ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით თავდაცვის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს. საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებული პროექტია და მას თავდაცვის უწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, "ჯარის ბანაკი" ზაფხულში კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მოეწყობა და მასში ჩართვა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ.
სამინისტროს ინფორმაციით, საზაფხულო "ჯარის ბანაკის" აღსრულებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უზრუნველყოფს. სერჟანტთა აკადემიაში ბანაკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული და ფიზიკური აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს დღის გეგმაზე მუშაობა და სხვადასხვა აქტივობის პროგრამის დეტალურად გაწერა.
"ამ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გაიარონ მომზადება. შეიძინონ მინიმალური უნარ-ჩვევები, რაც მათ ცხოვრებაში გამოადგებათ. აქ იგულისხმება როგორც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ასევე საინჟინრო, სამთო მომზადება, ტოპოგრაფია, ნავიგაცია. დაათვალიერებენ ჩვენს აღჭურვილობას, გაეცნობიან სამხედროების ცხოვრებას, ექნებათ საინტერესო საუბრები, მათ შორის, სპორტული აქტივობები. იმედი გვაქვს, რომ ეს ახალგაზრდებისთვის დაუვიწყარი მოგონებები იქნება და მათ პატრიოტულ სულისკვეთებას აამაღლებს და მიუხედავად იმისა, თუ რა კარიერას აირჩევენ, აქ გატარებული დღეები ყველგან გამოადგებათ", - ამბობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე.