როდის შეიძლება ბიჭი გახდეს მამა? მეცნიერები თვლიან, რომ 12-13 წლის ასაკში ეს სავსებით შესაძლებელია. პრაქტიკა ადასტურებს მათ თეორიას.
შონ სტიუარტი 1998 წელს დასახელდა გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ახალგაზრდა მამად. ჩასახვის დროს შონი 11 წლის იყო. მისი შვილის, ბენის დედა კი მისი მეზობელი 15 წლის ემა ვებსტერი გახლდათ.
შონს ბედფორდში მარტოხელა დედა ზრდიდა, რომელსაც შვიდი შვილი სამ სხვადასხვა მამაკაცთან შეეძინა. შონი მეზობელ გოგონას ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხვდებოდა. შეყვარებულის მშობიარობის შემდეგ შონმა Daily Mail-ს განუცხადა: ”იმედი მაქვს, მე და ემა რაც შეიძლება დიდხანს დავრჩებით ახლო მეგობრებად. ყოველ დილით სკოლაში წასვლამდე ხვდებით ერთმანეთს და ავტობუსიტან ერტად ვმგზავრობთ. ამ დროისთვის ყველაფერი კარგადაა და ცუდი არაფერი მომხდარა“.
მაგრამ ბიჭს დიდხანს არ დასცალდა შვილის აღზრდაში მონაწილეობა. მალე მას პოლიციასთან პრობლემები შეექმნა. რამდენჯერმე მოხვდა ციხეში. ემა კი გათხოვდა და ქალაქიდა წავიდა. შონმა თავისი ამბავი, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ბრიტანელი მამის, უკვე ციხეში ჯდომისას გაზეთში წაიკითხა.
2009 წელს 13 წლის ბრიტანელი ალფი პატენი დაასახელეს ყველაზე ახალგაზრდა მამად. ითვლებოდა, რომ მას ბავშვი 12 წლის ასაკში შეეძინა 14 წლის შეყვარებულთან, შანტელ სტედმანთან რომანის შემდეგ. ახალგაზრდა მშობლებზე ამბავი მაშინ გახმაურდა, როცა გოგონას ქალიშვილი ეყოლა, სოციალურ ქსელებში ალფი მამად გამოაცხადეს. მედია ახალგაზრდა შეყვარებულების ამბავს განიხილავდა. ბავშვს მეისი დაარქვეს. ახალგაზრდა მამამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ რა ბედნიერი იყო ქალიშვილზე და დედაზე ზრუნვით. მსოფლიო მედიაში გავრცელდა ბიჭის ფოტოსესია ჩვილით ხელში. გინესის რეკორდების წიგნში ამ მიღწევის რეგისტრაციის პროცედურა დაიწყო.
მაგრამ გაზეთების რედაქციებში ზარები შემოდიოდა შანტელის სხვა შეყვარებულებისგან, რომლებმაც განაცხადეს, რომ იმავე პერიოდში მათაც ჰქონდათ ურთიერთობა გოგონასთან. შედეგად, დნმ-ის ტესტმა აჩვენა, რომ მამა საერთოდ არ იყო ალფი, ნამდვილი მამა პატენზე ცოტა უფროსი ასაკის აღმოჩნდა. ტეილერ ბეკერი მაშინ 14 წლის იყო - სწორედ ის აღმოჩნდა ბავშვის ბიოლოგიური მამა.
„გიჟური დრო იყო. ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის, რომ გამეგო, რა შედეგები მოჰყვებოდა მამობას, მაგრამ მომწონდა პატარა მეისის ხელში ჭერა და მაშინვე შემიყვარდა იგი. იმდენი ყურადღება, რომელიც მე ხალხისგან მივიღე, სიგიჟე იყო. ყველგან, სადაც მივდიოდი, ხალხმა იცოდა ვინ ვიყავი. კვირების განმავლობაში სახლიდან გასვლას ვერ ვახერხებდი. დასვენება მჭირდებოდა“, - თქვა მოგვიანებით ალფიმ.
ექვსი კვირის შემდეგ სიმართლე გაირკვა. შანტელი ოჯახთან ერთად გადასახლდა და ბავშვიც წაიყვანა. ალფი აცხადებდა, რომ ბავშვთან განშორების ძალიან განიცდიდა.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალფი ალკოჰოლს ბოროტად იყენებდა. 2021 წლის მარტში კი ის და დედამისი ნარკოტიკების შენახვაში ეჭვმიტანილობის გამო სახლიდან გამოასახლეს. უფრო მოგვიანებით, 25 წლის ახალგაზრდამ აღიარა, რომ მამობის ამბავმა ცხოვრება დაუნგრია.
