მწერალი დათო ტურაშვილი 7-8 მარტს მიტინგებზეც იდგა და შემდეგ ხელისუფლებაც გააკრიტიკა მომხდარის გამო, რასაც მალევე მოჰყვა მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია. მწერლის მხარდასაჭერად ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გამოთქვა თავისი მოსაზრება, ასევე ვრცელი პოსტით გამოეხმაურა მისი ქალიშვილი ანაკო ტურაშვილი:
"შევარდნაძის დროს, საღამოობით სადარბაზოსთან გველოდებოდნენ ხოლმე ვიღაც კაცები. ჩასვამდნენ ხოლმე იმ უკუნეთ დროს მამაჩემს მანქანაში და მიჰყავდათ. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს. მე და დედა სახლში ველოდებოდით ხოლმე. ისიც ყოველთვის ბრუნდებოდა.
სააკაშვილის დროსაც მიჰყავდათ ხოლმე ასე, ან ურეკავდნენ, ან მოდიოდნენ და ელაპარაკებოდნენ. იქიდანაც ყოველთვის ბრუნდებოდა. არასოდეს არ მახსოვს რომელიმე ხელისუფლების შეშინებოდა და ამის გამო გაჩუმებულიყო. ახლაც ასეა და სასაცილოა ვინმემ მამაჩემს მოკითხოს, რას აკეთებდა რომელიმე წინა ხელისუფლების დროს, მართლა სასაცილოა.
არც ახლა ეშინია და ამაში გაზრდილს, ალბათ ამიტომაც, არც მე არასოდეს შემშინებია და არც ახლა მეშინია. სიმართლე და სამშობლოს სიყვარული როცა შენ მხარესაა, არასოდეს გეშინია. ერთადერთი, რისიც მე და ჩემს ოჯახს გვეშინია ხოლმე, ისაა, რომ ამ ქვეყნის გამო ერთხელაც გული გაუსკდება, რადგან ეს უკვე ორჯერ ვნახეთ. რეებით აშავებენ თან, რა მხედრიონი, რა ავტომატი, რა ფული? მამაჩემს ვინც იცნობთ, კი იცით, რომ იარაღის ჭერის აზრზე არაა. და მეორე რითაც აშავებენ, რომ ყველა ხელისუფლების დროს არხეინად ცხოვრობდაო.
ქურთუკებს ვატრიალებდით ხოლმე, რომ ეგებ პურის ფული გვეპოვნა შიგნით და ჩემთვის საჭმელი გაეკეთებინათ და როდის ვხეირობდით იქნებ მეც გამაგებინოთ?კეთილი ხალხის გვერდში დგომით და მამაჩემის თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული ლუკმა-პურით ვართ გაზრდილები მეც და ჩემი დებიც და რა ვიცი, აბა, განა არ გვინდოდა, მამაჩემს ერთი-ორი კაპიკი გაეწია და ერთი-ორი უძრავი ქონება მაინც დაეტოვებინა ჩვენთვის, გავაქირავებდით, პურს შევჭამდით, ვიგულავებდით, რა ვიცი.
მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა, დათოს სოც ქსელები არ აქვს და გთხოვთ, მაქსიმალურად არ მიაწოდოთ ის ამბები, რაც აქ ხდება, ყველაფერი არ იცის და მისი ჯანმრთელობის და ნერვების ამბავი კი იცით. დაგვანებეთ თავი პლზ. წავლენ ესენიც, ამათი დროც მოვა, ხალხი ბრძენია".