პროფესორი, პედიატრი თემურ მიქელაძე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" ასახელებს იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც ბავშვებს ნორმალური განვითარებისთვის სჭირდებათ და აუცილებელია როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად:
- პირველ რიგში, როდესაც ბავშვი მოგვმართავს, პედიატრის თვალთახედვით, მის ფიზიკურ ჯანმრთელობას ვითვალისწინებთ და ვაფასებთ. თუმცა, ფიზიკური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია ოჯახში ცხოვრების ჯანსაღი წესის დაგეგმვა და დანერგვა. მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, როდესაც პერინატოლოგია ბავშვის ზოგად მდგომარეობას აფასებს, პირველ რიგში, მის სოციალურ გარემოს იკვლევენ, თუ რა გარემო პირობებში უწევს მას ცხოვრება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური პრობლემები უფრო მეტადაა გამოხატული და საკმაოდ ძნელია შერჩევა, კონკრეტული ასაკის ბავშვს, მაგალითად, ჩვილს, 1 წლამდე, 1-დან 3 წლამდე, 6 წლის ზემოთ და სკოლამდელი ასაკის ბავშვს რა და როგორ უნდა შესთავაზო ისე, რომ მშობელმა მაქსიმალური შეძლოს.
ამის გათვალისწინება საკმაოდ ხშირად გვიწევს. ზოგჯერ ოჯახს არ შეუძლია ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის საჭირო ღონისძიებები ჩაატაროს. ეს ეხება პირველ რიგში, სწორ კვებას, ფიზიკურ აქტივობას, კურორტების ხშირ ცვლას და ასე შემდეგ. ამიტომ, დიფერენცირებულად ვუდგებით. მთავარი სწორი კვებაა. ბავშვთა კვებაში ოქროს სტანდარტი დედის რძეა. მიუხედავად სოციალური კუთვნილებისა, ამის შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს. პედიატრების მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ დედებსა და შვილებს მაქსიმალურად გავუხანგრძლივოთ ძუძუთი კვება. როგორც მოგეხსენებათ, დედის რძე თავისი ეპიგენეტიკური აქტივობით არის იმუნიმასტიმულირებელი, მოზრდილობაში გულის იშემიური დაავადებების პროფილაქტიკის, თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებების პროფილაქტიკის, ყაბზობის, სიმსუქნის პროფილაქტიკის შესაძლებლობა.
დედის რძეს აქვს ისეთი ეპიგენიტიკური ეფექტები, რომლის საშუალებითაც ბავშვს როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად და სულიერად განვავითარებთ. აქედან გამომდინარე, მიუხედავად სოციალური კუთვნილებისა, მას ეს უნდა შევთავაზოთ, თუ, რა თქმა უნდა, კონკრეტული ნივთიერებების აუტანლობა არ არის გამოხატული. თუმცა, დედის რძის აუტანლობის შემთხვევები, ჩვენს ქვეყანაში, ფაქტობრივად, თითზე ჩამოსათვლელია. გარდა ამისა, მიუხედავად სოციალური კუთვნილებისა, აუცილებელია ოჯახში უსაფრთხო და მშვიდი გარემო იყოს. თუმცა, ეს, ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ ძნელი მისაღწევია. ამიტომ, კვებასთან ერთად გავითვალისწინოთ უსაფრთხო გარემო, ფიზიკური აქტივობა და ბავშვის სუფთა ჰაერზე სეირნობა, რაც, პირველ რიგში, ფიზიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლადაა აუცილებელი.