2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
ელექტრონული რეგისტრაციის გვერდზე შესასვლელად ბრაუზერში აკრიფეთ მისამართი: http://registration.emis.ge ან ისარგებლეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ბმულით. უფრო ვრცლად, როგორ უნდა მოახერხოთ ბავშვის სკოლაში დარეგისტრირება, ინსტრუქციას გაეცანით ბმულზე.
მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა, სკოლებში რეგისტრაციას IV ეტაპზე – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე გაივლიან.
მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელიდოკუმენტაციის საფუძველზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.