ჯეინ ბირკინი ცნობილი მსახიობი და მომღერალი იყო, მოდური ქალბატონი, რომლის სტილს მილიონობით ადამიანი ბაძავდა, სკანდალური ქრონიკების გმირი და უფლებადამცველი, ცოლი და დედა, 1970-იანი წლების სექსსიმბოლო. 16 ივლისს თავის პარიზულ ბინაში მისმა მოახლემ იპოვა გარდაცვლილი.
ჯეინ მელორი ბირკინი, საზღვაო ოფიცერ დევიდ ბირკინისა და ბოჰემური წრეების ვარსკვლავის, ბრიტანელი მსახიობის ჯუდი კემპბელის ქალიშვილი, 1946 წლის 14 დეკემბერს დაიბადა ლონდონში. ოჯახში მის გარდა იზრდებოდა მისი უფროსი ძმა, მომავალი კინორეჟისორი და სცენარისტი ენდრიუ ბირკინი.
ჯეინი ამბობდა, რომ ბავშვობაში ძალიან მორცხვი იყო. საკმაოდ რესპექტაბელურ რაიონში ცხოვრობდა, უზრუნველყოფილ კლასს მიეკუთვნებოდა და წესით, ჩვეულებრივი ბურჟუის მოწესრიგებული ცხოვრება ელოდა. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წავიდა...
გამხდარი გოგონა დიდი თვალებით და განსაკუთრებული ჩაცმის სტილით, მალე გახდა პოპულარული ახალგაზრდების წრეში. არ ტოვებდა წვეულებებს და ღონისძიებებს, განსაკუთრებით უყვარდა სიმღერა.
17 წლისა კი საკმაოდ ცნობილ კომპოზიტორს, ჯონ ბარის შეხვდა და მათ შორის რომანი გაჩაღდა. იმ დროისთვის ბარის "ბონდიანას" სამი სერიისთვის ჰქონდა დაწერილი მუსიკა და ორ ქალთან დაშორებაც მოესწრო. წყვილმა იქორწინა კიდეც და 1967 წელს კეიტს ქალიშვილიც გაუჩნდა. თუმცა სამ წელიწადში დაშორდნენ ერთმანეთს - ბარი ჩვეულებრივი მექალთანე იყო და არ შეეძლო დიდხანს ვინმესთან გაჩერება.
ბარისთან დაშორების შემდეგ მალევე ჯეინის კინოკარიერა დაიწყო და თანაც, საკმაოდ ეფექტურად - ალენ დელონს გაუწია პარტნიორობა "აუზში" და ანტონიონისთან ითამაშა. სულ მალე კი, ფილმ "სლოგანის" სინჯებზე გაიცნო ცნობილი ფრანგი მსახიობი, მომღერალი და კომპოზიტორი სერჟ გინსბური. ის 18 წლით უფროსი იყო ჯეინზე, მოუხეშო, ბევრს სვამდა და ეწეოდა... თითქოს ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მათ შორის მგზნებარე რომანი გაჩაღდა. ჯეინი საფრანგეთში გადავიდა სერჟთან საცხოვრებლად და 1969 წელს მათ პირველი ერთობლივი ფირფიტა გამოუშვეს. ამ ფირფიტაზე იყო კომპოზიცია Je t’aime… moi non plus, რომელიც 1970-იანი წლების "თავისუფალი სიყვარულის" ჰიმნად იქცა - სიმღერის ფინალში ბირკინი ოხრავდა და კვნესოდა. იმდენად სკანდალური იყო ეს სიმღერა, რომ ბევრ რადიოში აკრძალეს და თვით რომის პაპმაც კი გააკრიტიკა.
თუმცა გაყიდვებზე ამ ყველაფერმა პირიქით, უკეთ იმოქმედა და წყვილის სუპერპოპულარობაზეც. სიმღერას მოჰყვა 1975 წელს გინსბურის მიერ გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც ჯეინმა ითამაშა მთავარი როლი. ფილმიც იმდენად სკანდალური გამოვიდა, რომ გააოგნა მაყურებელი და გარკვეულ წრეებში ძალიან პოპულარული გახდა. ბევრ ქვეყანაში ეს ფილმიც აკრძალეს...
ამასობაში წყვილს გადარეული სიყვარული აკავშირებდა. მათ 13 წელი იცხოვრეს ერთად და გაუჩნდათ ქალიშვილი, დღესდღეობით ცნობილი მსახიობი შარლოტა გინსბური.
