რომელ მშობელსაც არ უნდა ჰკითხო, ყველა დაგეთანხმება, რომ ზედმეტი მზრუნველობა და ყველაფრისგან გადაჭარბებული დაცვა ყველა ბავშვისთვის ცუდია. თუმცა თითქმის ვერავინ გრძნობს, რომ თავადაც ასეთი მშობელია.
ჰიპერმზრუნველობამ იმხელა პრობლემები გამოიწვია თანამედროვე საზოგადოებაში, რომ ევროპასა და ამერიკაში კანონის შეცვლაზეც კი მუშაოვენ. ამ ინიციატივის მიზანია განასხვავოს ბავშვის მიმართ ცნებები „უყურადღებობა“ და „დამოუკიდებლობა“. ის თავისუფლება, რაც დღევანდელ მშობლებს ბავშვობაში ჰქონდათ, მათი შვილებისთვის მიუწვდომელია.
ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა ჰიპერმზრუნველი მშობლების რამდენიმე ტიპი გამოჰყვეს და თითოეულს თავისი სახელებიც შეუსაბამეს. ამასთანავე, გამოიკვლიეს, როგორები იზრდებიან მათი შვილები.
თაობა, რომელიც სკოლაში დამოუკიდებლად დადიოდა, სახლში მშობლებს ეხმარებოდა, ველოსიპედით მთელ უბანში დაქროდა და მთელ ზაფხულს ბებიასთან ატარებდა მონდორ-ველად გაჭრილი, მოულოდნელად გადაიქცა შვილებზე დაფეთებულ მშობლად, რომელიც ბავშვს ნაბიჯს არ გადაადგმევინებს კონტროლის გარეშე.
ჯერ კიდევ 1969 წელს, ექიმმა ჩაიმ ჯინოტმა შემოიტანა ტერმინი „ვერტმფრენის აღზრდა“, რომელიც მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ დასტრიალებდა დედა ვერტმფრენივით შვილის ცხოვრებას და არ აძლევდა მას არც სივრცეს და არც თავისუფლებას. მშობლები-ვერტმფრენები მზრუნველობითა და ყურადღებით ბოჭავენ ბავშვს, ვერ ხვდებიან, რომ ახრჩობენ, ართმევენ ინიციატივას, არჩევანს და დამოუკიდებლობას. საბავშვო ბაღში, სკოლაში, დამატებით წრეებზე და ეზოში სათამაშოდაც კი ბავშვს მშობლები დაჰყვებიან და ცდილობენ დაიცვან ისინი ყოველგვარი უხერხულობისგან, კონტაქტებისგან და თუნდაც მცირე პრობლემებისგან.
„ვერტმფრენები“ ირჩევენ, როდის და რას გააკეთებს ბავშვი, გეგმავენ მის მომავალსა და პროფესიას, მეგობრებსა და პარტნიორებს. ასეთ ოჯახებში იზრდებიან უინიციატივო ბავშვები. ზრდასრულ ასაკში ისინი დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, განიცდიან გაძლიერებულ შფოთვას და პატარა დაბრკოლებაც ჰყოფნით დეპრესიაში ჩასავარდნად. ისინი ყველაფერში მშობლებს ადანაშაულებენ და საკუთარ ცხოვრებაში წარუმატებლობის პასუხისმგებლობაც მათზე გადააქვთ.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბევრი თანამედროვე ზრდასრული ადამიანი, ვინც ბავშვობაში ჰიპერპემზრუნველობით იტანჯებოდა, ან შეგნებულად უარს ამბობს შვილების გაჩენაზე ან ძალიან დიდ დიისტანციას იცავს მათთან. ასეთ ოჯახში გაზრდილი მამაკაცები, როგორც წესი, წყვეტენ ურთიერთობას მეუღლესთან ბავშვის გაჩენის შემდეგ, რადგან მათ მოეთხოვებათ მონაწილეობა აღზრდაში და ნებისმიერი პასუხისმგებლობა მათ პანიკაში აგდებს.
