დედები ბუნებით უფრო ახლოს არიან ბავშვებთან, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ წლებში. მაგრამ ყველა დედას სურს, რომ მამებიც ასევე ახლოს იყვნენ შვილებთან. ირგვლივ ვხედავთ ისეთ მამებს, რომლებიც არანაკლებ უვლიან შვილებს, დიდ დროს ატარებენ მათთან, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ ყველა ასეთი არ არის. ქალებს აქვთ დედობრივი ინსტინქტი და უპირობო სიყვარული. მამა-შვილის ურთიერთობის ბუნება კი ფუნდამენტურად განსხვავებულია. ბავშვის კონტაქტი მამასთან დედის მეშვეობით მყარდება: როგორ იმპულსსაც მისცემს, ისე იქნება. დედა პატარას და მამას შორის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია. ასე რომ, ამ ასპექტშიც დედებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.
როგორ დავეხმაროთ მამას, რომ თავისი ახალი როლი კარგად გაითავისოს?
- ნუ მოითხოვთ, რომ მამის ყურადღება და ბავშვთან გატარებული დრო თავიდანვე თქვენის ტოლფასი იყოს. ბავშვზე კონცენტრირება 10-20 წუთის განმავლობაშიც შესანიშნავი დასაწყისია.
- იყავით გარე დამკვირვებელი. როცა მამა შვილთან ერთად ატარებს დროს, ნუ ჩაერევით, ნუ გააკეთებთ კომენტარს მის ქმედებებზე. ნებისმიერი რჩევა იქნება მიზანშეწონილი ან უფრო ადრე ან მის შემდეგ. თუ კონკრეტული საკითხი განსაკუთრებით გაწუხებთ, წინასწარ განიხილეთ შესაძლო ვარიანტები, რათა თავიდან აიცილოთ საგანგებო სიტუაციები. საბოლოო ჯამში, ენდეთ საყვარელ მამაკაცს: ის ყველაფერს სწორად გააკეთებს.
- გაიარეთ კონსულტაცია მამასთან იმ საკითხებში, რომლებიც ბავშვს ეხება და ერთად მიიღეთ გადაწყვეტილებები. ასე რომ, ის თავს ჩართულადაც იგრძნობს შვილის აღზრდის პროცესში და ცოტა კომპეტენტურადაც მოვლა-აღზრდის საკითხებში. რა თქმა უნდა, დედები უფრო ერკვევიან ბავშვთა საკითხებში, მაგრამ მამასაც თავისი აზრი აქვს და ის დასაფასებელია. გადაწყვეტილებები ორივემ უნდა მიიღოთ, რადგან პასუხისმგებლობა ბავშვზე თავიდანვე ორზე იყოს განაწილებული.
- ხელი შეუწყვეთ, რომ მამა-შვილმა დრო მარტოებმაც გაატარონ. მათ უნდა ჰქონოდათ საკუტარი ურთიერთობა, თავიანთი თამაშები და საიდუმლოებები.
- როგორც მამაკაცმა უნდა გაუწიოს თქვენს დაღლილობას ანგარიში, ასევე თქვენც გაუწიეთ ანგარიში მის დაღლილობას და სამსახურიდან მოსულ მშიერსა და დაღლილს მაშინვე ბავშვს ნუ გადასცემთ. ოდნავ სულის მოთქმის საშუალება მიეცით.
- პრეტენზიები და საყვედურები მხოლოდ პროტესტს იწვევენ. ამიტომ ბრალდებით მონოლოგებზე დროს ნუ დაკარგავთ, ნუ დაადანაშაულებთ და ნუ გაკიცხავთ მამას, არამედ პირდაპირ ელაპარაკეთ თქვენს სურვილზე. მკაფიოდ გააგებინეთ, რას ითხოვთ. მაგალითად, ასე: „მინდა, ბავშვი გაასეირნო“. ეს მიდგომა ბევრად უკეთ ამართლებს.
- მიეცით მამას ერთი მნიშვნელოვანი დავალება. დაე, იყოს ბავშვის ყოველდღიური რიტუალების ჩამონათვალში რაიმე ისეთი, რომელსაც მხოლოდ მამა გააკეთებს, მაგალითად დაბანა, ძილის წინ რწევა, დასაძინებლად წაყვანა და ა.შ. მამამ უბრალოდ უნდა იცოდეს, რომ რაღაც საკითხებში შეუცვლელია.
- შეაქეთ მამა. თქვით, რომ ბავშვს რომელიმე კარგი თვისება სწორედ მისგან გამოჰყვა. თუნდაც ასე არ ფიქრობდეთ, მაინც უთხარით, რადგან ეს სიტყვები ბევრ რამეს სასიკეთოდ შეცვლის. მამას გიჟურად ახარებს აზრი, რომ ბავშვი ყველა "სიკეთეში" მას დაემსგავსა.
- ნუ გადააქცევთ მამას სადამსჯელო ავტორიტეტად: "აი მამა მოვა, ყველაფერს მოვუყვები...". ოჯახის ყველა წევრის თანდასწრებით, განურჩევლად ასაკისა, ისაუბრეთ ბავშვის მიღწევებზე, ხოლო აღზრდის რთული მომენტები ცოლ-ქმარმა ცალკე განიხილეთ.

მამაკაცი ბავშვს ეჯაჭვება, თუ მასზე რეგულარულად ზრუნავს. ბავშვიც ასევე იწყებს მამაზე მიკედლებას და ელოდება მის დაბრუნებას, როდესაც მათ ხშირი კონტაქტი აქვთ. შედეგად, ყალიბდება ძალიან მყარი მამა-შვილური ურთიერთობა, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება.