როგორ ვიყოთ შვილებთან ჰარმონიულ ურთიერთობაში? - ეს კითხვა ალბათ ყველა მშობლისთვის აქტუალურია, ერთი უნივერსალური რეცეპტი, რომელსაც ყველა ბავშვთან გამოვიყენებთ კი არ არსებობს.
ბავშვებსა და მშობლებს უკმაყოფილებებთან დაკავშირებით კომუნიკაცია ხანდახან უჭირთ, ხანდახან კი უფროსები მათ პრობლემებს სერიოზულად არ აღვიქვამთ, რის გამოც ისინი აღარ გვენდობიან.
აღნიშნულმა საკითხებმა ფართო ასახვა პოვა თანამედროვე საბავშვო ავტორების ნამუშევრებში, რომლებიც ეხება როგორც შვილებისა და მშობლების ურთიერთობის სირთულეებს, ისე ბულინგის საკითხს და სხვა. შესაბამისად, აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად საბავშვო ლიტერატურა ერთ-ერთ ეფექტიან იარაღად იქცა.
აქტუალურ თემებს ეხმაურება თანამედროვე ავტორისა და კომიკოსის დევიდ ბედიელის „საოცნებო მშობლები“, რომელიც პატარა ბიჭის - ბარისა და მისი მშობლების ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. წიგნი გათვლილია 8-12 წლამდე ასაკის მკითხველზე, რომელსაც ბარის მსგავსი პრობლემები შეიძლება აწუხებდეს.
წიგნის მთავარი გმირი ბარი, რომელიც გარესამყაროსთან მოზარდებისთვის დამახასიათებელი კონფლიქტებით გამოირჩევა, ამბობს: „მე მინდა მყავდეს უკეთესი მშობლები „და უცებ მთელი ოთახი რყევას იწყებს.მოზარდ ბიჭს თავისი სახელი სძულს, რაც მეორე პუნქტია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილია, რას უწუნებს თავის მშობლებს. სულ კი ათი მიზეზი აქვს, რატომაც უკეთეს დედ-მამაზე ოცნებობს. თუმცა არსებობს ისეთი სამყაროც, სადაც პატარები მშობლებს თავად ირჩევენ. ბარი ბენეტი სწორედ ასეთ სამყაროში მოხვედრაზე ოცნებობს. აქ ყოფნა მისთვის სანუკვარი ოცნების ახდენას ნიშნავს, თუმცა მან არ იცის, რომ ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს...“.
ბარის ოცნებები და სურვილები მისი ასაკის ბევრი ბავშვისთვის ნაცნობი იქნება, ის მოვლენები კი რაც პერსონაჟის მიმართ ვითარდება, მშობლებთან და და-ძმებთან ურთიერთობაზე ბევრს დააფიქრებს.
მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით Mshoblebi.ge ცნობილ პედაგოგსა და 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულ ხათუნა რაზმაძეს დაუკავშირდა.
როგორც ის ჩვენთან საუბარში განმარტავს, 23-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში ბევრ სხვადასხვა ტიპის ურთიერთობასთან ჰქონია საქმე და განსაკუთრებით 10-12 წლის ასაკის ბავშვების შემთხვევაში კრიზისული სიტუაციები მართლაც ხშირად იქმნება ხოლმე, თუმცა გამოსავალი შეიძლება იყოს პოზიტიური მშობლობა, მეტი კომუნიკაცია, მარცხის მიღება და წარმატების გაზიარება:
„შეიძლება, ბავშვებს ზუსტად ისეთი მშობლები არ ჰყავდეთ, როგორიც მათ სურთ, მეც ხუთი შვილის დედა ვარ და ვიცი რა რთულია თუნდაც დროის გამონახვა, მაგრამ ბავშვები ითხოვენ უფრო მეტ თანადგომას, უფრო მეტ მხარდაჭერას, თუნდაც წაკითხვის, ურთიერთობის დროს, განვითარების პროცესში...იმის გამო, რომ ჩვენ ძალიან ჩართულები ვართ საზოგადოებრივ საქმიანობაში, ბევრს ვმუშაობთ, ხანდახან ბავშვებს ბევრ დროს ვერ ვუთმობთ. დევიდ ბედიელის „საოცნებო მშობლების“ თემატიკამ სწორედ იმიტომ მომხიბლა, რომ აქ არის წარმოჩენილი სწორედ მშობლებისა და შვილების ურთიერთობასთან დაკავშირებული გამოწვევები ისეთი ფორმით, რომ ორივე მხარისთვის გასაგები, საინტერესო და დამაფიქრებელი იქნება. მართლაც არ არის მარტივი, გახდე საოცნებო მშობელი, მიიღო შვილის ყველა მარცხი, მაშინ როცა უფრო წარმატებაზე ვართ ხოლმე ორიენტირებული და ძალიან მომწონს, როცა წიგნში ბავშვი ამაზე თავისი ენით საუბრობს.
ამ წიგნს უფრო მშობლების გადასახედიდან განვიხილავდი: მისი სიუჟეტი დაგვაფიქრებს ბავშვების მიმართ ყურადღების ნაკლებობამ რა შეიძლება გამოიწვიოს და რამდენად მნიშვნელოვანია, მეტი დრო გავატაროთ მათთან, ვიყოთ მათი მხარდამჭერები ყველაფერში და გვესმოდეს, რომ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია როგორც სწავლა-განვითარება, ისე სოციალიზაცია და ამ მხრივ უნარ-ჩვევების შეძენა. ეს მნიშვნელოვანი რგოლია ბავშვის აღზრდა-განვითარების პროცესში“, - აღნიშნა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულმა ხათუნა რაზმაძემ.
მისი თქმით, წიგნში საინტერესოდ არის გაშლილი პატარა ბიჭის თვალით დანახული სამყარო და სიუჟეტი ახლოს არის თანამედროვე რეალობასთან. რაც მთავარია, წიგნის ენა არის მარტივი, სხარტი, სიუჟეტი კი - სახალისო.
„მშობლებსაც და ბავშვებსაც ვურჩევ გაეცნონ და დატკბნენ ამ სამხიარულო ისტორიით, რომელიც რასაკვირველია, ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც შესძენთ“, - აღნიშნა ხათუნა რაზმაძემ.
R