გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე სკოლაში ბავშვებს ტუბერკულოზი აღმოაჩნდათ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე სკოლაში ბავშვებს ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს. გადავწყვიტეთ, ეს ინფორმაცია შესაბამის ორგანოსთან გადაგვემოწმებინა, დავუკავშირდით გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ექსპერტს ცირა მერაბიშვილს და ამ საკითხის გარდა ზოგადად, დაავადების გამომწვევ სიმპტომებსა და მკურნალობაზე ვესაუბრეთ.
- უპირველესად გვითხარით, რა არის ტუბერკულოზის პირველადი სიმპტომები, ანუ როგორ უნდა შეამჩნიოს დედამ შვილს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა საეჭვოა?
- ფილტვების ტუბერკულოზს, ისევე როგორც მოზრდილებში, ბავშვებშიც აქვს გახანგრძლივებული ხასიათის დამახასიათებელი ჩივილები, მაგალითად, გახანგრძლივებული ხველა, რომელიც დაახლოებით 2-3 კვირაზე მეტს გასტანს, 38 გრადუსი ან უფრო მაღალი სიცხე, რომელიც ასევე ხანგრძლივად, ასე 2 კვირას გრძელდება და ვერ დგინდება გამომწვევი მიზეზი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტემპერატურაც და ხველაც შეიძლება სულ სხვა მიზეზებით იყოს გამოწვეული, მაგალითად, ზემო სასუნთქი გზების მწვავე ინფქციებით, ბრონქიტით, პნევმონიით და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა გამოირიცხოს და თუ სხვა მიზეზი არ არსებობს, მერე ხდება უკვე ეჭვის მიტანა ტუბერკულოზზე. ასევე დამახასიათებელი ნიშანია წონის კლება ბავშვებში, როდესაც საჭირო რაოდენობით იღებს საკვებს, მაგრამ მაინც იკლებს წონაში, ზრდის შეფერხება ხდება დაუდგენელი მიზეზით, ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამის პერიოდში, - ძირითადად ესენია ტუბერკულოზის დამახასიათებელი ნიშნები. ტუბერკულოზი შეიძლება იყოს როგორც ფილტვის, ასევე ფილტვგარეთა ლოკალიზაციის. იმის მიხედვით, თუ სად არის ლოკალიზებული დაავადება, ზემოხსენებულ სიმპტომებს - სიცხეს, ოფლიოანობას, წონაში კლებას, ემატება იმ კონკრეტული ორგანოსთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებანი პათოლოგიური პროცესის დროს.
- როგორ ხდება ამ დაავადების გადადება სხვა ადამიანზე?
- ტუბერკულოზი აეროგენული ინფექცია გახლავთ, ასე უწოდებენ მას სამედიცინო ენაზე, რაც პოპულარულ ენაზე ნიშნავს ჰაერის მეშვეობით დაავადებას, ანუ ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცემა ჰაერის გზით. უფრო თვალსაჩინო რომ იყოს გეტყვით - ერთ დახურულ სივრცეში თუ არის ადამიანი, რომელიც დაავადებულია გადამდები ფორმის ტუბერკულოზით და მასთან იმავე სივრცეს იზიარებენ სხვა დანარჩენები, ისინი დგანან იმ რისკის ქვეშ, რომ დაინფიცირდნენ, ანუ ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია მოხვდეს სხვა, ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში. მართალია, მიკობაქტერიის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს დაინფიცირება, მაგრამ ეს არ ნიშნავს დაავადებას, ანუ მიკობაქტერიის სხვა ორგანიზმში მოხვედრა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უპირობოდ დაავადდება, ეს დამოკიდებულია პიროვნების იმუნურ სისტემაზე. როცა დაქვეითებულია იმუნური სისტემა, მაშინ უფრო მარტივად ხდება დაავადება.
- რაც შეეხება მკურნალობას, რა ხანგრძლივობით გრძელდება, ალბათ ეს დამოკიდებულია დაავადების სირთულეზე...
- მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ფორმის ტუბერკულოზთან გვაქვს საქმე, არსებობს მგრძნობიარე, ანუ სენსიტიური ფორმა და რეზისტენტული, ანუ მდგრადი ფორმა. რეზისტენტული ფორმები უფრო ბოლო წლებში გახშირდა, იმიტომ, რომ გამომწვევმა მიკობაქტერიამ შეიძინა თვისება, გაუძლოს იმ ანტიბიოტიკებს, რომელსაც მოსახლეობა დიდი ხანია იღებს, შესაბამისად დაავადებაც უფრო მდგრადი გახდა. რეზისტენტული ფორმის დროს მკურნალობა გაცილებით ხანგრძლივია, ზოგჯერ 18-დან 24 თვემდე გრძელდება, სენსიტიური ფორმისას კი - 6 თვე. რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა უფროა სირთულესთან დაკავშირებული, ასეთ დროს არა მარტო პერორალურად მისაღები მედიკამენტებით შემოიფარგლება, არამედ ჩართული არის ხოლმე საინიექციო მედიკამენტიც.
