ფრანგი მსახიობი ჟულიეტ ბინოში 9 მარტს 60 წლის გახდა. დღეს ის მსოფლიოს ვარსკვლავია, საუკეთესო რეჟისორების მუზა და უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი. დღესაც მოთხოვნადი მსახიობია და სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა ახალი ფილმი მისი მონაწილეობით - "სიყვარულის რეცეპტი", რომელიც წარმატებით გადის კინოეკრანებზე.
ჟულიეტი 1964 წლის 9 მარტს დაიბადა პარიზში. მამა მოქანდაკე და რეჟისორი ჰყავდა, დედა - მსახიობი და ლიტერატურის მასწავლებელი, სკოლის თეატრს უთმობდა დიდ დროს.
ჟულიეტი 4 წლის იყო, როცა მშობლები გაიყარნენ. მამა სამხრეთ აფრიკაში გადაბარგდა, დედას კი საკუთარი შემოქმედებითი ამბიციები მეტად აღელვებდა, ვიდრე ბავშვების აღზრდა. ამიტომ ჟულიეტი და მისი დაიკო მარიონი სკოლა-ინტერნატში მიაბარა. მთელ სასწავლო წელს იქ ატარებდნენ, არდადეგებზე კი დედის მშობლებთან ჩადიოდნენ. მშობლების არყოფნამ გოგონაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდენა, ადრე გაიზარდა და როგორც თავად ყვება ხოლმე, ძალიან ადრე გახდა დამოუკიდებელი.
მსახიობობის ინტერესი მოზარდობიდან გაუჩნდა. სასკოლო სპექტაკლებში მონაწილეობდა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი დრამატული ხელოვნების ნაციონალურ კონსერვატორიაში ჩააბარა. თუმცა სწავლის პროცესი დიდად არ მოეწონა და გადაწყვიტა, კინოკარიერისთვის მიეხედა.
თავიდან არავის სურდა დამწყები მსახიობის შემჩნევა. ერთხელ მხოლოდ იმიტომ უთხრეს უარი, რომ კასტინგის რიგში მდგომმა დერეფანში იმ ფილმის პლაკატს შეხედა, რომელიც თურმე რეჟისორს არ მოსწონდა. როლების ლოდინში სუპერმარკეტში სალაროში მუშაობდა და მოგვიანებით ხუმრობდა კიდეც, რომ იქაც შეეძლო დიდი კარიერის აწყობა.
თუმცა რაღაც პერიოდი რომ გავიდა, ჟულიეტი თვით ჟან-ლუკ გოდარმა შენიშნა, იმ დროს უკვე ცნობილმა რეჟისორმა. მართალია, მაწაწინა როლში გადაიღო, თუმცა დიდი რეჟისორის ფილმში გამოჩენა უკვე იძლეოდა შესაძლებლობას, რომ მისთვის ყურადღება მიექციათ.
პირველი მთავარი როლი ითამაშა ანდრე ტეშინეს "პაემანი". პროექტმა დიდი ფურორი მოახდინა კანის კინოფესტივალზე, ჟულიეტზე კი ყველა ალაპარაკდა. ნელ-ნელა გამოჩნდა დიდი პროიექტები, ერთმანეთს ცვლიდნენ დიდი რეჟისორები და ჟულიეტი ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. განსაკუთრებით მას მერე, რაც "ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეში" ითამაშა და "ოსკარსა" და "ოქროს გლობუსზე" წარადგინეს.
ევროპულ კინოსთან ერთად, ჰოლივუდური პროექტებიც გამოჩნდა და დღეს ჟულიეტი ერთ-ერთი ის მსახიობია, რომელიც მეგავარსკვლავად იქცა როგორც ევროპაში, ისე ჰოლივუდში.
ახალგაზრდობაში ჟულიეტს რომანი ჰქონდა რეჟისორ ლეო კარაქსთან, რომლის ყველაზე გახმაურებული ფილმი ჟულიეტის მონაწილეობით არის "ახალი ხიდის საყვარლები". მათი ურთიერთობა მძიმე იყო საკმაოდ, მამაკაცს სულ მისი გაკონტროლება სურდა და საბოლოოდ დაშორდნენ. შემდეგ მცირე ხანს რეჟისორ ანდრეი კონჩალოვსკის ხვდებოდა.
1993 წელს მსახიობმა ვაჟი გააჩინა - რაფაელი, რომლის მამაც აკვალანგისტი ანდრე ალეა. მასაც მალე დაშორდა და კოლეგასთან, ოლივიე მარტინესთან გააბა რომანი. თუმცა მარტინესს მუდმივად შურდა ბინოშის წარმატების და ეს ურთიერთობაც მალე შეწყდა.
"საუკუნის შვილების" გადაღებაზე კიდევ ერთ კოლეგას - ბენუა მაჟიმელს გაუმიჯნურდა, რომელიც მასზე 10 წლით უმცროსი იყო. თუმცა ასაკობრივ სხვაობას არ შეუშლია ხელი, საერთო შვილი - ჰანა გასჩენოდათ და მისთვის ბენუა შესანიშნავ მამად იქცა. თუმცაღა ეს ურთიერთობაც არ იყო დიდხნიანი - 4 წელიწადში ერთმანეთს დაშორდნენ.
ამ ეტაპზე ჟულიეტს არ აქვს აფიშირებული პირადი ცხოვრება. თავისუფალ დროს შვილებს უთმობს ძირითადად, ქველმოქმედებით არის დაკავებული და კამბოჯელ ბავშვებზე ზრუნავს, ძალიან უყვარს ხატვა და აქტიურად ხატავს.