ფსიქოლოგი ნინო ამონაშვილი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, უნდა წავაკითხოთ თუ არა ბავშვებს წიგნები არდადეგებზე და რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ შვილს კითხვის პროცესი შეუყვარდეს:
- პირველ რიგში, ალბათ, უნდა დავსვათ შეკითხვა: როდის წარმოადგენს წიგნის კითხვა სიამოვნებას - მარტო ზაფხულის არდადეგების პერიოდში, თუ ზოგადად? თუ წიგნის წაკითხვა ზოგადად გვსიამოვნებს, მაშინ შეკითხვა, უნდა წავაკითხოთ, თუ არა ბავშვებს ზაფხულის არდადეგებზე, მეორეხარისხოვანია. ზაფხულზე, უბრალოდ, უფრო მეტი დრო გვაქვს და შეგვიძლია, უფრო მეტი წიგნი წავიკითხოთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ წიგნის კითხვა სიამოვნებასთან კავშირში უნდა იყოს. თუ ბავშვს კითხვა არ სიამოვნებს, მისგან დიდ სარგებელს ვერ მიიღებს. ამიტომ, მშობლის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ბავშვმა კითხვა შეიყვაროს - შეიყვაროს კითხვა არა არდადეგებზე, შაბათ-კვირას, არამედ ზოგადად, ნებისმიერ მომენტში უყვარდეს. შესაბამისად, შეკითხვა, არდადეგები რომ მოვა, უნდა წავაკითხოთ, თუ არა ბავშვს წიგნები, აღარ დადგება, რადგანაც მას თავად მოუნდება, თავისუფალი დრო რომ გამოუჩნდება, წიგნები წაიკითხოს.
ჩემ გარშემო უამრავი შემთხვევა ვიცი, ზუსტად არდადეგების დროს ბავშვებს ეუბნებიან: "ახლა ამდენს თუ არ წაიკითხავ, ამას ვერ მიიღებ... 20 გვერდი წაიკითხე და მერე ითამაშე" და ასე შემდეგ. შედეგად ვიღებთ, რომ ბავშვებს წიგნის კითხვა აღარ უყვართ. ასეთ ბავშვებს, რომ გაიზრდებიან, ზრდასრულობაში არც წიგნის კითხვა უყვართ, არც ფანტაზიის უნარი აქვთ განვითარებული - პირიქით, წიგნების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უყალიბდებათ.
რა თქმა უნდა, წიგნების წაკითხვა ძალიან კარგია. დღესდღეობით ბევრი აუდიო წიგნი არსებობს და ესეც კარგი საშუალებაა. თუმცა, ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში, მშობლებისთვის ყველაზე კარგი რჩევა იქნება, რომ სულ პატარაობის ასაკიდან ერთად კითხვა დავიწყოთ და იქამდე გავაგრძელოთ, სადამდეც ბავშვს სიამოვნებს. ჩათვალეთ, როგორც კინოს ვუყურებთ ერთად - ისე უნდა წავიკითხოთ წიგნებიც ერთად. თუმცა, წაკითხვა არ ნიშნავს იმას, რომ ერთად დავსხდეთ, ჩვენ შვილებს რაღაც წავუკითხოთ და პროცესი აქ დამთავრდეს. პირიქით, გავარჩიოთ, ვისაუბროთ პერსონაჟებზე, შინაარსზე, ვთქვათ, რა მოგვწონს, ან არ მოგვწონს. წიგნის კითხვის პროცესი საინტერესო გავხადოთ და მერე თავად მოუნდება ბავშვს წაკითხვა, თავად მოგთხოვთ, რომ წიგნის მაღაზიაში წაიყვანოთ და ჩვენს ცხოვრებაში დაძალების პრობლემა აღარ დადგება.