ცნობილი პედაგოგი და მე-6 საავტორო სკოლის დამფუძნებელი ნინო რამიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.
"ტკივილით და მწუხარებით გაუწყებთ ჩვენი სკოლის დამფუძნებლის: ნინო რამიშვილის გარდაცვალებას. 40 წლის წინ ნინო რამიშვილმა საქართველოში ყველაზე ქართული და ყველაზე თანამედროვე სკოლა შექმნა, რომელიც დღემდე თავისუფალ, მოაზროვნე, პატრიოტული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით შემკულ ახალგაზრდებს ზრდის. ნინო რამიშვილი ათასობით ადამიანისათვის დარჩება სიკეთის, სინათლისა და ღირსების სიმბოლოდ" - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნინო რამიშვილის გარდაცვალებას ცნობილი გამომცემელი ბაკურ სულაკაურიც გამოეხმაურა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მე-6 საავტორო სკოლაში მუშაობდა.
"უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, იმ წელსვე დავიწყე მასწავლებლად მუშაობა ე.წ. გერმანულ სკოლაში და ბუნებრივია, სკოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი - ნინო რამიშვილიც გავიცანი. ალბათ არასოდეს არც ერთ დირექტორს არ მიუცია თავისი თანამშრომლისათვის ისეთი თავისუფლება, როგორსაც მაძლევდა ნინო. ეს საკვირველი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ რამეში ძალიან განსხვავებული შეხედულებები გვქონდა. მუდმივად ვგრძნობდი ხოლმე მისგან არა მხოლოდ სიყვარულს, არამედ უზომო პატივისცემასაც. ათწლეულების განმავლობაში ვმეგობრობდით. პერიოდულად ვხვდებოდით ხოლმე და რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვაფასებდი ნინო რამიშვილს. მართლა უკიდურესი იშვიათობაა ასეთი ქარიზმატული, გონიერი და კეთილშობილი ადამიანი. საშინელებაა ნინო რამიშვილზე წარსულ დროში საუბარი. სამწუხაროდ, დღეიდან მოგვიწევს. ნინო ჩვენს შორის აღარაა, მაგრამ ამავე დროს სულ ჩვენთან იქნება", - წერს ბაკურ სულაკაური.