ვის უნდა მიმართოთ, თუ თვლით, რომ ბავშვმა სექსუალური ძალადობა განიცადა - საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი გაიხსნა - მშობლები

ვის უნდა მიმართოთ, თუ თვლით, რომ ბავშვმა სექსუალური ძალადობა განიცადა - საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი გაიხსნა

2023-07-14 15:38:59+04:00

საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი გაიხსნა, რომლის მიზანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რე-ტრავმირებისგან დაცვა და საგამოძიებო და სარეაბილიტაციო მოქმედებების ერთ სივრცეში თავმოყრაა - ამის შესახებ ინფორმაციას UNICEF Georgia ავრცელებს.

"ცენტრისადმი მიმართვის შეზღუდვა, ან რაიმე წინაპირობა არ არსებობს. თუ ვინმე თვლის, რომ სექსუალურ ძალადობასთან მიმართებით მულტიდისციპლინარული მიდგომა სჭირდება, არსებობს ფაქტი, ან კითხვები აქვთ და არ იციან, სახელი დაარქვან, თუ არა, შეუძლიათ 111-ზე დარეკონ და ისინი კონკრეტულ ადამიანებთან გადაამისამართებენ. ცენტრის მომსახურება ბავშვებისთვის უფასოა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მასპინძელი უწყებაა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან ერთად, კიდევ 5 უწყება მუშაობს. ესენია: შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია, პროკურატურა, იურიდიული დახმარების სამსახური, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. ცენტრი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ფუნქციონირებს და ნებისმიერ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, შეუძლია მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს და თბილისის მასშტაბით შემთხვევაზე რეაგირება, საგამოძიებო მოქმედებები და ბავშვის რეაბილიტაციის შეთავაზება მოხდება ცენტრში. სექსუალური ძალადობის შესაძლო შემთხვევაზე შეტყობინება შეუძლია გააკეთოს ყველას, მათ შორის მასწავლებელი, მეზობელი, მშობელი თუ სხვა. ცენტრში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვებისათვის ფსიქოლოგები საერთაშორისოდ აღიარებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომით მუშაობენ. რეაბილიტაცია მოკლევადიანიცაა და გრძელვადიანიც. ბავშვი ერთი ფანჯრის პრინციპით მონაწილეობს საგამოძიებო მოქმედებებში დაკითხვა-გამოკითხვა, სამედიცინო/სასამართლო ექსპერტიზა ადგილზე ხდება. სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი მიდის ცენტრში და არასრულწლოვანს აღარ უწევს, აღნიშნულ უწყებებში თავად გამოცხადდეს. ეს არის დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც სისტემაში განხორციელდა. ბავშვის მიერ შემთხვევის გახსენება მინიმუმამდეა დაყვანილი, რომელსაც შესაბამისი უწყების წარმომადგენელი ერთდროულად ისმენს და მას მრავალჯერადად აღარ უწევს, გაიხსენოს ფაქტი. ეს კი განმეორებადი ტრავმირებისგან იცავს ბავშვს." - აღნიშნავს გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ნონა ციხელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოდელი უკვე რამდენიმე ათწლეულია, წარმატებით მუშაობს სკანდინავიის ქვეყნებში და ევროპის 40 ქვეყანაში ინერგება. საქართველოს მოდელი ესტონეთის პრაქტიკას ეფუძნება.

"ცენტრის ფუნქციონირება გააუმჯობესებს იმ ბავშვების მდგომარეობას, რომლებიც ამ მძიმე დანაშაულის მსხვერპლი გახდნენ და განიცდიან ტრავმას. ცენტრში არსებული გარემო ორიენტირებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების დაცვაზე, ასევე მხარდაჭერასა და რეაბილიტაციაზე. ყველა ჩართულ უწყებასთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას სერვისის უმაღლესი სტანდარტის დანერგვაზე, მნიშვნელოვანია რომ სწორედ უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელია ამ პროცედურის ერთ სივრცეში განხორციელება." - ამბობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე.

UNICEF საქართველოს ოფისი აღნიშნავს, რომ ბავშვების მიმართ ძალადობამ შეიძლება მათ ცხოვრებაზე სამუდამო კვალი დატოვოს. ძალადობის შემთხვევების გამოძიებისას, ბავშვებს სხვადასხვა უწყებაში გამოკითხვასთან, სასამართლო ექსპერტიზასთან, სამედიცინო და სხვა შემოწმებებთან დაკავშირებული ხანგრძლივი და სტრესული პროცესის გავლა უწევთ. ფაქტებით დამტკიცებულია, რომ ეს ბავშვისთვის შეიძლება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს. მეორადმა ვიქტიმიზაციამ შესაძლოა არანაკლები ზიანი მიაყენოს ბავშვს, მრავალჯერადი გასაუბრებების დროს, იმ ადამიანებს, რომლებსაც არ გაუვლიათ შესაბამისი ტრენინგი სასამართლო ექსპერტიზის გასაუბრებაში, პასუხის მიმანიშნებელი კითხვების დასმით შესაძლოა ბავშვებს მოვლენები დამახინჯებული ფორმით გადმოაცემინონ, რამაც შეიძლება გამოძიების პროცესს დიდი ზიანი მიაყენოს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი - 111 მოქმედებსდა დარეკვა უფასოა.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ესტონეთის მთავრობის მჭიდრო პარტნიორობით გაიხსნა.

თამარ იაკობაშვილი