კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ეკოლოგები შიშობენ, რომ როცა შავ ზღვაში მდინარის წყლის ასეთი დიდი ნაკადი ჩაიღვრება, შავი ზღვის წყალი გამტკნარდება და ზღვის ეკოსისტემას საფრთხე დაემუქრება. ამ თემაზე გაზეთი "კვირის პალიტრა" ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც სხვადასხვა სპეციალისტის აზრია გამოთქმული.
ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი გამოცემას ზღვის სავარაუდო დაბინძურების შედეგად გავრცელებად ინფექციებზე ესაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ შეიძლება შავი ზღვის დაბინძურებამ ჩვენთან იმაზე უარესი შედეგი არც გამოიწვიოს, როგორსაც სანაპიროს ახლოს ჩამდინარე საკანალიზაციო სისტემა იწვევს.
- სანაპიროს დაბინძურების შემთხვევაში რა სახის ინფექციები შეიძლება გავრცელდეს, მე 2 ტიპის საფრთხეს გამოვყოფდი:
1. დიდმა წყლის ნაკადმა შეიძლება გამოიწვიოს ზღვის სიმტკნარის შეცვლა, შესაბამისად, ზღვის ბინადრების დაღუპვა, რის გამოც მოიმატებს ზღვაში ორგანული ნარჩენების რაოდენობა. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა მიკრობის, მათ შორის პათოგენური მიკრობების გამრავლება. ყველაზე ცუდი ის არის, როცა ერთდროულად დიდი წყლის რაოდენობა შევარდება ზღვაში, ეს გარკვეულ უბნებში მის გამტკნარებას და ზღვისთვის ძალზე ცუდ ეკოსისტემურ ცვლილებებს, ასევე, ცხოველების მიგრაციას, წყალმცენარეების დაღუპვასა და ხრწნის პროცესებს გამოიწვევს. ზღვის მარილიანი წყალი სტაბილიზაციას იწვევს, მაგრამ მტკნარ წყალში მიკრობები მრავლდებიან, მაგრამ არსებობენ მლაშე წყლის მიკრობებიც, ამიტომ ცვლილებები მოსალოდნელია. შემდგომ ეს ყველაფერი შესაძლოა გამოირიყოს ნაპირზე, ადამიანმა ზღვაში იბანაოს და წყალი ჩაყლაპოს, რაც რისკის შემცველია (შესაძლოა წყალში იყოს ხრწნის პროდუქტები, ნაპირზე გამოირიყოს ხის, ცხოველების ნეშტები, ზოგ შემთხვევაში, გვამებიც კი). ამიტომ არსებობს დაინფიცირების, ნაწლავური და სხვა ინფექციების რისკები.
2. უფრო სერიოზულ საფრთხედ მიმაჩნია საბრძოლო მასალები, მათ შორის ნაღმები, რომლებიც დანაღმული ადგილებიდან, ველებიდან ჩამოირეცხა, დინებამ წამოიღო და შეიძლება აფეთქდეს. ასევე საშიშია ქიმიური ქარხნების ტერიტორიების ჩამორეცხვა და წყლის დაბინძურება. საქართველომდე ჯერ არ მოსულა დაბინძურება. პოტენციურად, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ნაწილი ჩვენთანაც მოხვდება, მაგრამ დიდი ნაწილი, ალბათ, ვერა, რადგან რაც უფრო მეტ წყალში განზავდება და მათი მოცულობა დაიკლებს. ჩვენ, სავარაუდოდ, დიდი საფრთხე არ გვემუქრება, თუმცა სიფრთხილე მაინც გვმართებს. მოსალოდნელია წელს ზღვაზე წყალმა მეტი ნარჩენი გამოიტანოს, დაბინძურდეს, თუმცა იმაზე მეტ საშიშროებას ვერ შეგვიქმნის, რასაც მუდმივად გვიქმნის აჭარის მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა - სანაპიროს ახლოს ჩადის წყალში ფეკალიები, იმ წყალში ხალხი ბანაობს და ამის შედეგად შავი ზღვისპირა რეგიონებში ხშირად გვაქვს ნაწლავური ინფექციის ეპიდაფეთქებები.
პ.ს. როდესაც წყლის დიდი ნაკადი ხერსონის ოლქიდან დაიძრა, ექსპერტებმა მალევე დაიწყეს ლაპარაკი ნაღმების დაძვრის დიდ საფრთხეზეც, რომელთა გაუვნებლებას შესაძლოა ათეულობით წელი დასჭირდეს. გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა, რომ წყალდიდობისა და წყლის სწრაფი მოძრაობის გამო ნაღმები შესაძლოა მოხვდნენ ისეთ ადგილებში, რომლებიც ადრე უსაფრთხოდ ითვლებოდა. სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, რადგან მდინარე დნეპრი შავ ზღვაში ჩაედინება, წყლის ძლიერი ნაკადი ნაღმებს ზღვაშიც ჩარეცხავს და ამ გზით შავ ზღვაში შეიძლება მოხვდეს როგორც ტანკსაწინააღმდეგო, ასევე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები. ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს პლასტმასის კორპუსი აქვთ და უფრო მდგრადია ზღვის მარილიანი წყლის მიმართ, ვიდრე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები. შესაბამისად, ისინი უფრო დიდხანს გაძლებენ. უკრაინაში ომის გამო თავად უკრაინისა და შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებისთვის მცურავი ნაღმების პრობლემაც გაჩნდა. ერთი ამგვარი ნაღმი 13 თებერვალს ბათუმის სანაპიროზეც აფეთქდა.