2022-2023 სასწავლო წელი სკოლებისთვის ბევრი ახალი პროექტით დაიწყო, რაც მეორე სემესტრშიც გაგრძელდება და სხვადასხვა ინიციატივა კიდევ დაემატება. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდათ. ასევე, 2022-2023 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში "საქართველოს ისტორია" დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად სწავლობენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, 2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის "სამხედრო საქმის" პილოტირება დაიწყო, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის 300-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით განახლდა მოსწავლეთა ახალგაზრდული ბანაკები და 2023 წლისთვის აღნიშნული ინიციატივის მასშტაბები კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით პროექტი "პირველი არხი განათლება" 2023 წლისთვის განახლდება და ორიენტირებული იქნება საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტი შემეცნებითი ხასიათის გადაცემების შეთავაზებაზე.
მოსწავლეების ფსიქო-სოციალური და ემოციური მხარდაჭერის მიზნით, სკოლებში ძლიერდება სოციალური კომპონენტი. სისტემაში სოციალური მუშაკებისა და მანდატურების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება. ახალი სასწავლო წლიდან დამატებით კიდევ 85 საჯარო სკოლას ჰყავს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური. ასევე, იზრდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური მუშაკების რაოდენობა, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს საჭირო სოციალურ მომსახურებას უწევენ. 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე განათლების სისტემაში სოციალურ მუშაკთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდა მე-10 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირება. გამოცხადებულია კონკურსი I, II და XI კლასის სახელმძღვანელოების შექმნაზე.
2023 წლის იანვრიდან დაგეგმილია საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატისა და მანდატურთა ანაზღაურების ზრდა 125 ლარით, ხოლო სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ით. ამასთან, ფინანსთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან და განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებთან აქტიური თანამშრომლობით 2023 წლიდან დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სკოლის მასწავლებლები მიიღებენ ანაზღაურებას.
2023 წელს დაგეგმილია საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა.
ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლიდან მე-7- მე-12 კლასის მოსწავლეები გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების მნიშვნელოვან საკითხებს შეისწავლიან და შესაბამისი პროგრამაც შემუშავდება. გაგრძელდება დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადების პროცესიც.
თამარ იაკობაშვილი