აზიაში, 2011 წელს ემი ჩუას წიგნის „ვეფხვის დედის საბრძოლო ჰიმნი“ გამოქვეყნების შემდეგ, ახალი ტერმინი „ვეფხვი მშობლები“ შემოვიდა. ისინი ნებისმიერ ფასად შვილის წარმატებაზე არიან ორიენტირებულნი და ბავშვის სურვილებსა და ემოციებს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. მკაცრი რეჟიმი, სრული კონტროლი, სიყვარულის ნაკლებობა - ასეთი ბავშვობა აქვთ მათ მემკვიდრეებს. ერთადერთი გზა, რითაც ბავშვებს შეუძლიათ მშობლებისგან ქება ან სიყვარული მიიღონ, აკადემიური წარმატებაა. მშობლებთან სიახლოვისა და ემოციური კავშირის ნაკლებობა ბავშვებს ნევროზულს ხდის და დაბალი თვითშეფასებას უყალიბებს. მათ მიაჩნიათ, რომ მხოლოდ კარიერული ზრდისთვის ან უნიკალური მიღწევებისთვის შეიყვარებენ. ნებისმიერი წარუმატებლობა, კონკურსში მეორე ადგილიც კი მათთვის ტრაგედიად იქცევა. ზრდასრულობაში "ვეფხვების" შვილები ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლებად ეკონტაქტონ მშობლებს, უჭირთ პირადი ურთიერთობების დაწყება და იტანჯებიან მარტოობითა და პერფექციონიზმით.
კერლინგი სპორტული თამაშია, რომლის დროსაც მოთამაშე ყინულზე მძიმე ქვას აგორებს და გზად ცდილობს სხვა მოთამაშეების ქვებისგან მოედანი გაათავისუფლოს. ეს ტერმინი სკანდინავიის ქვეყნებში იმ მშობლებისთვის გაჩნდა, რომლებიც მზად არიან ბავშვის ცხოვრებიდან ნებისმიერი დაბრკოლება მოაშორონ. დანიელმა ფსიქოლოგმა ბენტ ჰუგარდმა 2000 წელს თავის წიგნში „კერლინგი მშობლები და დამხმარე ბავშვები“ ჰიპერმზრუნველი დედები და მამები შეადარა ყინულის მოედანზე მოთამაშიგან ნასროლ ქვას.
ცუდ ნიშანზე ან სათამაშო მოედანზე წარმოქმნილ კონფლიქტზე მშობელი მყისიერად რეაგირებს და თავად ცდილობს ყველაფრის მოგვარებას. ამავე დროს, "კერლინგი მშობლები" უკიდურესად მომთხოვნი არიან. მათ მიერ ბავშვის ცხოვრების გზა არჩეულია და გადამოწმებულია, ყველა დაბრკოლება მოხსნილია, რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი პრობლემა აღარ უნდა წარმოიშვას. ამიტომ მათი დადგენილი წესრიგის ზედმიწევნით დაცვას ითხოვენ.
"კერლინგი მშობლების“ შვილები ხშირად ხულიგნობენ, რადგან იციან, ამის გამო პასუხს არავინ მოსთხოვთ. ისინი აბუჩად აგდებენ მათზე სუსტებსა და უმცროსებს ან მათ, ვინც იმჟამად მშობლის გარეშეა. ასეთ ბავშვებს უფროსების მიმართაც შეუძლიათ უზრდელობა ან აგრესია მოავლინონ მაშინ, როცა მშობლები გვერდით ეგულებათ. ამავდროულად, აკლიათ თავდაჯერებულობა და არ სჯერათ, რომ თავად შეუძლიათ რაღაცის მიღწევა.