ტუბერკულოზი განკურნებადია და მისი მკურნალობის სქემა ყველა პაციენტისთვის ერთნაირადაა შერჩეული საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით. თუ პაციენტი არ ჩააგდებს მკურნალობას და მიჰყვება ექიმს ამ სქემის შესრულების თვალსაზრისით, შედეგიც შესაბამისი იქნება.
- თუ აქვს "საშიში ასაკი" ამ დაავადებას? რომელიმე ასაკში თუ არის მეტი რისკი დაავადების გაჩენის?
- იქიდან გამომდინარე, რომ ეს დაავადება გადადის ჰაერის გზით, ვისაც უფრო
მეტად უწევს კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან, სადაც მეტი კონტაქტია შესაძლო
ინფექციის წყაროსთან, იმ ასაკობრივ ჯგუფში რისკიც მეტია. ეს ძირითად არის
ახალგაზრდული ასაკი, დაახლოებით 20-იდან 40 წლამდე. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ტუბერკულოზი მკვეთრად ასაკსპეციფიკურია, როგორიც ვთქვათ საბავშვო ინფექციები: წითელა, წითურა, ყბაყურა და ა.შ. ყველა ასაკში, მათ შორის ბავშვთა ასაკში 1-დან 4 წლამდეცაა რეგისტრირებული ტუბერკულოზის შემთხვევები, თუმცა სრული დარეგისტრირებული შემთხვევებიდან დაახლოებით 10%-ს შეადგენს დაავადებულთა რაოდენობა საბავშვო ასაკში.
- რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რამდენიმე სკოლაში დაფიქსირდა
ტუბერკულოზის შემთხვევები...
- რა თქმა უნდა, ინფორმაცია გვაქვს, წლის განმავლობაში ასეთი შემთხვევები არ
აღემატება ათს და ეს არაა საგანგაშო, ან განსაკუთრებულად ყურადღებამისაქცევი.
მესმის, რომ მშობლები შეშფოთებულები არიან, მაგრამ არ აქვთ ამის მიზეზი და გეტყვით რატომ. მთავარია, დიაგნოზი დაისვას დროულად, თუ დიაგნოსტირება ხდება დროულად, მკურნალობა, როგორც წესი, დიაგნოზის დასმისთანავე იწყება. სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ ის ადამიანი გადადები დაავადების მატარებელი აღარ არის, ანუ გადადების უნარს დაავადება კარგავს მკურნალობის დაწყებიდან ორ, მაქსიმუმ სამ კვირაში. საწყის პერიოდში კი, ჩვეულებისამებრ, ასეთი პაციენტები ან კლინიკაში არიან, იმიტომ, რომ იქ მრავალი სახის გამოკვლევას უტარებენ, ან ბინაზე.
- მას შემდეგ, რაც დაფიქსირდება ტუბერკულოზი რომელიმე დაწესებულებაში, ვთქვათ სკოლაში, რა ღონისძიება უნდა იქნას გატარებული იმისათვის, რომ არ იყოს ის გადამდები სხვა ადამიანებისთვის?
- შეიძლება ძალიან გაგიკვირდეთ ჩემი პასუხი, მაგრამ არაფერი არ უნდა გააკეთოს სკოლამ, რადგან ამ შემთხვევაში ერთვება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური, რომელიც ინფორმირებულია ექიმისგან ამ დაავადების არსებობის თაობაზე. ჩვენი რეგულაციების მიხედვით, როგორც კი დიაგნოზი დაესმება ადამიანს, კლინიკა ან ექიმი გადასცემს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს ინფორმაციას ადგილობრივ-ტერიტორიულად. თუ აღმოჩნდება რომ დაავადება გადამდებია, მაშინ ხდება იმ ბავშვის კონტაქტების გამოკვლევა, კონტაქტად კი სკოლის სივრცეში ითვლება კლასი, თანაკლასელები და მასწავლებელი, რომელიც შედის იმ კლასში და ხვდება ერთ სივრცეში დაავადებულ ბავშვთან. ხდება მათი გამოკვლევა. ხშირად ეშლებათ ხოლმე და ამიტომ მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ტუბერკულოზის არსებობის შემთხვევაში, არანაირი დეზინფექცია, არანაირი სანიტარული დღეების მოწყობა საჭირო არ არის, რადგან ეს დაავადება არ გადადის კარის სახელურებიდან, არც ნივთებიდან, არც ხელის ჩამორთმევით, გადადების გზა მხოლოდ და მხოლოდ დაავადებულ ადამიანთან ერთ სივრცეში ყოფნაა. ვენტილაცია არის ყველაზე უფრო სწორი პრევენცია ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად.
ციცი ომანიძე