ამერიკელი მოზარდი კრის მაკბრაიდი 11 წლის ასაკში გახდა მამა. მისი შვილის დედა კრისის 22 წლის ძიძა იყო. ქალმა მისგან ვაჟი 2014 წლის შემოდგომაზე გააჩინა. იმის აღიარება, რაც მშობლების სახლში არყოფნისას მოხდა, ბიჭმა მხოლოდ სამი წლის შემდეგ შეძლო. როდესაც კრისის დედამ შეიტყო მომხდარის შესახებ, პოლიციას მიმართა. ყოფილ ძიძას, მარისა მოურის, დაკავების დროს უკვე ჰყავდა სამი შვილი, რომელთაგან ერთის მამა ახალგაზრდა კრისი აღმოჩნდა, დნმ-ის ტესტმა მამობა დაადასტურა. ქალი 2017 წელს დააკავეს და ბრალი სექსუალურ ძალადობაში წაუყენეს. თავდაპირველად, მოური ამტკიცებდა, რომ ბიჭმა აიძულა, მაგრამ სატელეფონო ჩანაწერებმა უარყო მისი არგუმენტი. 2019 წელს მაურის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ახალგაზრდა მამამ შვილი არ მიატოვა და მეურვეობა იკისრა. ბიჭის დედის, ნადინ კემპბელის თქმით, ბავშვზე ძირითადად, სწორედ კრისი ზრუნავდა. ის ბევრჯერ უარს ამბობდა გოგონებთან პაემნებსა და მეგბრებთან გართობაზე, რადგან დაკავებული იყო შვილის აღზრდით, რომელიც განაჩენის გამოტანისას უკვე 5 წლის გახდა. 17 წლის მოზარდს შვილი ყოველდღე დაჰყავდა მოსამზადებლ სკოლაში, თვითონ კი საშუალო სკოლაში დადიოდა. "შვილს არ გაუნადგურებია კრისის ცხოვრება, მაგრამ ძალიან შეცვალა ის. ჩემი შვილი ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარ მამაა, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ,” - განუცხადა დედამ Tampa Bay Times-ს. ”
2020 წელს ახალგაზრდა მამის ცხოვრებაზე გადაიღეს სატელევიზიო სიუჟეტი გადაიღეს, სადაც მისმა ვაჟმა ბენტლიმ კრისს "საუკეთესო მამა" უწოდა.
ამ ახალგაზრდის სახელი გასაიდუმლოებულია, რადგან მისი ამბავი არა მხოლოდ სასამართლო პროცესის დასაწყისი, არამედ ქვეყანაში კანონის შეცვლის მიზეზი გახდა. 2013 წელს ცნობილი გახდა, რომ 11 წლის ბიჭი 36 წლის ქალის შვილის მამა გახდა. ბიჭი კლასელთან მივიდა, სადაც მეგობრის დედამ მას სასმელი შესთავაზა და დაათრო. ეს ვიზიტები რამდენიმე თვე გაგრძელდა. მაგრამ მოგვიანებით ბიჭმა სკოლის დირექტორს ყველაფერი უამბო.
ინფორმაცია სამართალდამცავებმა გადაამოწმეს. მთავარი მტკიცებულება ქალის ორსულობა და დნმ-ის ტესტი იყო. იუსტიციის მინისტრის, ჯუდიტ კოლინზის განცხადებით, ქვეყნის კანონმდებლობა შეუძლებელს ხდიდა გაუპატიურებაში ქალის დადანაშაულებას . „მოქმედი კანონი ამბობს, რომ მხოლოდ მამაკაცს შეიძლება დაბრალდეს გაუპატიურება, როცა ის სექსს აიძულებს ქალს. ქალები, რომლებსაც აქვთ სექსი თანხმობის გარეშე, შეიძლება დაადანაშაულონ მხოლოდ სექსუალურ შევიწროებაში “, - აცხადებდა კოლინზი.
ამ ინციდენტის შემდეგ კანონი შეიცვალა და ახლა ახალ ზელანდიაში ქალებს არასრულწლოვან ვაჟთან სექსის გამო პატიმრობა ემუქრებათ.
ვიკიპედია იუწყება, რომ 2001 წელს ყველაზე ახალგაზრდა მამა ილინოისში ცხოვრობდა და 10 წლის იყო. ასევე, წიგნში „ადამიანის ქცევა და სოციალური გარემო“ მოყვანილია მონაცემები 9 წლის ბიჭის მამობის შესახებ. დოკუმენტების მიხედვით, ახალგაზრდა ჩინელი ბავშვები: 9 წლის ბიჭი და 8 წლის გოგონა მშობლები გახდნენ 1910 წელს. ამ ბოლო მონაცემის გადამოწმება თითქმის შეუძლებელია. ჩინურ წყაროებში ეს შემთხვევა არ არის ნახსენები და მაშინ დნმ-ის ტესტები არ არსებობდა.