ზრდასრულობაში ვერ ახერხებენ პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ ქმედებებზე - მათი ზრით, ყველაფერი დაუბრკოლებლად უნდა წარიმართოს და თუ რამე არ გამოვიდა, ეს სხვისი ბრალია. უჭირთ პასუხისმგებლობის გაცნობიერება თავიანთ ქმედებებზე, ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება. ისინი არ არიან ორიენტირებულნი შედეგების მიღწევაზე და არიან აპათიურები. ხშირად ხდებიან თამაშზე ან წამალდამოკიდებულები ან ხვდებიან სამართალდამცავების თვალთახედვის ველში, მიაჩნიათ, რომ ნებისმიერ პრობლემას ვინმე სხვა მოაგვარებს.
ჰიპერმზრუნველი მშობლების შვილებს პირობითად "ფიფქებად " მოიხსენიებენ. გადაჭარბებული მზრუნველობის სავალალო შედეგები ბევრმა ქვეყანამ იგრძნო და აღიარა. ექსპერტები განგაშს ტეხენ. ბავშვებში და მოზარდებში შფოთვითი აშლილობები იზრდება. მჯდომარე ცხოვრების წესი, რომელიც გამოწვეულია მშობლების მიერ დაწესებული შეზღუდვით, პროვოცირებს სიმსუქნის, დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. ზედმეტად დაცული ბავშვების აკადემიური მოსწრების და გონებრივი შესაძლებლობების გაუარესებაც ფიქსირდება. ექიმები კი ახალგაზრდებში ალკოჰოლისა და ნარკომანიის მკვეთრ ზრდას აცხადებენ.
სოციოლოგებისა და ფსიქოლოგების დაკვირვებით, მსოფლიოში "ფიფქების" თაობა გაიზარდა. ესენი არიან ჰიპერმგრძნობიარე ინფანტილები, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება. „ფიფქები“ სამუშაოზე კონცენტრირებას ვერ ახდენენ, მუდამ დეპრესიულები არიან, უჭირთ ადამიანებთან ურთიერთობა. მაგრამ რაც მთავარია, უბედურები არიან და ამაში მშობლებს ადანაშაულებენ.
გერმანელი ფსიქოთერაპევტი ამელი ფონ სალის-სოლიო მოუწოდებს მშობლებს, მეტი დამოუკიდებლობა მისცენ ბავშვებს - დაარწმუნონ შვილები, რომ მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ სირთულეებს.
ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია Let Grow პროპაგანდას უწევს კანონპროექტებს, რომლებიც საშუალებას აძლევს ბავშვებს დამოუკიდებლად იარონ სკოლაში და დამოუკიდებლად აკეთონ საშინაო საქმეები სოციალური სერვისების ჩარევის გარეშე. „ჩვენი კულტურა რატომღაც შეპყრობილი იყო ბავშვების სისუსტით. რა თქმა უნდა, ამ მშობლებს ბავშვის კეთილდღეობა სურთ, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ ბავშვებთან ასეთი მოპყრობა მათ მყიფეს და ადვილად მსხვრევადს ხდის“, - ამბობს ორგანიზაციის პრეზიდენტი ლეონორ სკენაზი.
მისი წიგნი, Children on Loose, გახდა ახალი მოძრაობის დასაწყისი ამერიკაში ბავშვების დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად. 2018 წელს საზოგადოებრივი აქტივისტების ძალისხმევით მიიღეს პირველი კანონპროექტი „ბავშვთა გონივრული დამოუკიდებლობა“. დღეს ის ოთხ შტატში ფუნქციონირებს, რაც მშობლებს საშუალებას აძლევს არა მარტო გაუშვან შვილები სასეირნოდ ან ველოსიპედით სასეირნონ, არამედ საპატიო და გონივრული მიზეზით, მარტოც დატოვონ სახლში მცირე ხნით და ეს დიდი ცვლილებაა, რადგან შტატების კანონები საშუალებას იძლევა 12 წლამდე ბავშვი ოჯახიდან სოციალურ ზრუნვაში გადაიყვანოს, თუ სოციალური სერვისები დააფიქსირებენ, რომ ის მშობლებმა მარტო დატოვეს, თუნდაც მცირე ხნით.