"ვეძებ" - ასე ჰქვია "ფეისბუქში" ჯგუფს, სადაც ადამიანები ოჯახის გაშვილებულ წევრებს და პირიქით, გაშვილებულები თავიანთ ბიოლოგიურ მშობლებს და ნათესავებს ეძებენ. ჯგუფმა, რომელიც თამუნა მუსერიძემ შექმნა, ბავშვებით ვაჭრობის სქემა გამოააშკარავა. ამ ჯგუფის შესახებ საქართველოში კარგად იციან, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ამჯერად ვრცელ სტატიას აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფი", სადაც საქართველოსთან ერთად, საუბარია სხვა ქვეყნებზეც, სადაც გაშვილების დროს მსგავსი სქემით მოქმედებდნენ.
როგორც "ტელეგრაფი" წერს, მსგავსი შემთხვევები ხშირი იყო სხვა ქვეყნებშიც - საქართველოში, ისრაელში, გვატემალაში და ა.შ."ოფიციალური დოკუმენტების გაციფრულებამ, დნმ-ის კვლევის ტექნოლოგიურმა მიღწევებმა, ასევე სოციალური ქსელის ძალამ მეოცე საუკუნის ბოლოს მსოფლიოში არსებულ ბავშვთა ვაჭრობის სქემას ახადა ფარდა და ზოგიერთი შემთხვევა დაუჯერებელია", - აღნიშნულია სტატიაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ როგორც წესი, გაშვილება დოკუმენტებში ახსნილია იმ მიზეზით, რომ გაითვალისწინეს "ბავშვის საუკეთესო ინტერესები", თუმცა რეალურად, უმეტეს შემთხვევაში, მიზეზი იყო ფინანსური მოგების მიღების შესაძლებლობა.
"საბჭოთა კავშირის წლებში ბიჭებს, როგორც წესი, საქართველოში ყიდდნენ 1500 მანეთად, ხოლო გოგონებს 1000 მანეთად. 1993 წლის შემდეგ ბავშვებით ვაჭრობის ბაზარი უფრო გლობალური გახდა და მდიდარი დასავლური ოჯახები მოპარული ჩვილების სანაცვლოდ უფრო მეტ თანხას იხდიდნენ", - ამბობს მუსერიძე "ტელეგრაფთან." მისი თქმით, 1993 წლიდან ყოველთვიურად ქვეყნიდან 20-30 ბავშვი გაჰყავდათ.
"მაღალი ფასი იყო მიზეზი, რის გამოც მათ უცხოეთში ჩვილების გაყიდვა დაიწყეს. უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული ოჯახები დაახლოებით 20 000 დოლარს იხდიდნენ. როგორც ვიცით, ბოლო შემთხვევა 2005 წელს დაფიქსირდა", - ამბობს მუსერიძე.
გამოცემის ცნობით, ექსპერტები ამბობენ, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებს შორის ბავშვებით ვაჭრობის სქემა მასობრივად 1800-იანი წლებიდან იწყება და საბუთებში მიზეზად თითქმის ყოველთვის სახელდება "ბავშვის საუკეთესო ინტერესები.“