არის შემთხვევები, როდესაც მშობლები მაღალ ტემპერატურასთან საბრძოლველად ბავშვებში ასპირინს იყენებენ, რასაც სამედიცინო საზოგადოება მკაცრად ეწინააღმდეგება და იმ შესაძლო გართულებებსა და რისკებზე საუბრობს, რომლებიც შესაძლოა, აღნიშნული მედიკამენტის მიღებას მოჰყვეს. პედიატრიული პრივატ-კლინიკის პედიატრი, ევროპის რესპირაციული საზოგადოების წევრი ნანა ნარეკლიშვილი გვესაუბრება, რა საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას ასპირინის გამოყენება, რომელი მედიკამენტები არ უნდა გამოვიყენოთ კიდევ ამ ასაკში და შეუძლია თუ არა დაკონსერვებულ პროდუქციას, რომლის მომზადებისასაც ასპირინს იყენებენ, ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს:
- ასპირინი საკმაოდ საყურადღებო პრეპარატია, რომელიც არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ მოხუცების შემთხვევაშიც ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ. თუმცა, ბავშვებში, განსაკუთრებით კი 3 წლამდე ასაკში, ასპირინის გამოყენება დიდ რისკს შეიცავს და საერთოდ არ უნდა მიიღონ. 3 წლის შემდეგაც, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობს, თავი უნდა შევიკავოთ გამოყენებისაგან. იმის გამო, რომ სხვადასხვა ვირუსულ ინფექციასთან ერთად, გრიპის ვირუსი, A ჯგუფის, ჰონგ-კონგის ტიპის ვირუსი გავრცელდა, რომელიც საკმაოდ მაღალ ცხელებას იწვევს და 40 გრადუსამდე სიცხეები 5-7 დღე ან მეტი გრძელდება, ასეთ დროს ტემპერატურა ანტიპირეტიულ საშუალებებს, იმას, რასაც ჩვეულებრივ ვიყენებთ, იბუპროფენსა და აცეტამინოფენს, ძნელად ემორჩილება. ზოგიერთმა მშობელმა არ იცის, რომ ტემპერატურა 39 გრადუსიდან უნდა დავწიოთ და სულ ცდილობენ, 37-ნახევარზეც კი ანტიპირეტიული საშუალებები გამოიყენონ. ამიტომ, თვითნებურად გადაწყვეტენ ხოლმე, რომ ასპირინი გამოიყენონ. ჭეშმარიტად სარწმუნო კვლევებით დადასტურებულია, რომ ასპირინი არც ისე უსაფრთხო პრეპარატია. შეიძლება გამოიწვიოს ისეთი რთული სინდრომი, როგორიც რეის სინდრომი გახლავთ. ეს სინდრომი საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობით ხასიათდება. კერძოდ, შესაძლოა, დააზიანოს ცენტრალური ნერვული სისტემა, ჰეპატობილიარული სისტემა, იმოქმედოს ღვიძლზე, გამოიწვიოს თავის ტვინის შეშუპება, კრუნჩხვები, კიდურების პარეზები და მდგომარეობა თანდათან დამძიმდეს. 3 წლამდე ასაკში კი ეს განსაკუთრებით საშიში და საყურადღებოა. რეის სინდრომის განვითარების განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ იმყოფებიან ის ბავშვები, რომლებიც ხშირად ავადობენ და იმუნოდეფიციტური მდგომარეობა აქვთ. თუმცა ამ საკითხსაც სწორი დეფინიცია სჭირდება: ხშირად მოავადე ბავშვი არ ნიშნავს იმას, რომ თუნდაც წელიწადში 7-8-ჯერ ავადობდეს. ეს მდგომარეობა დამატებითი კვლევებით უნდა განისაზღვროს. ასევე, რეის სინდრომის განვითარების მაღალი რისკი აქვთ ბავშვებს, რომლებმაც ჩუტყვავილა გადაიტანეს, რომლის გამომწვევიც ჰერპეს ვირუსია, ასევე მეტაბოლური დარღვევები. თუმცა, ბოლომდე, რა ხდება ბავშვებში რეის სინდრომის განვითარების ზუსტი მიზეზი, უცნობია. როგორც აღვნიშნე, ბავშვთა ასაკში რეის სინდრომის სიმპტომები საკმაოდ სერიოზულია. შედარებით მოზრდილ ასაკში გაღიზიანება, აგრესიულობა, ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია ახასიათებს. ასევე ცნობიერების დაქვეითებაა გამოხატული. მსგავსი სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია, რომ ექიმს მივმართოთ. 2 წლამდე ასაკში კი შეიძლება პირველი ნიშანი იყოს დიარეა, სუნთქვის გახშირება, გაძნელება, შეუპოვარი ღებინება და შემდეგ უკვე ეს სიმპტომები პროგრესირებს. როგორც აღვნიშნე, რეის სინდრომი შესაძლოა, ასპირინის მიღების შემდეგ გამოვლინდეს. უხშირესად, დაახლოებით, მიღებიდან 3-4 დღის შემდეგ ვლინდება. ძალიან ბევრ ქვეყანაში არა მხოლოდ ბავშვებში, მოხუცების შემთხვევაშიც ამოღებულია ეს სიმპტომები. აუცილებლობის შემთხვევაში, სპეციალური სქემებია შედგენილი, როგორ უნდა მიიღონ 60 წლის შემდეგ აღნიშნული პრეპარატი.
- დიახ, მაგალითად, ციტრამონს არც ერთი პედიატრი არ იყენებს ბავშვთა ასაკში. როგორც აღვნიშნე, ხშირად ეს დედების მიერ თვითნებური მკურნალობაა, რადგანაც მაღალი სიცხის ეშინიათ. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვი ვირუსებს ტემპერატურული რეაქციით ებრძვის. ამ ფონზე იღუპებიან გამომწვევი ვირუსები და აქედან გამომდინარე, დაავადებაც ხანმოკლე იქნება. ასევე, მშობლებს კატეგორიულად ვუხსნი ხოლმე, რომ ბავშვთა ასაკში არ გამოიყენონ ანალგინი. თუმცა, საბედნიეროდ, როგორც წესი, მათ ეს უკვე კარგად იციან და საჭიროების შემთხვევაში, აცეტამინოფენსა და იბუპროფენს იყენებენ. მაგრამ, გადაჭარბებული რაოდენობით არც ერთის მიღება არ შეიძლება. ნებისმიერ მათგანს აქვს ანოტაცია, რომელზეც ასაკების მიხედვით ზუსტი დოზებია მითითებული და აუცილებლად უნდა გადაამოწმონ, თუ პედიატრს მითითება გამორჩება.
- როგორც ჩემთვის ცნობილია, არ არსებობს კვლევები, რომელიც დაადასტურებს, რომ ბავშვებში მსგავს შემთხვევაშიც გამოვლინდა რეის სინდრომი, მაგრამ ამ ასაკობრივ კატეგორიაში დაკონსერვებულ პროდუქტებს ისედაც არ ვუწევთ რეკომენდაციას, განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. უმჯობესია, რომ ბავშვმა მსგავსი წესით მომზადებული საკვები, რომელიც, ასპირინსაც შეიცავს, არ მიიღოს.
თამარ იაკობაშვილი