"ეს შეიძლება ქუსლიანი ფეხსაცმლისა და მოტკეცილი ტანსაცმლის ბრალიც იყოს" -  გიორგი ღოღობერიძე გავრცელებულ პრობლემაზე, რომელიც ყველას გამოუცდია - მშობლები

"ეს შეიძლება ქუსლიანი ფეხსაცმლისა და მოტკეცილი ტანსაცმლის ბრალიც იყოს" -  გიორგი ღოღობერიძე გავრცელებულ პრობლემაზე, რომელიც ყველას გამოუცდია

2023-06-06 12:07:45+04:00

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" საუბრობს, რა იწვევს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას, ვის აწუხებს ეს პრობლემა ყველაზე მეტად და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ:

- ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 40%-ს ცხოვრების რაღაც ეტაპზე ეს ჩივილები აქვს. ჩვენს ქვემო კიდურებს, მათ ვენებს ძალიან რთული საქმე აქვთ აღებული - სისხლი ქვემოდან ზემოთ უნდა ამოძრაონ. ეს ძალიან რთული საქმეა იმიტომ, რომ გრავიტაციის საწინააღმდეგოდ უწევთ სისხლის მოძრაობა. ამიტომაც, საჭიროა, რომ რაღაც მივახმაროთ - ეს რაღაც სწორედ რომ კუნთებია. ჩვენ ჩონჩხის კუნთებს ვკუმშავთ, ვენებს დავაწვებით და ვენებში არსებული სისხლი ზემოთ მოძრაობს. მაგრამ, თუ სარქველი არ იხურება, ზემოთ ასული სისხლი ისევ უკან ჩამოვა და დაგუბდება. ესაა მიზეზი, რის გამოც ფეხებში სიმძიმის შეგრძნება გვაქვს. უფრო მეტად ეს 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს აწუხებთ. მენოპაუზის შემდეგ, ესტროგენის ნაკლებობა, ფეხებში სიმძიმის განცდის მთავარი მიზეზია, რადგანაც ესტროგენს ვენების სწორად ფუნქციონირებაში ძალიან დიდი როლი აქვს. გარდა ამისა, პრობლემა განსაკუთრებით შეიძლება აწუხებდეს 50 წელზე მეტი ასაკის ქალბატონებს, რომლებსაც ჭარბი წონა აქვთ. თუ ადამიანს ჭარბი წონა აქვს, შესაძლოა, მოძრაობა უჭირდეს, კუნთები უნდა შეიკუმშოს, რომ სისხლმა იმოძრაოს, თუ ვერ ვმოძრაობთ, თავისთავად ფეხებში სიმძიმის განცდა გვაწუხებს.

თუ მწეველი ხართ, შესაძლოა, ფეხებში სიმძიმე, ტკივილი, შეშუპება აღგენიშნებოდეთ. თამბაქოს კვამლში არის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ვენების სწორად ფუნქციონირებას ხელს უშლის. ამიტომაც არის ხოლმე, რომ ვინც მწეველია, მათ ქვედა კიდურებში სიმძიმის განცდა აქვთ.

გარდა ამისა, თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც დიდი ხნით უწევს ფეხზე დგომა, მუშაობთ აფთიაქში, ან ისეთ დაწესებულებაში, სადაც ფეხზე დგომა გიწევთ, ამ შემთხვევაში ფეხებში სიმძიმის განცდა გექნებათ, განსაკუთრებით კი საღამოს საათებში.

თუ ნაკლებად მოძრაობთ, შესაძლოა, აღნიშნული პრობლემა ამანაც გამოიწვიოს. ან კიდევ, თუ გენეტიკაში გყავთ ვინმე ვენური პრობლემებით დაავადებული. ამ შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ თქვენც იგივე პრობლემა გაწუხებდეთ.

თუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ყოველდღიურად ჩაცმა გიყვართ, ეს ვენური უკმარისობის განვითარებას ხელს უწყობს. ასეთ შემთხვევაში კანჭის კუნთები აღარ იკუმშება. თუ კუნთები არ შეიკუმშება, სულ დაგუბებული იქნება სისხლი და ფეხები გეტკინებათ.

პრობლემას იწვევს ძალიან მჭიდრო, მოტკეცილი ტანსაცმლის ტარებაც. ის სისხლის მოძრაობას ხელს უშლის.

როგორ მოვაგვაროთ ფეხებში სიმძიმის განცდა, ტკივილი და შეშუპება?

  • პირველ რიგში, გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა. შეეცადეთ, ყოველდღიურად, ნახევარი საათი მაინც ირბინოთ და სულ აღარ დაგჭირდებათ პრეპარატები. ასე მთლიანად სხეულსაც გააჯანსაღებთ.
  • თუ თქვენ ხანგრძლივად გიწევთ ფეხზე დგომა, ასეთ შემთხვევაში, კუნთები არ იკუმშება, სისხლი ვენებში გუბდება, სივდება და სიმძიმის განცდა გაწუხებთ. ამიტომ, ეცადეთ, რომ ადგილზე იმოძრაოთ. ამერიკელებს აქვთ ასეთი მიდგომა - როდესაც ფეხზე ხანგრძლივად უწევთ ყოფნა, ყოველ ნახევარ საათში, ფეხებს მუხლის სახსარში კუმშავენ. გარდა ამისა, შეეცადეთ, წამოდგეთ ფეხის წვერებზე. როცა მსგავს მოძრაობებს ყოველ ნახევარ საათში აკეთებთ, ეს გეხმარებათ, რომ კანჭის კუნთები შეკუმშოთ.
  • არ ჩაიცვათ თეძოებზე მოტკეცილი სამოსი.
  • გარდა ამისა, როდესაც საღამოს სახლში მიხვალთ, შეეცადეთ, ფეხები ოდნავ მაღლა გქონდეთ. მაგალითად, ბალიშზე დადეთ და ისე დაიძინეთ. დილით რომ გაიღვიძებთ, ნახავთ, რომ სიმსუბუქის განცდა გაქვთ.
  • შეეცადეთ, წონა დააქვეითოთ. წონის მატება ერთ-ერთი ტიპური პრობლემაა, რის გამოც, ფეხებში სიმძიმის განცდა გაქვთ.