თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი მკურნალობის კურსს კვლავ განაგრძნობს. დათის ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და ნებისმიერ პოზიტიურ სიახლეს დიდი ინტერესით ელიან. ჩვენ ბავშვის დედას ქრისტინე მამუკაშვილს გავესაუბრეთ, რომელიც დათის მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვიყვება:
"3 თვის განმავლობაში გერმანიაში ვიყავით, ბავშვი რეაბილიტაციას გადიოდა, მაგრამ პროთეზის გაკეთებაზე უარი გვითხრეს. ამიტომაც, იძულებულები გავხდით, რომ ლოკაცია შეგვეცვალა და ავსტრიის საზღვარზე, ალპებისკენ გადავედით. აქ არის მცდელობა, რომ პროთეზი მოარგონ. სავარაუდოდ, იანვარში გაუკეთებენ, მაგრამ არ ვიცით, რამდენად შეძლებს ბავშვი მორგებასა და გავლას. თუმცა, ინფექციები ჯერ ისევაა, რაც სიტუაციას გვირთულებს. მთავარია, რომ ახლა დათი ნორმალურადაა, ორგანოები ჩვეულებრივად ფუნქციონირებს და გვაქვს იმედი, რომ გავლას შეძლებს. ალპებში სუფთა ჰაერზეა და ვფიქრობ, ესეც დაგვეხმარება. თავადაც ძალიან დიდი მოლოდინი აქვს. საკუთარი თავის რწმენა აქვს და სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სკეიტბორდის მაღაზიაში შეგვიყვანა, უნდოდა, რომ გვეყიდა. გავაჩერე, ვუთხარი, ჯერ ფეხი გავიკეთოთ და მერე ვიყიდოთ-თქო, მაგრამ მაინც გვაყიდინა. დარდობდა, ისევ თავიდან მექნება სასწავლიო. მაგრამ, ძალიან მიხარია, რომ ეს რწმენა რაღაცნაირად აძლიერებს. ბავშვს პლასტიკური ოპერაციების ჩატარებაც სჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით ექიმები გვირჩევენ, რომ მოძლიერდეს, თუ გაკეთდება პროთეზი, გაკეთდეს და გარკვეული პერიოდი გავიდეს, რომ მალევე კვლავ ნარკოზი არ დასჭირდეს. დათის როცა შეუძლია, თავის კლასელებს ონლაინაც ერთვება, თუმცა 3-საათიანი დროის სხვაობაა. მაინც ვცდილობთ, ძალიან არ ჩამოვრჩეთ პროგრამას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დათის ასე გულშემატკივრობენ. მათი ლოცვა ბავშვს შეეწია. ფინანსურმა დახმარებამ, სითბომ და სიყვარულმა, ყველაფერმა ერთად ძალიან გაგვაძლიერა." - ამბობს ქრისტინე მამუკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 8 წლის დათი ქოქრაშვილს ავტომობილი 31 მარტს, შარტავას ქუჩაზე დილით დაეჯახა. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
თამარ იაკობაშვილი