ციფრული ქსელის მაგნატმა მარკ ცუკერბერგმა თავის გამომწერებს სიხარულით აუწყა, რომ მესამე ქალიშვილის მამა გახდება. გამომწერებს ყოველთვის აინტერესებთ, როგორ ზრდის ის შვილებს? მილიარდერის რეალურ ცხოვრებაზე მსჯელობა რთულია, მაგრამ ოჯახისა და მეგობრების განცხადებების წყალობით, მისი აღზრდის ზოგიერთი პრინციპი ცნობილი გახდა.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მარკ ცუკერბერგი შვილებს მშობლების შეხედულებებით ზრდის. დიახ, აღზრდის მოდელი მან თავისი მშობლებისგან აიღო და სრული ნდობა გამოუცხადა დედ-მამამის მიდგომებს, რადგან თვლის, რომ მათ მოახერხეს წარმატებული და ბედნიერი ადამიანის აღზრდა. მიგნება, თუ როგორ გავზარდოთ ბავშვი მიზანდასახული, თავდაჯერებული და წარმატებისკენ სწრაფვის უნარით, მარკის მამას, ედვარდ ცუკერბერგს ეკუთვნის.
მარკ ცუკერბერგის მამა ფოსტალიონისა და დიასახლისის ოჯახში დაიბადა, რომლებიც ოცნებობდნენ, რომ მათი შვილი პრესტიჟულ პროფესიას დაეუფლებოდა. ამიტომ ბოლო ცენტიც მის განათლებაში ჩადეს. სკოლაში მათემატიკა და ტექნიკური საგნები უყვარდა, ოცნებობდა გამხდარიყო კომპიუტერული ეპოქის პიონერი, მაგრამ მშობლებმა მედიცინის მიმართულებით წასვლა აიძულეს. ვაჟი ვერ ბედავდა მათ დაუმორჩილებლობას. „თუ დაიბადე ებრაულ ოჯახში და ცოტა ტვინის განძრევის უნარი გაქვს, შენი მშობლები მაშინვე იწყებენ ოცნებას შენს ექიმობაზე ან სტომატოლოგის კარიერაზე“, - აღიარა ედვარდმა ინტერვიუში.
ედუარდის რჩეული, კარენი, ფსიქოლოგის კარიერაზე ოცნებობდა, მაგრამ შვილების გაჩენის შემდეგ ედვარდის დიასახლისი და მდივანი გახდა. ოფისი იმავე სახლში ჰქონდათ გახსნილი, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, ამიტომ ედვარდი დიდ დროს ატარებდა შვილებთან. მან გადაწყვიტა შვილების აღზრდისას მათი მისწრაფებები წაეხალისებინა და ნიჭის განვითარებისთვის შეეწყო ხელი. წარმოგიდგენთ ედვარდ ცუკერბერგის საგანმანათლებლო სისტემის პრინციპებს, რომლებიც მან INC-თან ინტერვიუში გამოაქვეყნა.
ერთი მხრივ დისციპლინა და ავტორიტეტი, მეორე მხრივ, ბავშვების გართობა, თამაში და დროის სახალისოდ გატარება - მშობლების ამოცანაა, სწორი ბალანსის პოვნა და საზღვრების გონივრულად დადგენა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ დრო აქვს როგორც თამაშებისთვის, ასევე შრომისთვის. მნიშვნელოვანია იყოთ ერთდროულად მკაცრიც და სამართლიანიც. ავტორიტეტმა და მშობლის ამბიციამ ხელი არ უნდა შეუშალოს აღმოჩენებითა და თავგადასავლებით სავსე ჯანსაღ ბავშვობას. მარკ ცუკერბერგს ორი ქალიშვილი ჰყავს: შვიდი წლის მაქსიმა და ხუთი წლის ავგუსტა. გოგონები ერთობლივ ფოტოებზე მშობლების მიმართ სიყვარულს ავლენენ . ისინი ხშირად გამოდიან მშობლებთან ერთად, ესწრებიან ოფიციალურ ღონისძიებებს, სადაც სამაგალითოდ იქცევიან. ბალანსი და საზღვრები სახეზეა.
