ოჯახი ბავშვისთვის ყველაზე უსაფრთხო და საყვარელი ადგილი უნდა იყოს, სადაც მხარდაჭერასა და დახმარებას ელის. მაგრამ ზოგჯერ ოჯახი ტავად იქცევა ბავშვისთვის ტვირთად. ასეთ ოჯახს ფსიქოლოგები "ნარცისულ ოჯახებს" უწოდებენ. ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი დარეჯან თოლორდავა წერს, რას ნიშნავს ასეთი ოჯახი და რით აზიანებს ის ბავშვის ფსიქიკას.
"ეს არის ე.წ „ფასადური ოჯახები“,სადაც მშობლები შვილებს შეუსაბამო/ შეუძლებელ მოთხოვნებს უყენებენ. სადაც "ხალხი რას იტყვის" ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც ადამიანებთან შინაგანად ხდება. მაგ: „ჩვენ ჩიხლაძეები ასე არ ვიქცევით “. ოჯახურ სისტემაში ბავშვის მიმართ არის თავსმოხვეული, დაკისრებული როლები და ისიც იძულებულია მას მხარი დაუჭიროს, იყოს ერთგული და პირნათლად შეასრულოს ეს როლი.
ზოგჯერ ამ წესების და დაკისრებული როლების ილუზიას მხოლოდ ერთი მშობელი ქმნის. ბავშვს მეორე მშობლის დაყრდნობაც არ შეუძლია, რადგან მეორე მშობელი სხვადასხვა გზით იწყებს თავდაცვას: ავადმყოფობით, თამაშით, ალკოჰოლიზმით ან გარბის. იდეალური ოჯახის სურათს უარყოფის გამოცდილება უერთდება. ბავშვს მხოლოდ მაშინ შეუძლია თავი საჭიროდ იგრძნოს, თუ სასურველ ქცევას გამოავლენს. არასასურველ ქცევას კი მშობელი პასუხობს სიცივით, აგრესიით, წყენით, რასაც ძალიან მტკივნეულად იტანს.
თუ დედას ბავშვის მამასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა ან მისი ცხოვრება გაუარესდა, უჭირს ბავშვის, როგორიც არის ისეთის, შეყვარება. მამა შეიძლება იყოს განცალკევებული, სხვაგან გაქცეული: კარიერაში, გატაცებებში, ავადმყოფობაში, ალკოჰოლში სხვადასხვა ადდიქციებში. ან ბავშვის მიმართ დღესასწაულივით იშვიათად იჩენდეს სითბოს. ბავშვს დასკვნა გამოაქვს, რომ მასზე უარს ამბობენ, რომ ის ნაკლოვანია ან არასაკმარისად კარგი.
ზოგჯერ პირიქითაც ხდება - სიყვარული არის ტოქსიკური. დედისთვის შვილი ხდება „მისთვის იდეალური პარტნიორი“. ფოტო წარწერით "ჩემი საყვარელი კაცი" , („როცა შენს იდეალურ მამაკაცს შენ თვითონ ქმნი “ ბავშვის სახით, კომპენსატორულად) ბავშვი უყვართ, მაგრამ არა ის, არამედ თავიანთი შექმნილი ილუზია. ნარცისული თვისებები შეიძლება განვითარდეს, როგორც თავდაცვა: დროში გაწელილი განქორწინება, მშობლების ხანგრძლივი არყოფნა, ერთ-ერთი მშობლის ავადმყოფობა ან სისუსტე, თავად ბავშვის ხანგრძლივი ავადმყოფობა.
ნარცისული დინამიკის საინტერესო ხედვაა მარტა ვოლფენშტეინის სტატიაში („ტრიუმფალური მორალის გაჩენა“ 1951). მან აღწერა, რომ 1950-იან წლებში რთულ პერიოდ გავლილ ლიბერალურ/ ინტელექტუალური მშობლები შთააგონებდნენ შვილებს, რომ ცხოვრებაში თუ არ მიაღწევდნენ სრულ ტრიუმფს, მათ ცუდად უნდა ეგრძნოთ თავი.
ადამიანები, რომელთა არჩევანის თავისუფლება სასტიკად შეიზღუდა რაიმე სახის კატასტროფების შედეგად (ომი ან დევნა), განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან ისეთი სახის გზავნილებისკენ , რომ მათმა შვილებმა უნდა იცხოვრონ ისე, თვითონ რომ არასდროს ჰქონიათ. ყველაზე მძიმე შემთხვევები ჰოლოკოსტის მსხვერპლთა შვილებთან იყო. როგორც წესი, ტრავმირებული მშობლების ბავშვები იზრდებიან არამკაფიო იდენტობებით და ბუნდოვანი სირცხვილისა და სიცარიელის გრძნობით. განსაკუთრებით დესტრუქციული გზავნილია: „ჩემგან განსხვავებით, შენ ყველაფერი გაქვს“, (ყველაფრის ქონა არავის არ შეუძლია, თითოეული თაობა თავისი შეზღუდვების წინაშე დგება). ასეთი არარეალური მიზნის მემკვიდრეობით მიღება თვითპატივისცემას ასახიჩრებს. ზრდასრულ ასაკში ეს ადამიანები ირჩევენ გარკვეული სახის ადამიანებს და მათთან ცდილობენ დაასრულონ აღიარების მოთხოვნილება, დაამტკიცონ, რომ „მე ვარ ღირსი“.
ამრიგად, ნარცისული ტრავმა (H. Kohut, 1971) ბავშვისთვის არის: მნიშვნელოვანი ზრდასრული ადამიანის დაკარგვა ან მის მიმართ სრული იმედგაცრუება, ან-მისი ემოციური მდგომარეობის ,მშობლებისთვის მიუწვდომლობისა და უმნიშვნელობის უეცარი გაცნობიერება."