რა პლუსები და მინუსები აქვს ვეგეტარიანელობას და რა საფრთხე ემუქრება ვეგეტარიანელ ბავშვს დღეს მსოფლიოში 800 მილიონი ვეგეტარიანელია. მათ შორის ძალიან ბევრია მშობელი, რომელიც ბავშვებსაც ვეგეტარიანელებად ზრდის. ისინი საკვებად მხოლოდ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს იყენებენ. ასეთი რაციონი ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერებით ვერ ამარაგებს და ექიმთა უმრავლესობა ასეთ კვებას არასრულფასოვნად მიიჩნევს. ჯანმრთელობისათვის გაცილებით სასარგებლოა ლაკოვეგეტარიანული დიეტა, რომელშიც კვერცხი და რძის პროდუქტებიც შედის. კვების ასეთი სისტემა ორგანიზმს სათანადო რაოდენობის ცილებით უზრუნველყოფს, ასევე - კალციუმით, რომელსაც ვეგეტარიანელთა რაციონი მოკლებულია. მცენარეული საკვები ასევე ღარიბია B12 ვიტამინით.
ვეგეტარიანელობის პლუსი
ბევრი თანამედროვე ვეგეტარიანელი ასეთი რაციონით არა - ჰუმანურობის გამო, არამედ იმიტომ იკვებება, რომ საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. რაღაცაში ნამდვილად მართლები არიან. ვეგეტარიანელთა შორის გაცილებით ცოტას აწუხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტონია, დიაბეტი. პრაქტიკულად არ აღენიშნებათ კენჭოვანი დაავადებები.
ხილი და ბოსტნეული, რომელთაც ვეგეტარიანელები უხვად მიირთმევენ, მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, რომლებიც იმუნურ სისტემას აძლიერებს და კიბოს პროფილაქტიკური საშუალებებია.
გარდა ამისა, მცენარეული საკვები შეიცავს ფიტონციდებს, რომლებიც კუჭში ლპობის პროცესს აფერხებს, ნაწლავების ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს, არ შეიცავს ქოლესტერინს და უფრო მეტიც, ორგანიზმიდან გამოდენის კიდეც.
ბურღულეული მდიდარია მცენარეული ცილით, კვებით, ბოჭკოებით, B ჯგუფის ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით. ქერი და შვრია სისხლში ქოლესტერინის დონეს აქვეითებს, რაც ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია.
ხორცეულის სიკეთე და სიავე
რა არის ცუდი ხორცეულში, რომელზეც ვეგეტარიანელები უარს ამბობენ? ცხიმიანი ხორცი დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს, რომლის ჭარბი მოხმარებაც მიოკარდის ინფარქტისა და ათეროსკლეროზის განვითარების რისკს ზრდის. გარდა ამისა, სანამ ხორცის კერძი სუფრაზე მოხვდება, ის უამრავ დამუშავებას განიცდის, რაც ჯანმრთელობისთვის არცთუ სასარგებლოა.
თუმცა, უარს ამბობენ რა ვეგეტარიანელები ხორცეულზე, რისკავენ, განუვითარდეთ რკინადეფიციტური ანემია. რკინა ხომ ყველაზე უკეთ სწორედ ცხოველური წარმოშობის საკვებიდან შეითვისება.
თევზეულის გამორიცხვით ორგანიზმს კარგად შეთვისებად ცილებს, ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, ასევე ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს აკლებენ, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ჰიპერტონიის პროფილაქტიკაში.
ვეგეტარიანელების უმრავლესობას წონის პრობლემა არ აწუხებს, თუმცა რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის მომატება გამორიცხული არ არის, რადგან ისინი თხილეულს, თაფლს, პარკოსნებს გემრიელად მიირთმევენ, რომლებიც საკმაოდ კალორიულია.
მართალია, რაციონი ეს თითოეული ადამიანის პირადი საქმეა. კამათი იმაზე, მივირთვათ თუ არა ხროცი, დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა არჩევანი თავად უნდა გავაკეთოთ, ყველა პლუსისა და მინუსის აწონ-დაწონვით.
ნუ აქცევთ შვილებს ვეგეტარიანელებად - მედიკოსების მოწოდება
ვეიცარიელი ბავშვები მასობრივად იტანჯებიან ავიტამინოზისა და დისტროფიისგან. შვეიცარიელმა ექიმებმა განგაშის ზარი შემოჰკრეს: ბავშვებს სულ უფრო ხშირად უსვამენ ავიტამინოზისა და დისტროფიის დიაგნოზს. ძირითადად ბავშვებს ვიტამინი В12 აკლიათ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის, ტვინის განვითარებისთვის, სისხლის განვითარების პროცესისთვის. სიტუაციამ იმდენად კრიტიკულ მასშტაბებს მიაღწია, რომ ჯანდაცვის უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება, მშობლებს მიმართონ და დაიცვან ბავშვები "დიეტებისგან". სპეციალისტები კიდევ ერთხელ იმეორებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ის ვიტამინები, მიკროელემენტები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს ხორცი, რძის პროდუქტები, თევზი. თუ ბავშვები არ იღებენ მრავალფეროვან, დაბალანსებულ საკვებს, სხვადასხვა დაავადებისა და პათოლოგიების განვითარების რისკი მკვეთრად მატულობს.
შვეიცარიაში ძალიან პოპულარულია ვეგანიზმი – ვეგეტარიანელობის მკაცრი ფორმა. მისი მიმდევრები სრულიად უარს ამბობენ ისეთი საკვების მიღებაზე, როგორიცაა რძე, კვერცხი, თაფლი, ხორცი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში შვეიცარიაში 4-ჯერ მოიმატა ვეგანიზმის მიმდევართა რიცხვმა. მშობლები, რომლებიც ამ პრინციპებს აღიარებენ, რასაკვირველია, შვილებსაც ასე კვებავენ და მკვეთრად იმატა ბავშვებში საშიშმა დაავადებებმა.