პედიატრი თემურ მიქელაძე გადაცემაში "ამ შაბათ-კვირას" ე.წ. ბატონების შესახებ საუბრობს და მშობლებს გართულებების თავიდან ასარიდებლად რეკომენდაციებს უზიარებს:
- ე.წ. ბატონები - წითელა, წითურა, ყბაყურა, ძირითადად, ვირუსული ეტიოლოგიისაა. საქართველოში წითურა აღარ არის, აღმოიფხვრა. წითელაც აღარ არის, მაგრამ პრევენციული ღონისძიებები აუცილებლად უნდა ჩავატაროთ და აცრა, იმ განრიგის მიხედვით წარვმართოთ, რაც ჩვენს ქვეყანაშია მოწოდებული. ე.წ. ბატონებს შორის წითელა ყველაზე ვერაგია. შესაბამისად, თუ გეგმიურ ვაქცინას დროულად ჩავიტარებთ, მას აღმოვფხვრათ. ჩუტყვავილა განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს არ მიეკუთვნება და მისი ვაქცინა საქართველოში არ არის. სწორი რეკომენდაციებით იმართება. ხშირად ვიმეორებ, ასეთ დროს სიცხის დამწევად იბუპროფენის ჯგუფის პრეპარატები არ გამოიყენოთ. გამოიყენეთ პარაცეტამოლის ჯგუფის პრეპარატები. ბავშვი არ შეღებოთ, თუთიის შემცველი მალამოები აირჩიეთ, ან საერთოდ არ გამოიყენოთ. ბრილიანტის მწვანე, მეთილენის ლილა და მსგავსი საშუალებები არ გამოიყენოთ. ისინი, პირიქით, კანს აღიზიანებს, ნეკროზებს იწვევს და შესაძლოა, მდგომარეობა გაართულოს. ჯობს, საერთოდ არაფერი გამოიყენოთ, ხშირად დაბანეთ, განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში, როცა მაღალი ტემპერატურაა, ბავშვმა დილით და საღამოს, გამდინარე გრილი წყლით უნდა იბანაოს. ყველა დაავადებას შესაბამისად გავუმკლავდებით და მარტივად გადავიტანთ.