ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" საუბრობს, რა იწვევს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას, ვის აწუხებს ეს პრობლემა ყველაზე მეტად და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ:
- ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 40%-ს ცხოვრების რაღაც ეტაპზე ეს ჩივილები აქვს. ჩვენს ქვემო კიდურებს, მათ ვენებს ძალიან რთული საქმე აქვთ აღებული - სისხლი ქვემოდან ზემოთ უნდა ამოძრაონ. ეს ძალიან რთული საქმეა იმიტომ, რომ გრავიტაციის საწინააღმდეგოდ უწევთ სისხლის მოძრაობა. ამიტომაც, საჭიროა, რომ რაღაც მივახმაროთ - ეს რაღაც სწორედ რომ კუნთებია. ჩვენ ჩონჩხის კუნთებს ვკუმშავთ, ვენებს დავაწვებით და ვენებში არსებული სისხლი ზემოთ მოძრაობს. მაგრამ, თუ სარქველი არ იხურება, ზემოთ ასული სისხლი ისევ უკან ჩამოვა და დაგუბდება. ესაა მიზეზი, რის გამოც ფეხებში სიმძიმის შეგრძნება გვაქვს. უფრო მეტად ეს 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს აწუხებთ. მენოპაუზის შემდეგ, ესტროგენის ნაკლებობა, ფეხებში სიმძიმის განცდის მთავარი მიზეზია, რადგანაც ესტროგენს ვენების სწორად ფუნქციონირებაში ძალიან დიდი როლი აქვს. გარდა ამისა, პრობლემა განსაკუთრებით შეიძლება აწუხებდეს 50 წელზე მეტი ასაკის ქალბატონებს, რომლებსაც ჭარბი წონა აქვთ. თუ ადამიანს ჭარბი წონა აქვს, შესაძლოა, მოძრაობა უჭირდეს, კუნთები უნდა შეიკუმშოს, რომ სისხლმა იმოძრაოს, თუ ვერ ვმოძრაობთ, თავისთავად ფეხებში სიმძიმის განცდა გვაწუხებს.
თუ მწეველი ხართ, შესაძლოა, ფეხებში სიმძიმე, ტკივილი, შეშუპება აღგენიშნებოდეთ. თამბაქოს კვამლში არის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ვენების სწორად ფუნქციონირებას ხელს უშლის. ამიტომაც არის ხოლმე, რომ ვინც მწეველია, მათ ქვედა კიდურებში სიმძიმის განცდა აქვთ.
გარდა ამისა, თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც დიდი ხნით უწევს ფეხზე დგომა, მუშაობთ აფთიაქში, ან ისეთ დაწესებულებაში, სადაც ფეხზე დგომა გიწევთ, ამ შემთხვევაში ფეხებში სიმძიმის განცდა გექნებათ, განსაკუთრებით კი საღამოს საათებში.
თუ ნაკლებად მოძრაობთ, შესაძლოა, აღნიშნული პრობლემა ამანაც გამოიწვიოს. ან კიდევ, თუ გენეტიკაში გყავთ ვინმე ვენური პრობლემებით დაავადებული. ამ შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ თქვენც იგივე პრობლემა გაწუხებდეთ.
თუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ყოველდღიურად ჩაცმა გიყვართ, ეს ვენური უკმარისობის განვითარებას ხელს უწყობს. ასეთ შემთხვევაში კანჭის კუნთები აღარ იკუმშება. თუ კუნთები არ შეიკუმშება, სულ დაგუბებული იქნება სისხლი და ფეხები გეტკინებათ.
პრობლემას იწვევს ძალიან მჭიდრო, მოტკეცილი ტანსაცმლის ტარებაც. ის სისხლის მოძრაობას ხელს უშლის.