სკოლებში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი მშობლებს მომავალ სასკოლო წლებზე საინტერესო რჩევებს აძლევს:
"მომავალი პირველკლასელების მშობლები დილით კომპიუტერებს რომ მიუსხდებით და შეეცდებით, თქვენი უტკბილესი შვილი ყველაზე კარგ სკოლაში დაარეგისტრიროთ, პორტალის გახსნამდე, გთხოვთ, რამდენიმე საკითხზე დაფიქრდეთ:
- თორმეტივე წელი თქვენ ხართ იმედი თქვენი შვილისთვის. არ ივარგებს თქვენი გაჩუმება იქ, სადაც საუბარია საჭირო. იმედს თუ გაუცრუებთ, მის ნდობას დაკარგავთ.
- თუ ზოგჯერ მარტოს მოგიწევთ ხარისხიანი განათლებისთვის და ბავშვის უფლებებისთვის ბრძოლა, არ დანებდეთ. გაიმარჯვებთ და იმათი იმედიც იქნებით, ვინც შორიდან გიყურებდათ.
- 12 წლიან გზაზე პრობლემები იქნება, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მთავარია ამ პრობლემებზე ადეკვატური რეაგირება გქონდეთ. არც ცეცხლი დაანთოთ და არც გაყუჩდეთ. ყველა ცივილური გზა გამოიყენოთ ბავშვის დასახმარებლად.
- ჩვენ სკოლაში უმრავლესობა ყოველთვის მართალი არ არის. თუ იქნებით უმრავლესობაში, ნუ გექნებათ განცდა, რომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც თქვენ გინდათ, იმიტომ რომ ბევრნი ხართ.
- ისეთ ინიციატივებს, რომელიც ბავშვს არაფერში არგია, მაგრამ მშობლების და მასწავლებლების ვითომ დაახლოებას უწყობს ხელს, მხარი არ აუბათ. სკოლასთან თქვენი თანამშრომლობა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, თუ ბავშვზე ორიენტირებულია.
- სკოლას დიდი მიზნები აქვს. სკოლა უნდა დაეხმაროს თქვენ შვილს დამოუკიდებელ, თავისუფალ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. ასწავლოს, როგორ ისწავლოს, როგორ იაზროვნოს კრიტიკულად, როგორ გადაჭრას პრობლემა, როგორ გაუფრთხილდეს ტრადიციებს და შექმნას ახალი ღირებულებები. სკოლა ამისთვის არსებობს და არა ცალკეული საგნის სასწავლებლად. ამას კი უთქვენოდ ვერ შეძლებს.
- სკოლაში თქვენი შვილი ისწავლის ცხოვრებას. ახლა რომ პატარა, ჭიკჭიკა, კბილებამოღებული ბარტყი გიზით ბუდეში, 12 წლის შემდეგ სკოლიდან გაზრდილი ქალი ან კაცი გამოვა. და შემდეგ თქვენ აღარ გექნებათ გავლენა მასზე. ის იქნება უკვე ზრდასრული, ჩამოყალიბებული პიროვნება. ჰოდა, გაუფრთხილდით ამ 12 წელს, მშობლებო. ცოტა მეტი დრო დაუთმეთ შვილის სასკოლო ცხოვრებაში შინაარსიან, საქმიან მონაწილეობას. თუნდაც იმისთვის, რომ იყოთ მის გვერდით. თუნდაც იმისთვის, რომ გვერდით ჩუმად არ ჩაგიაროთ ამ თორმეტმა წელმა და ერთ დღესაც არ ინანოთ, რომ მაშინ არ გეცალათ. გისურვებთ ბედნიერ მშობლობას და წარმატებულ 12 წელიწადს" - წერს მეგი კავთუაშვილი.