ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, შეუძლია, თუ არა კვების რაციონს შეაჩეროს, ან დააჩქაროს ორგანიზმის დაბერების პროცესი და რა უნდა გაითვალისწინონ ქალებმა 40 წლის ასაკის შემდეგ:
- მაქსიმალურად შეიძლება გამოვიყენოთ ის რესურსი, რაც ბუნებამ მოგვცა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გენეტიკა, რომლის უარყოფაც არ შეიძლება. მეორეა კვება, წყლის მიღებისა და ძილის რეჟიმი, სტაბილური ცხოვრება და ფიზიკური დატვირთვა. ესაა ის ფაქტორები, რომლებიც თითოეულმა ჩვენგანმა 40 წლის შემდეგ უნდა გაითვალისწინოს. რა თქმა უნდა, მანამდეც, მაგრამ 40 წლის შემდეგ უკვე აუცილებელია, თუ გვინდა, რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხი მოწოდების სიმაღლეზე იყოს.
ზაფხული ყველაზე კარგი პერიოდია იმისათვის, რომ ჩვენს თავზე სწორად ზრუნვა დავიწყოთ. ჩვენი ქვეყანა მრავალფეროვანი ხილითა და ბოსტნეულით ძალიან განებივრებულია. არ არის აუცილებელი, 40 წლის შემდეგ მაინცდამაინც რაციონში ხორცი იყოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად უნდა ამოვიღოთ. მაგრამ, გვეცვლება ჰორმონალური ფონი. აღარ გვჭირდება იმდენი ჰორმონი, რაც ახალგაზრდებს სჭირდებათ. ამიტომ, შეგვიძლია, ეს დრო გამოვიყენოთ და ნაკლები ცხიმი, ნაკლები ცილა მივიღოთ და ჩვენი რაციონი ხილითა და ბოსტნეულით გავამდიდროთ, თუ, რა თქმა უნდა, ჯანმრთელები ვართ და შაქრიანი დიაბეტი, ან სხვა ტიპის პათოლოგია არ აღგვენიშნება, რომლის მკურნალობის დროს ნახშირწყლები შეზღუდულია. მეტი წყალი, სითხე, ბევრი მოძრაობა და ძილი - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ ცხიმიც და ცილაც სწორი იყოს, 40 წლის შემდეგ ჩვენი სხეულის ენა უნდა გვესმოდეს. ის ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ, სწორად უნდა გადავამუშაოთ და ჩვენი ცხოვრების სტილს მოვარგოთ.
ჩემი კლინიკური გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ ქართული პროდუქტები, რაც სეზონურია, ჩვენთვის უკეთესია. ამის უარყოფა არ შეიძლება. მაგალითად, თუ ავოკადო გვიყვარს, რატომაც არა, მაგრამ ის, რაც მოდის კახეთში, აჭარაში უკეთესია. მთელი მსოფლიო უკვე ინტუიციურ კვებაზე გადადის. არ შეიძლება, რაღაცაზე თქვა, რომ არ გჭირდება. ორგანიზმს უნდა მოვუსმინოთ. ხანდახან შოკოლადიც, ყავაც აუცილებელია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ ორგანიზმს არ ვებრძოლოთ.
არასწორი შიმშილი დაბერებასა და უჯრედის ოქსიდაციურ სტრესს იწვევს. თუ 6 კვირის განმავლობაში გარკვეული კვების რეჟიმზე ვართ და ცუდად გამოვიყურებით, ესე იგი, ეს ჩვენთვის შესაფერისი კვების მოდელი არ არის.