თბილისის მოსახლეობა ოდითგანვე წყალს ქალაქიდან საკმაო მანძილით მოშორებული წყაროებიდან ეზიდებოდა. არქეოლოგიური მასალებით დადასტურდა, რომ წავკისიდან, ოქროყანასა და სოლოლაკის ქედიდან ნარიყალის ციხესა და თბილისის მოსახლეობას სასმელი წყალი თიხის მილებით მიეწოდებოდა. მთაწმინდის ქედიდან კი სარწყავი წყალიც იყო გამოყვანილი.
მტრის გაუთავებელ შემოსევათა შედეგად XV საუკუნიდან ქვეყნის განვითარება შეფერხდა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ირანის მრავალწლიანმა ბატონობამ, სხვა უარყოფით მოვლენებთან ერთად, დიდი ზიანი მიაყენა კარგად გამართულ საირიგაციო სისტემას, რომელიც ჯერ მოიშალა, ხოლო შემდეგ თანდათან დავიწყებასაც მიეცა.
ძველი თბილისის მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის თუ სასმელად, ბუნებრივია, დიდი რაოდენობით წყალი სჭირდებოდა. წყალსადენების არარსებობის პირობებში კი ქალაქელები იძულებული გახდნენ, წყალი მდინარე მტკვრიდან ამოეღოთ. დახრამული და ფლატე ადგილების გამო წყლის ამოღება ყველგან ვერ ხერხდებოდა, ამიტომაც მდინარეზე ჩასასვლელად საგანგებო ბილიკებს აწყობდნენ.
მტკვრიდან ამოღებულ წყალს ხარის ტყავისგან სპეციალურად, წყლის ჩასასხმელად შეკერილ რუმბებში ანუ თულუხებში ჩაასხამდნენ და ისე დაჰქონდათ ქალაქში.
თულუხჩების ისტორია ვრცლად მოისმინეთ პოდკასტში - „უკან მომავალში“
წყარო: radiopalitra.ge