თანაცხოვრების პერიოდში სერჟი ჯეინისთვის ძვირფასეულობას ყიდულობდა, ანებივრებდა, თუმცა თავის რთულ ხასიათს ვერაფერს უშვრებოდა და საკმაოდ დესპოტიც იყო, როგორც მეუღლე. 1970 წელს ჯეინმა მას საჯაროდ ესროლა სახეში ტორტი. 1980 წელს კი, როცა შორდებოდა, დღიურში ჩაწერა: "33 წლის ვარ. მაქვს უფლება ვიცხოვრო ისე, როგორც მინდა, არ ვიყო არავისი მონა, არავისი მეშინოდეს, არავისი მრცხვენოდეს. სერჟი ამაზე არასდროს წავა. ის არ დამრთავს ნებას, ვიცხოვრო მის სახლში და არ დავემორჩილო მის ბრძანებებს".
ბირკინი წავიდა სერჟისგან, მან კი სახლში ჯეინის ზომის მისი ქანდაკება დადგა, საძინებელი კი ზუსტად ისე დატოვა, როგორიც იყო ჯეინის წასვლისას...
მისგან წამოსული ჯეინი კვლავ ინარჩუნებდა პოპულარობას, როგორც მსახიობი, მომღერალი და ასევე, როგორც მოდური ქალბატონი. ის მოდის კანონმდებლად იქცა და მისი ყოველი გამოჩენა პარიზის, ლონდონის თუ ნიუ-იორკის ღამის კლუბებში დიდი მოვლენა იყო. მას მიაწერენ "ჰერმესის" ჩანთების პოპულარობას (რომელმაც მოგვიანებით მისი სახელობის ჩანთაც კი გამოუშვა), ასევე პარიზში ლონდონური ულტრამინი ქვედატანების პოპულარობას, მაღალ ჩექმებსა და ვიწრო შარვლებს, ჯინსებს ქუსლიან ფეხსაცმელზე და პერანგებს ბიუსტჰალტერის გარეშე, უყვარდა შორტებიც და მამაკაცის სამოსის ჩაცმაც და ყოველთვის ჰქონდა თავისებური სტილი, რომელსაც მერე სხვები იმეორებდნენ.
კლუბები, სადაც ის მიდიოდა დასალევად ან საცეკვაოდ, მაშინვე პოპულარული ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი როლი არ ჰქონია და ვერც კინოვარსკვლავად იქცა და არც აქტიურად აღარ მღეროდა, სულ იყო განხილვის თემა, სულ აქცევდნენ ყურადღებას, რას ამბობდა, როგორ იცვამდა, რას საქმიანობდა...
სერჟთან დაშორების შემდეგ მალევე გააბა ურთიერთობა რეჟისორ ჟაკ დუაიონთან, რომლისგანაც მესამე ქალიშვილი, ლუ გაუჩნდა. თუმცა ჟაკთან დიდხანს არ უცხოვრია და 1990-იან წლებში დაშორდა. შემდეგ წლები ცხოვრობდა მარტო, პერიოდულად ჰქონდა ურთიერთობა მწერალ ოლივიე როლენთან.
"მთავარია, იყო მასთან, ვინც გიყვარს და არასდროს მას არ დაშორდე. ეს ერთადერთი რამაა ამქვეყნად, რომელსაც უნდა გაუფრთხილდე", - ჩაწერა ერთხელ ჯეინმა დრიურში. თუმცა სამწუხაროდ, ცხოვრებაში ძვირფას ადამიანებთან განშორება მოუწია. 1991 წელს, როცა სერჟ გინსბური გარდაიცვალა, ჯეინმა ის გულწრფელად გამოიგლოვა და ამბობენ, რომ დუაიონთან დაშორების მიზეზიც ეს იყო - ჟაკმა ვერ გაუგო ჯეინს, რომელიც ასე გლოვობდა ყოფილი ქმრის გამო... 2013 წელს კი უფროსი ქალიშვილი კეიტ ბარი დაკრძალა, რომელმაც თავი მოიკლა...
...სიცოცხლის ბოლომდე ჯეინი იყო სულ აქტიური, თამაშობდა მცირე როლებს, მონაწილეობდა სარეკლამო პროექტებში, ერთ დროს გინსბურის მიერ მისთვის დაწერილ სიმღერებს კვლავ ასრულებდა და ალბომებსაც უშვებდა, მონაწილეობდა საქველმოქმედო აქტივობებში. აქტიური ურთიერთობა ჰქონდა შვილებთან და შვილიშვილებთან (6 შვილიშვილი დარჩა სამი ქალიშვილისგან) და იყო სიცოცხლით სავსე. 2021 წელს გახდა ცნობილი, რომ ინსულტი გადაიტანა და უკეთ გრძნობდა თავს, თუმცა, როგორც ჩანს, ამან თავისი კვალი დატოვა და 16 ივლისს მსახიობი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.