„რა გატირებს,, კაცი არ ხარ?“, „რისი გეშინია, გოგო ხომ არ ხარ?“ - ამ ფრაზებით ძალაუნებურად შთავაგონებთ პატარა ბიჭებს, რომ ემოციების შეკავება საჭიროა, მეტიც - აუცილებელი. ამას გაგრძელება მოჰყვება: ”თურმე ჩემი ბიჭი კლასელს ეჩხუბა და მე მასწავლებლისგან გავიგე. ჩემთვის არ მოუყოლია, როცა ვეკითხები, თითქოს არ ესმის, რაზე ვსაუბრობ”, - დაიჩივლებს დედა. მოგვიანებით ასეთი გაუგებრობები და პრეტენზიები შეყვარებულებს და ცოლებს უჩნდებათ. ეს სწორედ თავის დროზე შეკავებული ემოციების შედეგია.
მამაკაცებსა და ქალებში ემოციების გამოვლინების ფორმები ფუნდამენტურად განსხვავებულია. მამაკაცის ამოცანა ეფექტური მოქმედებაა. ამიტომ, უკვე ბავშვობიდანვე, ბიჭები ემოციებს ქვეცნობიერად აღიქვამენ, როგორც უსარგებლოს. და თუ მშობლებიც დათრგუნავენ მათ, მაშინ მამაკაცში შეიძლება უბრალოდ არ განვითარდეს გრძნობების ღიად გამოხატვის უნარი. როგორ დავეხმაროთ ბავშვებს, რომ საკუთარ თავში არ ჩაიკეტონ?
ხედავთ, რომ ბავშვს აშკარად რაღაც აშფოთებს, მაგრამ როცა ცდილობთ, დაელაპარაკოთ, თავს გარიდებთ და გარბის. შეშფოთებულ მშობლებს სურთ სიტუაციის რაც შეიძლება მალე გარკვევა, მაგრამ რაც მეტს ინდომებს მშობელი, მით უფრო ჯიუტობს ბავშვი. ამ დროს ფიზიკური აქტივობა ან უბრალოდ რაიმე ახალ გასართობზე გადასვლა ბიჭებს სტრესის მოხსნაში ეხმარება.
ზოგ ბავშვს ამ დროს სირბილი და ხმაური სჭირდება, ზოგს ოთახში განმარტოება და საყვარელი კომპიუტერული თამაში უნდა. თუ თქვენ მკაცრად ზღუდავთ კომპიუტერზე თამაშს, მაშინ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ლოიალობა უნდა გამოიჩინოთ. ნახევარსაათიანი განტვირთვის შემდეგ კვლავ სცადეთ ბავშვთან საუბარი.
რა მოხდება, თუ არც ნახევარი საათის შემდეგ და არც უფრო გვიან ბავშვი არ არის მზად დიალოგისთვის? ბიჭებს ზოგჯერ მეტი დრო სჭირდებათ ტვინის ცენტრალურ ნაწილში ინფორმაციის გადასამუშავებლად, რომელიც ემოციებზე და ვერბალურ სფეროზეა პასუხისმგებელი. ამაში კი მათ ფიზიკური აქტივობა ეხმარება.
მშობლებმა მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ ბავშვის პირადი სივრცე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუდმივად გვინდა შვილის გვერდით ვიყოთ და დავეხმაროთ, ზოგჯერ საუკეთესო დახმარება მისთვის საკუთარი სივრცის და თავისუფალი დროის მიცემა. სცადეთ, საუბარი მეორე დღეს განაგრძოთ.
როცა ბავშვი სტრესშია, მზად იყავით მისი აგრესიული ქცევისთვის, როცა ის ყვირილს და უხეშ თამაშს დაიწყებს. ბავშვის „ველური“ ქცევა ბევრ მშობელს აწუხებს. თუმცა, თუ ბავშვის აგრესია ძირითადად მიმართულია იმ ნივთებზე, რაც მას ეკუთვნის, დაე, ასე გამოხატოს თავისი ბრაზი. როცა ხედავთ, რომ ის მისაღების ზღვარს კვეთს, მაშინვე ნუ იჩქარებთ დასჯას. ამის ნაცვლად, შესთავაზეთ სტრესისგან გათავისუფლების ალტერნატიული გზა.
მაგალითად, აიღეთ ჭიქა ან ღრმა თეფში და უთხარით, რომ ამ ნივთებს უყვიროს, რამდენიც უნდა. თუ შეურაცხმყოფელ სიტყვებზე გადადის, ამ სიტყვების ნაცვლად ხილის ან ბოსტნეულის სახელები გამოიყენოს. „შე ვაშლო, "ფორთოხალო“ - ამას თამაშის სახე ექნება და შეიძლება კარგ ხასიათზეც დადგეს. ამავდროულად, ბავშვმა უნდა გააცნობიეროს: არაფერია ცუდი იმაში, რომ გაბრაზებული ან გაღიზიანებულია, უბრალოდ არსებობს გზები, რომლებიც ამ ბრაზის სხვების შეურაცხყოფის გარეშე გამოახატინებს.
ხშირად ბავშვებს (განსაკუთრებით ბიჭებს) ემოციების გამოხატვაში წიგნის ან მულტფილმის საყვარელი პერსონაჟი ეხმარება. როლური თამაშისას შვილთან ერთად მოიფიქრეთ ისტორია, რომელიც ახლოსაა იმასთან, რასაც თქვენი შვილი განიცდის. ითამაშეთ სცენა, სადაც მისი საყვარელი გმირი განიცდის მსგავს პრობლემებს;
მაშინაც კი, თუ ბავშვს არ სურს დიალოგი, არამედ უბრალოდ გისმენთ, იცოდეთ, რომ ამ მომენტში ის მაინც აცნობიერებს თავის გრძნობებსა და ემოციებს, რაზეც შესაძლოა მოგვიანებით ისაუბროს.
დაასახელეთ გრძნობა. მიეცით ბავშვს საშუალება, დარწმუნდეს, რომ თუ ემოციებს სათანადო სახელებს დაარქმევს, მაშინ ის თავს უკეთესად იგრძნობს. ამისათვის მნიშვნელოვანია ასწავლოთ მარტივი სიტყვებით: „მეშინია“, „მეწყინა“ , „გავბრაზდი“, „არ მომწონს“ და ა.შ. მნიშვნელოვანია, ბავშვმა ზუსტად გაიგოს, რომ მისი მშობლები ხვდებიან მის გრძნობებს და არ გაკიცხავენ მათ გამო.
მოუყევით თქვენზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვები, პირველ რიგში, ჩვენგან იღებენ მაგალითს. ნუ შეგეშინდებათ მათთან საუბარი თქვენს გრძნობებზე, იმაზე, რომ თქვენც გაწყენინეს და გაგაბრაზეს.
ბოდიში. თუ ბავშვთან ზედმეტი სიმკაცრე გამოიჩინეთ, ბოდიში მოუხადეთ და თქვენს გრძნობებზე მომუყევით. „ძალიან გაბრაზებული ვიყავი და იმიტომ გიყვირე. მოდი ჩამეხუტე და შევრიგდეთ“.