ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" წნევის გაზომვისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ საუბრობს, რომელთა გამოც მაჩვენებელი არასწორი და არასანდოა:
- საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი, როდესაც წნევას იზომავს, ტიპურ შეცდომებს უშვებს. როდესაც მაჩვენებელს აფიქსირებენ, მაღალი გამოსდით და ფიქრობენ, რომ მაღალწნევიანები არიან. მაგრამ, ხშირად იმის გამო, რომ არასწორად იზომავენ, წნევის მაჩვენებელი უფრო მაღალი გამოსდით, ვიდრე რეალურად აქვთ. ამიტომ, ამ რჩევებს კარგად მოუსმინეთ:
პირველ რიგში, ფეხზე დამდგარმა წნევა არ გაიზომოთ. აუცილებლად დასხედით და ისე გაიზომეთ. სკამს ზურგით ბოლომდე მიეყრდენით. თუ სკამს ზურგით ბოლომდე არ მიეყრდნობით, თქვენი წნევის მაჩვენებელი დაირღვევა. როდესაც წნევას ვიზომავთ, ორი მაჩვენებელია - სისტოლური და დიასტოლური. თუ სკამს ბოლომდე არ მიეყრდნობით და წნევას ფეხზე დამდგარი გაიზომავთ, დიასტოლური წნევა 6 ერთეულით მაღალი გამოგივათ, ვიდრე რეალურად გაქვთ. სისტოლური წნევა კი 8 ერთეულით მაღალი იქნება. შესაძლოა, ამ დროს ნორმალურწნევიანი ადამიანი იყოთ, მაგრამ არასწორად გაიზომეთ და ამიტომ დაგიფიქსირდათ მაღალი მაჩვენებელი.
გარდა ამისა, ეცადეთ, რომ ხელი გულის გასწვრივ, სწორად იყოს მოთავსებული. თუ მხარი გულის პარალელურად, უფრო დაბლა გექნებათ დაწეული, გრავიტაცია იმუშავებს და წნევის მაჩვენებელი, რეალურთან შედარებით, 5-10 ერთეულით მაღალი გამოგივათ. ამიტომ, ამას ყურადღება ყოველთვის მიაქციეთ.
ასევე, როცა წნევის გასაზომად დასხდებით, ფეხები ერთმანეთზე არ გადააჯვარედინოთ. როგორც კი ამას გააკეთებთ, არტერიები მაშინვე მოიკეცება, წინააღმდეგობა გაიზრდება და ავტომატურად, სისტოლური წნევაც გაიზრდება.
ეცადეთ, მანჟეტი მხარზე სწორად მოათავსოთ. იდაყვის ფოსოს ყოველთვის დააკვირდით. მანჟეტის ქვედა კიდე ფოსოდან 2-3 სმ-ით მაღლა უნდა იყოს. თუ ასე მოიქცევით, წნევას სწორად გაიზომავთ.
რაც შეეხება სტეტოსკოპს, რომლითაც ვისმენთ, როგორია წნევის მაჩვენებელი, შეეცადეთ, არტერიას ძალიან მჭიდროდ არ დააჭიროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიასტოლური წნევის მაჩვენებელი, რეალურთან შედარებით, უფრო მაღალი გამოგივათ. მსუბუქად დაადეთ და ეს აბსოლუტურად საკმარისი იქნება.
გარდა ამისა, შეეცადეთ, რომ წნევის გაზომვის წინ 5 წუთი დაისვენოთ და მშვიდ მდგომარეობაში იყოთ. ამ შემთხვევაში, სწორი მაჩვენებელი გამოგივათ.
ბევრი ადამიანი ასევე ამბობს, საჭიროა, თუ არა წნევის გაზომვისას ტანსაცმლის მხარზე აწევა. თუ თხელი სამოსი გაცვიათ, შეგიძლიათ, მასთან ერთად გაიზომოთ, მაგრამ თუ ოდნავ სქელი გაცვიათ და აიკეცავთ, ეს ხელს შეგვიშლის. როდესაც ხელზე ტანსაცმელს იკეცავენ, თავად აკეცილი ტანსაცმელი სისხლძარღვებს თავადვე კეტავს და წნევის მაჩვენებელიც არასწორი გამოდის. ამიტომ, ასე არასდროს მოიქცეთ. ან ხელზე სულ გაიხადეთ, ან კიდევ თუ თხელი სამოსი გაცვიათ, გეცვათ და ისე გაიზომეთ.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ როდესაც მანჟეტს მოუშვებთ, მანჟეტის მოშვების სიჩქარე ძალიან ძლიერი არ იყოს. ზოგი ისე სწრაფად უშვებს, რომ ვერც კი ასწრებს წნევის მაჩვენებლის დაფიქსირებას. ამიტომ, შეეცადეთ, როდესაც მოუშვებთ წამში ჰაერი 2-3 ერთეულით გამოვიდეს.
წნევის გაზომვამდე ნახევარი საათით ადრე კოფეინის შემცველი სასმელი არ მიიღოთ. კოფეინი წნევას გაგიზრდით და უფრო მაღალი მაჩვენებელი დაგიფიქსირდებათ. ასევე, შეეცადეთ, რომ გაზომვამდე ნახევარი საათით ადრე ფიზიკურად დატვირთული არ იყოთ, არ ირბინოთ, მძიმე ნივთები არ აწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წნევა, რეალურთან შედარებით, უფრო მაღალი გექნებათ.
გარდა ამისა, შეეცადეთ, რომ შარდის ბუშტი დაცლილი იყოს, რადგანაც დაძაბულ მდგომარეობაში წნევა უფრო მაღალი გამოგივათ.
როდესაც მწეველები თამბაქოს ეწევიან, ამ დროს მაჩვენებელი უფრო მაღალი აქვთ. რა თქმა უნდა, მოგიწოდებთ, რომ მოწევა შეწყვიტოთ, მაგრამ თუ მწეველი ხართ, შეეცადეთ წნევა ბოლო მოწევიდან ნახევარი საათის შემდეგ გაიზომოთ და ასევე, უშუალოდ მოწევიდან ნახევარი საათის განმავლობაშიც შეამოწმოთ, რომ მონაცემები ერთმანეთს შეადაროთ.
თუ შენი მხრის გარშემოწერილობა 20-26 სანტიმეტრია, უნდა გამოიყენოთ ისეთი მანჟეტი, რომელსაც "ზრდასრულის მცირე" აწერია. თუ გარშემოწირულობა 27-34 სანტიმეტრი იქნება "ზრდასრულის საშუალო" უნდა გამოიყენოთ. ხოლო, თუ უფრო დიდი, 35-44 სანტიმეტრი გექნებათ "ზრდასრულის დიდი" მანჟეტი გამოიყენეთ. თუ მანჟეტი თქვენს მხარზე პატარა იქნება, წნევა 10 ერთეულით უფრო მაღალი გამოგივათ, ვიდრე რეალურად გაქვთ.
შეეცადეთ, წნევა დღის მონაკვეთის ერთსა და იმავე დროს გაიზომოთ. ასეთ შემთხვევაში, მონაცემები უფრო სანდო იქნება. გარდა ამისა, გაზომვიდან 10-15 წუთში ყოველთვის გადაამოწმეთ, რომ მაჩვენებელი უფრო სანდო იყოს. როგორც წესი, მე-2- მე-3 გაზომვაზე წნევა უფრო რეალურია, ვიდრე პირველი გაზომვის შემთხვევაში.