კერი ოტისი გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ და ლამაზ ქალად ითვლებოდა და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მამაკაცებს შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, მისი მონაწილეობით "ველური ორქიდეა" კი, ალბათ, ყველას ჰქონდა ნანახი...
კერი ოტისი 1968 წლის 28 სექტემბერს სან-ფრანცისკოში, პატარა ქალაქში დაიბადა. გოგონას, ერთი შეხედვით, მშვიდი და სტაბილური ოჯახური გარემო ჰქონდა, თუმცა, სინამდვილეში, ბავშვობიდან უამრავი სკანდალი და ტრავმა შეხვდა. მშობლები ალკოჰოლიკები იყვნენ, ამიტომ ბავშვისთვის ხშირად არ ეცალათ. მოგვიანებით ვარსკვლავმა გაიხსენა, რომ ეს გარემო მისთვის იმდენად ჩვეულებრივი გახდა, დაწყებით სკოლაში, გაკვეთილებზე წასვლის ნაცვლად, ხშირად სახლიდან ვისკის ბოთლი მიჰქონდა და თანაკლასელებთან ერთად ავტოფარეხში სვამდა. წლების განმავლობაში სიტუაცია უარესდებოდა. კერის სკოლის დამთავრება მოახერხა, მაგრამ არ იცოდა, რისი გაკეთება სურდა მომავალში.
ყოველთვის საოცარი გარეგნობით გამოირჩეოდა. ამიტომ, 18 წლის ასაკში მისი სილამაზე ფოტოგრაფებმა შეამჩნიეს და ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოსთან საკმაოდ მომგებიანი კონტრაქტი გააფორმა. მას შემდეგ ოტისის ცხოვრებაში წარმატებული პერიოდი დაიწყო. ის გახდა ისეთი პოპულარული ბრენდების სახე, როგორებიცაა Guess, Donna Karan, Calvin Klein.
თუმცა, კიდევ უფრო მეტ პოპულარობას 1989 წელს მიაღწია, როდესაც მისი მონაწილეობით ფილმი "ველური ორქიდეა" გამოვიდა ეკრანებზე. გოგონა მაშინვე ჰოლივუდის ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობად აღიარეს და ეპოქის სექს-სიმბოლოს ტიტულიც მიიღო.
კერი ოტისი ყოველთვის სრული ფორმებით გამოირჩეოდა. მაშინ სამოდელო ინდუსტრიაში სხეულის პოზიტიურად აღქმის შესახებ არავინ საუბრობდა და ზედმეტ კილოგრამებს განსაკუთრებულ ნაკლად თვლიდნენ. კერის მუდმივად დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, გადაღებები, კასტინგები, შოუები - ამის გამო კი სპორტდარბაზში წასვლას ვეღარ ახერხებდა. ამიტომ, წონაში კლების უკიდურეს ხერხს მიმართა: დღის განმავლობაში მხოლოდ ყავას მიირთმევდა და სიგარეტს ეწეოდა.
"4-6 ჭიქა ამერიკანო და 1 კოლოფი სიგარეტი დღის განმავლობაში მეხმარებოდა, რომ ენერგია შემენარჩუნებინა." - თქვა კერიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ნელ-ნელა გოგონა ძალიან დასუსტდა, სახეც გაუფერმკრთალდა, ენერგია აღარ ჰქონდა. მაგრამ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არავის აინტერესებდა. ჯერ კიდევ ჰქონდა შესანიშნავი გარეგნობა, რომლის გამოც ფოტოგრაფები ერთმანეთს ასწრებდნენ და მომგებიან კონტრაქტებს სთავაზობდნენ.
"არავის აინტერესებდა, როგორ დავიკელი წონაში, მაგრამ ყველა აღფრთოვანებული იყო ჩემით." - თქვა მოგვიანებით ვარსკვლავმა.
იმის გამო, რომ დიდი რაოდენობით ყავას სვამდა, უძილობა დაეწყო. ხანდახან, დღე-ღამეში მხოლოდ ერთი საათი ეძინა. ნელ-ნელა რეალობის შეგრძნებას კარგავდა. მეგობრები ურჩევდნენ, რომ ექიმთან წასულიყო, მაგრამ ის უარს ამბობდა. უნდოდა, სასურველი ფორმა შეენარჩუნებინა, რომ სამოდელო ინდუსტრიაში კვლავ მოთხოვნადი ყოფილიყო.
