ახალი წლის დღეებში საკვებით ინტოქსიკაცია ხშირად ფიქსირდება ხოლმე და ადამიანებს დისკომფორტს უქმნის. როგორ უნდა შევინახოთ სწორად მზა კერძები და რომელი კერძები არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში, თემაზე გადაცემაში "ახალი დღე" სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ბეღელაძე საუბრობს:
- სურსათიდან 2 მთავარი კატეგორია შეიძლება გამოვყოთ, ესენია მალფუჭებადი და არამალფუჭებადი პროდუქტები. რძის პროდუქტები, ხორცპროდუქტები, უკვე შეზავებული სალათები მალფუჭებად საკვებად ითვლება.ზოგიერთი ბოსტნეული არამალფუჭებადია, თუმცა თუ შევაზავებთ, ის უკვე მალფუჭებადი ხდება. მიკრობებისა და ბაქტერიების გასამრავლებლად კი დრო, ტემპერატურა, ტენიანობა, საკვებია გასათვალისწინებელი.
გოზინაყი არის ის პროდუქტი, რომელიც საკმაოდ დიდ ხნის განმავლობაში არ ფუჭდება, რამდენიმე დღე და კვირაც კი შეიძლება შეინახოს და სამაცივრე პირობები არ სჭირდება. სამაგიეროდ, საცივი, ნიგვზიანი ბადრიჯანია საფრთხილო.
საცივი შეგვიძლია მომზადებიდან 72 საათის განმავლობაში შევინახოთ. როდესაც თერმულად მუშავდება, შეიძლება უფრო მეტხანს გაძლოს, 3-4 დღეც კი. წამოდუღებამდე უნდა შევინახოთ მაცივარში, მაგრამ წამოდუღება მხოლოდ ერთხელ შეგვიძლია, ამიტომ პორციებად გადმოვიღოთ და გავაცხელოთ. ხოლო, თუ თერმულად არაა დამუშავებული, რეკომენდებულია 2-3 დღის განმავლობაში გამოვიყენოთ. ნებისმიერი კერძი, რომელიც გვინდა, რომ დიდი ხნით შევინახოთ, საყინულე გამართლებული პრაქტიკაა, თუმცა მომზადებიდან რაც მალე შევინახავთ კერძს საყინულეში, მით უფრო მეტხანს ინახება. შეიძლება, რამდენიმე თვეც კი გაძლოს.
რაც შეეხება ინტოქსიკაციას, გავრცელებული წარმოდგენა, ბოლოს რაც მივირთვით, რომ მან გვაწყინა, შეცდომაა. სრულიად შესაძლებელია, 3-4 დღის წინ მირთმეულმა კერძმა გამოიწვიოს ინტოქსიკაცია. სურსათის უვნებლობა თითოეულ კერძშია დასაცავი. არსებობს განსაკუთრებით საშიში პათოგენები, რომლებიც პროდუქტებს ფერს, სუნსა და გემოს არ ცვლიან და ეს პროდუქტები ყოველთვის იწვევენ ჯანმრთელობის დაზიანებას.
მიხეილ ბეღელაძემ ასევე ისაუბრა იმაზეც, არის თუ არა საახალწლოდ ისეთი პროდუქტი, რომელიც ალკოჰოლთან კომბინაციაში რისკის ქვეშ ამყოფებს ჯანმრთელობას და ინტოქსიკაციას ხელს უწყობს:
- მსგავსი უნიკალური პროდუქტები არ არსებობს. ტრადიციულად, მეტად ცხიმიან კერძებს თუ მიირთმევდნენ, ალკოჰოლით ინტოქსიკაცია ნაკლები იყო. ნაკლებად ცხიმიანი კერძები ალკოჰოლური თრობისთვის უფრო მეტად ხელშემწყობია. მსგავსი მიდგომა შეგვიძლია დავაფიქსიროთ, თუმცა ჩემი მხრიდან შესაძლოა, ეს ზედმეტად ცხიმიანი კერძების ხელშეწყობად ჩაითვალოს. მაგრამ, ნორმის ფარგლებში 1-2 დღით ყველაფერი შესაძლებელია.
მნიშვნელოვანია, რომ კერძები მცირე პორციებად მოვამზადოთ, იმდენი, რომ ნარჩენები ნაკლებად გვქონდეს. მომზადებიდან მალევე მივირთვათ, განსაკუთრებით ის, რაც თერმულად არ არის დამუშავებული. კერძებისთვის მაქსიმუმ 2 საათი გვაქვს იმისათვის, რომ ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ. მერე მაცივარში გადავიტანოთ. თერმულად მომზადებულ პროდუქტებისთვის, წვნიანებისა თუ სხვა ცხელი კერძებისთვის, მომზადებიდან 2 საათი გვაქვს, რომ გავაგრილოთ და აუცილებლად გაგრილებული გადავიტანოთ მაცივარში. გავრცელებულია მითი, რომ ცხელი კერძის მაცივარში მოთავსება არ შეიძლება, რადგანაც მაცივარს აფუჭებს. ის მაცივარს კი არ აფუჭებს, თავად ფუჭდება. ამიტომ, აუცილებლად გავაგრილოთ კერძი, მაგრამ ეს გაგრილება 2 საათზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.