22 წლის ჯანო ჯიქიას ოჯახი უკვე მე-3 თვეა, ეძებს. ბიძის, გიორგი შამათავას, ინფორმაციით, იგი 24 ოქტომბერს, საღამოს სახლიდან გავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. პოლიციას თვითმკვლელობის ვერსია აქვს, თუმცა ამ დრომდე ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა. ოჯახი კი ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს. გიორგი შამათავა გვიყვება:
- ფოთში, ზღვასთან ახლოს ვცხოვრობთ. გემების კამერით დაფიქსირებულია, რომ ზღვისკენ მიდის, თუმცა არ ჩანს, ჩადის თუ არა წყალში. პოლიციამ რომ ნახა, ბიჭი ზღვისკენ მიდიოდა, ჩათვალეს, რომ მან თავი მოიკლა და საქმე შესაბამისი მუხლით აღძრეს. 1 თვის განმავლობაში ზღვაში ეძებდნენ, მაგრამ ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინეს. წყალი და ზღვა არ უყვარდა და ზაფხულშიც კი არ შედიოდა, ეშინოდა. ამიტომ, ამ ვერსიას გამოვრიცხავთ. ვერც ის ქურთუკი, ბათინკები, ქუდი, სხვა სამოსი აღმოაჩინეს სადმე, რაც იმ დღეს ეცვა. ჰაიმორიტი ჰქონდა და ძლიერი თავის ტკივილი აწუხებდა, რაზეც მკურნალობდა და ვიდრე დაიკარგებოდა, უახლოეს დღეებში თურქეთის კლინიკაში ვაპირებდით წასვლას. სხვა რაიმე ტიპის ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი ძალებით ვეძებთ. ამ დროის განმავლობაში უამრავი ინფორმაცია შემოვიდა, თითქოს ვიღაცამ ნახა. მივდიოდით და სრულიად სხვა ვინმე გვხვდებოდა, რაც ძალიან რთული იყო. მაგალითად, 3 დღის წინ ზესტაფონიდან დაგვირეკეს, გვითხრეს, ჩვენს სახლში იყოო, მივედით და საერთოდ სხვა ვინმე დაგვხვდა. არ ვიცით, რა მოხდა. ჩვენი ვერსიაა, რომ თავის ძლიერი ტკივილის ფონზე მეხსიერების პრობლემა შეექმნა, დაკარგა დროის შეგრძნება და გზა აერია. სავარაუდოდ, წავიდა ზღვისკენ, რომ ზედმეტი შეკითხვა არავის დაესვა. ჩვეულებრივ მუშაობდა, სწავლობდა და ძალიან მოწესრიგებული იყო. ჩემი და მასწავლებელია, ბავშვებს ამზადებდა, საღამოს ნათესავთან უნდა წასულიყვნენ, ვიდრე გამოვიდოდა, ბავშვი აღარსად ჩანდა. არც საათი ჰქონდა თან, არც ტელეფონი და არც საფულე. დედა განსაკუთრებით უყვარდა და არასდროს უმალავდა რამეს. ძალიან მშრომელი იყო, არ თამაშობდა, არც ეწეოდა და თვითმკვლელობის ვერსიას გამოვრიცხავთ. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ის ზღვაში არ შევიდოდა. გვქონდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ მთელი საქართველოს მასშტაბით ძებნა გამოაცხადა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რამდენიმე განყოფილებამ საერთოდ არ იცოდა ეს ამბავი. ბიჭის შემთხვევაში, რომელიც სწავლობდა, გეგმებს აწყობდა, არანაირად არ ჰქონია არაადეკვატური ქცევა, არ იყო მწეველი, არც რაიმეზე დამოკიდებული, ჩემთვის არ არის საკმარისი არგუმენტი, რომ მან თავი მოიკლა. მაშინ, კვალი სადმე ხომ უნდა აღმოეჩინათ? ძალიან მინდა ადამიანებს ვთხოვო, რომ მაქსიმალურად დაგვეხმარონ ამ ინფორმაციის გავრცელებაში.
თუ ჯანო ჯიქიას სადმე აღმოაჩენთ, ან რაიმე ტიპის ინფორმაცია გექნებათ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბიძას, გიორგი შამათავას მითითებულ ნომრებზე, ან აცნობოთ პოლიციას:
551 08 77 17
555 69 53 54