სასწავლო წლის ბოლოს აქტუალური ხდება კითხვა, როგორ შეიძლება ნიშნის გამოსწორება. მოსწავლეს უფლება აქვს საბოლოო ნიშანიც გამოასწოროს, თუკი მას არ ეთანხმება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის გამოცდა დანიშნოს და მოსწავლეების ცოდნა შეამოწმოს, მისცეს შესაძლებლობა, მიღებული ნიშანი გამოასწორონ და ასე შემდეგ.
თუ მოსწავლე კონკრეტულ საგანში მიღებულ შეფასებას არ ეთანხმება, მას უფლება აქვს სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და ქულის გაუმჯობესების მიზნით, გამოცდა მოითხოვოს. ამის შესახებ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ.
სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის.
- სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
- მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები გამოცდის ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.
- გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.
- სემესტრული გამოცდა ინიშნება სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში და სკოლას შეუძლია, მოსწავლეს გამოცდის სხვადასხვა ფორმა შესთავაზოს.
თუ მოსწავლის სემესტრული შეფასება 5 ქულაზე ნაკლებია, ასეთ შემთხვევაში, საშემოდგომო გამოცდა ინიშნება.
- როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ, საშემოდგომო გამოცდა უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დასრულებიდან არაუადრეს ორი კვირისა და მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.საშემოდგომო გამოცდამდე მოსწავლეს უნდა მიეცეს არანაკლებ 2 კვირის ვადა მომზადებისთვის. სკოლა ვალდებულია, გაუწიოს კონსულტაციები მოსწავლეს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მას დაენიშნა აღნიშნული ტიპის გამოცდა.
- მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე. საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა.
უფრო ვრცლად გამოცდის ტიპებისა და სხვადასხვა საგანში ქულის გამოანგარიშების წესის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.
თამარ იაკობაშვილი