მეტყველების თერაპევტები თიკო ანთიძე და ანა შამათავა გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობენ, რა შემთხვევაში უნდა მიიტანოს მშობელმა ეჭვი, რომ ბავშვს მეტყველების დარღვევა აქვს და რომელ ასაკშია სიტყვების, ბგერების დამახინჯება, შეცვლა ნორმის ფარგლებში და როდიდანაა უკვე საყურადღებო:
"ვიდრე ვიტყვით, რომ საქმე სირთულესთან გვაქვს, ძალიან ბევრი ეტაპი უნდა გავიაროთ. ნებისმიერი ტიპის სირთულემდე, მნიშვნელოვანია, რომ სმენა შემოწმდეს. სმენის სირთულე აუცილებლად უნდა გამოირიცხოს, რადგან ეს ბავშვის მეტყველებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ევროპული და ამერიკული გაიდლაინების მიხედვით, ენისა და მეტყველების არც ერთ თერაპევტს არ აქვს უფლება, ამ კვლევის გარეშე, რაიმე შეფასება გააკეთოს. შემდგომ უკვე როგორც მეტყველების, ასევე ენობრივ შეფასებას ვიწყებთ. ვაკვირდებით ბავშვის თავისუფალ საუბარს, რამდენად გასაგებად გადმოსცემს აზრს. ამის შემდგომ ვაკვირდებით, რამდენად მრავალფეროვანია ბავშვის ბგერების რეპერტუარი - ანუ თავისუფალ საუბარში, ქართულისთვის შესაბამის ბგერებს რამდენად იყენებს და ცალკეულად რამდენად შეუძლია მათი გამოთქმა. მეტყველების სირთულეში დარღვევების ტიპი ძალიან მრავალფეროვანია. ყველაზე გავრცელებულია არტიკულაციური სირთულე, რომელიც მხოლოდ ცალკეული ბგერების გამოთქმის პრობლემას გულისხმობს. ეს შეიძლება სისინა და შიშინა ბგერები იყოს, ასევე "რ" - არ არის აუცილებელი, რომ მსგავსი ბგერები 3 წლის ასაკში სწორად თქვას და არც ისაა აუცილებელი, ბავშვის მეტყველების 100% 3 წლის ასაკში ყველასთვის გასაგები იყოს. მაგრამ, უკვე 5 წლის ასაკში ეს დიდი პრობლემაა. 5 წლის ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც ბგერების წარმოთქმისას შეცდომა აღარ უნდა არსებობდეს. ბავშვები დასაწყისში გარკვეულ ბგერებს ტოვებენ, რაღაცებს აკლებენ, ან ამატებენ. ეს ბუნებრივი პროცესია, გადის ასაკი და სირთულე იძლევა. თუმცა, არის სირთულეები, რომლებიც, პირობითად, 3 წლის ასაკში ნორმაა, მაგრამ უკვე 5 წლისთვის შეცდომის ის ტიპი ნორმად აღარ ითვლება. შესაბამისად, მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი იქამდე, სანამ ბოლომდე ვიტყვით, რომ დარღვევასთან გვაქვს საქმე." - ამბობს თიკო ანთიძე.
სხვა გავრცელებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას ანა შამათავა:
- შესაძლებელია, რომ ბგერები სხვა ბგერებით ჩაანაცვლონ, რაც გაგების ხარისხზე ასევე მოქმედებს. ასეთ დროს, თუ არ შევხედავთ, რა კონტექსტში საუბრობს ბავშვი, შეიძლება მისი საუბრის შინაარსს ვერ მივხვდეთ. მაგალითად, შესაძლოა, "ბ" ბგერით ბევრი სხვა ბგერა ჩაანაცვლოს. ან კიდევ "ძ-ც-წ" მსგავსი ბგერათა ჯგუფით შეცვალოს. ასაკობრივ ჭრილში გარკვეული ცვლილებები ნორმაა, იმიტომ, რომ ეს ფონოლოგიური პროცესებია, რომელსაც ყველა ბავშვი განვითარების ეტაპზე გადის. ხშირად გაგვიგია, რომ "გოგოს" ნაცვლად შეიძლება "დოდო" თქვან, რაც 2 წლის ასაკისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ დროთა განმავლობაში უნდა გასწორდეს.
ანა შამათავა აღნიშნავს იმასაც, თუ რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, როდესაც ბავშვი არ ამახინჯებს სიტყვებს, მაგრამ მეტყველების დროს სულ რამდენიმე სიტყვას იყენებს.
- ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, ბავშვმა კონკრეტული სიტყვები არ იცის, თუ არ იყენებს. შეფასების გარეშე საუბარი რთულია, მაგრამ მსგავსი ამბავი უფრო მეტად არა მეტყველების, არამედ ენობრივ სირთულეს ჰგავს, რაშიც სიტყვის მარაგის სიმწირე იგულისხმება. 5 წლის ასაკში ბავშვი სრულფასოვანისკენ ახლოს მყოფი წინადადებებს უნდა ამბობდეს. შესაბამისად, როდესაც სიტყვები გამართულია, ყველა ბგერა კარგად გამოითქმის და სიტყვების რაოდენობაა შეზღუდული, მაშინ შესაძლებელია, ენობრივი განვითარების შეფასებაზე ვიფიქროთ. თუმცა, ძალიან ხშირად ენობრივ განვითარებას მეტყველების სირთულეები თან ახლდეს.