„ერთ-ერთი საუკეთესო რჩევა, რაც შემიძლია მივცე, ისაა, რისიც მე და ჩემს მეუღლეს ყოველთვის გვჯეროდა. ნუ მოახვევთ თქვენს აზრს ბავშვებს და ნუ ეცდებით მათი ცხოვრების წარმართვას თქვენებური მიმართულებით. ამის ნაცვლად, აღმოაჩინეთ მათი ძლიერი მხარეები, მხარი დაუჭირეთ და განავითარეთ მათი ნიჭი და უნარი“, - თქვა უფროსმა ცუკერბერგმა.
მან ხელი შეუწყო მარკის გატაცებას კომპიუტერებით და საშუალება მისცა ევარჯიშა ძვირადღირებული საოფისე აღჭურვილობით. „მოწყენილი იყო საშინაო დავალების შესრულებებით. ასე რომ, ჩემს შვილს მივეცი საშუალება, გაეკეთებინა პრიმიტიული მყისიერი შეტყობინებების პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევდა ადამიანებს სტომატოლოგიური კაბინეტის სხვადასხვა კუთხიდან და სახლიდან კომუნიკაცია ჰქონოდათ ერთმანეთთან კომპიუტერის გამოყენებით“, - განმარტა მილიარდერის მამამ Los Angeles Times-თან ინტერვიუში. ოჯახმა ხუმრობით დაარქვა პროგრამა ZuckNet.
მარკის დედ-მამა ხარობდა შვილის მიღწევებით, აქებდნენ და ამხნევებდნენ მას. ისინი ყოველთვის დადებითად საუბრობდნენ მასზე, ხაზს უსვამდნენ მისი ბუნების ძლიერ მხარეებს და არ აკრიტიკებდნენ „სუსტების“ გამო, როგორიცაა არასოციალურობა და მორცხვობა მოზარდობის ასაკში. სოციალურ ქსელში მარკი ამაყად აღნიშნავს ქალიშვილების წარმატებებს სხვადასხვა სფეროში. მაგრამ ზომიერად აქებს მათ.
მარკის ოჯახი მიიჩნევდა, რომ სამუშაოს გარდა ყველამ დრო უნდა დაუთმოს თავის ჰობის. ამიტომ, მარკს ხელს უწყობდნენ, დაკავებულიყო იმ საქმეებით, რომლებიც არ უკავშირდებოდა სკოლას და მეცადინეობას „მჯერა, რომ ნებისმიერი უკიდურესობა ბავშვის აღზრდისას უსარგებლოა. ბავშვები მრავალმხრივად უნდა განვითარდნენ. ისინი უნდა დააინტერესო და გაართო“, - განუცხადა ექიმმა ცუკერბერგმა ჟურნალ New York-ს. სახლი, აუზი და ბაღი - გოგონების სათამაშო სივრცეა შინაპერსონალის მეთვალყურეობით. ბავშვებს ჰყავთ საყვარელი ძაღლი. მარკი ქალიშვილებთან ერთად სეირნობს, დადიან ლაშქრობაში, სადაც გოგონები კლდეებზე ცოცავენ. მშობლები მათთვის სახალისო თამაშებს იგონებენ. მაგალითად, აწყობენ რბოლას, რომელშიც ყველანი სუპერგმირების კოსტიუმებში გადაცმულები მონაწილეობდნენ.
აუცილებელია პრიორიტეტების დადგენა და ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. სახლში რაც შეიძლება მეტი დროის გატარება ამ ბალანსს შეგინარჩუნებთ. „ჩვენი შემთხვევა უნიკალური იყო, რადგან ოფისი ჩვენი სახლის შენობაში იყო განთავსებული. ყველას ვურჩევ ამას, თუ პროფესია საშუალებას იძლევა. ეს შესაძლებელს ხდის ბავშვებთან დიდი დროის გატარებას“, - განმარტა ცუკერბერგმა უფროსმა.
ცუკერბრგ უმცროსი ორჯერ გავიდა დეკრეტულ შვებულებაში ახალშობილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობის გასაზიარებლად. ორივე მშობელს რიგ-რიგობით დაჰყავს შვილები შეხვედრებზე ან ოფისში, რათა მათ გაიგონ, რას საქმიანობენ მამა და დედა. ზოგჯერ წყვილი სამუშაო საკითხებს სახლში წყვეტს, რადგან ცდილობს მეტი დრო ბავშვების გვერდით იყვნენ.