ამავდროულად, როგორც გაირკვა, სამოდელო სააგენტო Elite-ს ხელმძღვანელის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას განიცდიდა, თუმცა ამაზე ვერავის ესაუბრებოდა. ფაქტის შესახებ კერიმ მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ისაუბრა და #metoo კამპანიას შეუერთდა.
1992 წელს იგი მიკი რურკზე დაქორწინდა, რომელიც "ველური ორქიდეას" გადასაღებ მოედანზე გაიცნო და მათ შორის მგზნებარე რომანი გაჩაღდა. თუმცა, მიკი რურკი მას საშინლად ექცეოდა და ქალზე ძალადობდა. გამუდმებით ღალატობდა, ბევრს სვამდა და მერე სახლში მისული ოტისს სცემდა. კერი ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, ამიტომაც გარკვეული პრეპარატების დალევა დაიწყო, რამაც მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო გააუარესა...
ბოლოს კერის მეგობრებიც ვეღარ სცნობდნენ. როგორც ამბობდნენ, ძალიან გამხდარი იყო და ენერგია საერთოდ აღარ ჰქონდა. ანორექსიისა და არალეგალურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების გამო, გარეგნობა აბსოლუტურად შეიცვალა. თმა მტვრევადი და უსიცოცხლო გახდა, კბილის მინანქარი გაუყვითლდა, სრულიად დეფორმირდა ის ნაკვთები, რომელთა გამოც ასე მოსწონდათ.
"ბოლოს თოვლივით თეთრი კბილები ფოტოშოპის დამსახურება იყო. სახეზე აკნე მქონდა და ვიზაჟისტებს ძალიან დიდი შრომა უწევდათ, რომ ეს დაემალათ. რაც შეეხება თმას, ყველაფერი, რასაც ფოტოებზე ხედავთ, სრული სისულელეა." - დაწერა მოდელმა თავის ავტობიოგრაფიაში.
კერი ოტისი ხვდებოდა, რომ მისი კარიერა ინგრეოდა და ვერც მოძალადე ქმარს აღწევდა თავს. 1998 წელს ზედოზირების გამო, გულის შეტევა დაემართა და კინაღამ გარდაიცვალა. საბედნიეროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
ოტისმა ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრში წასულიყო, თავი დაეღწია მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულებისათვის და ცხოვრება თავიდან დაეწყო. მალევე განქორწინება მოითხოვა და მთელი თავისი დრო ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას დაუთმო.
რამდენიმე წელი დასჭირდა იმისათვის, რომ ნორმალური კვებითი ჩვევები დაებრუნებინა და მომატებული კილოგრამების გამო აღარ ენერვიულა. გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი plus-size მოდელი და ბოდი პოზიტივის ერთ-ერთი მთავარი მიმდევარი გახდა. სპეციალისტებთან ერთად ბევრი იმუშავა, რომ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისაგანაც გათავისუფლებულიყო.
"ჩემი საუკეთესო მეგობრები იოგა, თერაპია და მედიტაცია არიან." - თქვა ვარსკვლავმა.
ახლა კერის სრულიად განსხვავებული ცხოვრების სტილი აქვს. დილის 4 საათზე დგება, მიმართავს მედიტაციასა და იოგას, ვარჯიშობს და მხოლოდ ამის შემდეგ უთმობს დროს სამუშაოს. პოდიუმზე იშვიათად ჩნდება და უფრო მეტად კინოინდუსტრიაში ჩაერთო. პოპულარობისთვის ბრძოლამ იგი სიკვდილის პირას მიიყვანა და ქალი მიხვდა, რომ ბედნიერება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაუსრულებელი პროექტები და გადაღებები.
2005 წელს იგი მეორედ დაქორწინდა. ვარსკვლავის რჩეული მეცნიერია. 2006 წლის ნოემბერში კი მათ პირველი ქალიშვილი, ჯეიდი შეეძინათ. კერი ცდილობს, რომ წარსულში დაშვებული შეცდომა აღარასოდეს გაიმეოროს და ქალიშვილსაც იმავეს ურჩევს.
ახლა ვარსკვლავი 54 წლისაა. ცოტა ხნის წინ სილამაზის ცნობილ ბრენდთან კონტრაქტი გააფორმა და ფიქრობს, რომ ახლა სამოდელო ბიზნესი ბევრად უფრო შემწყნარებელი და ტოლერანტული გახდა. თითქმის ყველა ინტერვიუში აცხადებს, რომ ადამიანს საკუთარი თავი ისეთი უნდა უყვარდეს, როგორიცაა, რადგან ყველა ამქვეყნად თავისებურად ლამაზია.