გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია - ამის შესახებ უწყებამ ინფორმაცია თავად გაავრცელა.
"როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებს. კვლევების შედეგად ისაზღვრება ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები.
აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე." - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც უკრაინაში ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე რუსეთმა 6 ივნისს იერიში მიიტანა და ააფეთქა. შედეგად, კაშხლის განადგურებამ ათობით დასახლებული პუნქტის დატბორვა გამოიწვია. დაიღუპა უამრავი ცხოველი და ფრინველი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად მავნე ნივთიერებები წყალში ჩაიღვარა და სიცოცხლისთვის საშიში გახდა.