პროფესიის არჩევამ და ოჯახის მხარდაჭერამ საშუალება მისცა ედუარდს გაეხსნა საკუთარი ოფისი და არ ყოფილიყო სხვის დაქვემდებარებაში. იმისათვის, რომ მის მემკვიდრეებს ჰქონოდათ ასეთი შესაძლებლობა, მან განავითარა ბავშვების პოტენციალი და გააცნო მათ თავისი სამუშაო და ტექნიკური სიახლეები. „ჩემი შვილები გაიზარდნენ ოფისში, სადაც ყველას ჰქონდა კომპიუტერი. ადრეულ ასაკში კომპიუტერთან მიჩვევას თავისი უპირატესობები აქვს. ამის წყალობით, მარკის ინტერესი ტექნოლოგიებისადმი მრავალი გზით განვითარდა,”- განმარტა ედვარდმა.
ოჯახის მხარდაჭერისა და ფინანსური „აირბაგის“ გარეშე რთულია, მეწარმე გახდე. წარუმატებლობის საშიშროება ყოველთვის არის და თუ ამ შემთხვევაში ადამიანს დახმარების იმედი არ აქვს, ეს გამოიწვევს ფატალურ შედეგებს. მარკის მამას არ გააჩნდა ოცნების განხორციელების საშუალება, ამიტომ მშობლების რჩევით აირჩია კარიერა. მაგრამ შვილისთვის სასტარტო კაპიტალის მიწოდების შემდეგ, ის დაეხმარა მარკს, მიეღწია დიდი წარმატებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის სახსრები, ოფიციალური გარანტიების თანახმად, თითქმის მთლიანად გადაეცემა საქველმოქმედო ფონდს, მარკის მემკვიდრეებს მაინც სოლიდური თანხა დარჩებათ, ამაში ექსპერტები დარწმუნებულები არიან .
მილიარდერმა მამის რჩევებს აღზრდის საკუთარი წესები დაამატა. მან ცხოვრების თანამგზავრად სრულიად განსხვავებული კულტურის ქალი აირჩია. პრისცილა ჩანი, ემიგრანტების ქალიშვილი, აქტიური და მიზანდასახული ქალია. როგორც ნამდვილი ჩინელი ქალი, ის დედა-ვეფხვია, რომელსაც სურს შვილებს საუკეთესო მისცეს და ასევე ძალიან მომთხოვნი ცოლია. მან, როცა მათი ურთიერთობა გასერიოზულდა, მარკს რამდენიმე პირობა დაუწესა, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის გამოენახა დრო ყოველკვირეული "პირისპირ პაემნისთვის". ამ წესს მეუღლეები დღემდე იცავენ. პრისცილას გავლენამ კორექტივები შეიტანა ცუკერბერგის ოჯახის სისტემაში.
პრისცილა იერარქიულ ოჯახში გაიზარდა, სადაც რკინისებური დისციპლინა მეფობდა. ამიტომ, მის ქალიშვილებს მთელი რიგი სავალდებულო საოჯახო საქმეები აქვთ, რომლებსაც მათ მაგივრად არავინ გააკეთებს. "მეზარებას" ან "ცუდ ხასიათზე ვარ"-ს მშობლები არ ითვალისწინებენ, აუცილებელია - ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია. ჭურჭლის რეცხვის ვიდეომ ააფეთქა ინტერნეტი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არ არის ერთჯერადი ქმედება. პრისცილა ჩანის ნაცნობებმა თქვეს, რომ ქალი კლდესავით ურყევია - საშინაო საქმეების თავის წილს აკეთებს და დანარჩენისგან იგივეს ითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, რომ ცუკერბერგის "მოკრძალებული" მაისურები, რომლებიც მის საფირმო სტილად იქცა, ასობით დოლარი ღირსო, მისი ცოლი და შვილები ხაზგასმული მოკრძალებით იცვამენ. ისინი არ ატარებენ ძვირადღირებულ ბრენდულ ნივთებს. მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა პრესას უამბო, თუ როგორ არ იყიდა პრისცილამ 600 დოლარიანი ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან მოეწონა, მაგრამ ფასი ეძვირა. ამიტომ მილიარდერის მეუღლემ უფრო იაფი ვარიანტი შეარჩია.