძიმე მიმდინარეობისაგან საკმაოდ ეფექტურად გვიცავს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასაკოვანი ადამიანებისათვის, მცირეწლოვანი ბავშვებისთვისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვისაა. ამით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და საშიში ინფექციისგან იქნებიან დაცულები. რაც შეეხება სხვა რეკომენდაციებს, აუცილებელია, დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, ხშირად გავანიავოთ ოთახი. თუ სიმპტომები გვაქვს, თავი ავარიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, ან გამოვიყენოთ პირბადე და სიტუაციის დასტაბილურებას ამით ხელი შევუწყოთ.
- პანდემიის დროს სასწავლო პროცესი საკმაოდ დაზარალდა და ბევრი პრობლემა შეუქმნა როგორც მოსწავლეს, ასევე მასწავლებლებს და ზოგადად, განათლების სისტემას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, რომ მსგავსი რეკომენდაცია ცალსახად გავცეთ. მაგრამ, ჩემი აზრით, თუ ამას მასიური ხასიათი აქვს, უმრავლეს სასწავლო დაწესებულებაში მოსწავლეთა, დაახლოებით, 50% არ დადის, ეს შესაძლოა გახდეს იმის ჩვენება, რომ არდადეგების თარიღი გადაიხედოს. თუმცა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ავიღოთ პასუხისმგებლობა. თუ ბავშვს სიმპტომები აქვს, არ გავუშვათ სკოლაში და ამით დაავადების გავრცელებას ხელი შევუშალოთ. თუ ყველა ასეთი მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდება საკითხს, ჩემი აზრით, დღის წესრიგში, რომ სასწავლო პროცესში რაიმე გადაიხედოს, არ დადგება.
თამარ იაკობაშვილი