ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დიეტურ(უშაქრო) სასმელებსა და დაბალკალორიულ საკვებში შემავალი ხელოვნური დამატკბობელი, ასპარტამი, კიბოს გამომწვევად დაასახელა. ექიმი ქეთევან შავლიაშვილი სოციალურ ქსელში ამის შესახებ წერს.
"დიეტურ სასმელებში შემავალმა ასპარტამმა შესაძლოა კიბო გამოიწვიოს! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ გამოაცხადა, რომ ხელოვნურმა დამატკბობელმა, ასპარტამმა, რომელიც ფართოდ გამოიყენება დიეტურ სასმელებსა და დაბალკალორიულ (ძირითადად ულტრაპროცესირებულ) საკვებში, შესაძლოა კიბო გამოიწვიოს.
ჯანმო-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ასპარტამი კლასიფიცირებულია, როგორც 2b კლასის კანცეროგენი ანუ “ადამიანის შესაძლო კანცეროგენი”!
ჯანმო-ს ეს განცხადება ჯანდაცვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანოს პირველი საჯარო განცხადებაა თითქმის ყველგან გავრცელებული ხელოვნური დამატკბობლის მავნე ზემოქმედების და კიბოს რისკების შესახებ!
FDA -მ და სასმელების ინდუსტრიამ უკვე გააპროტესტეს ეს სიახლე. მინდოდა გამეზიარებინა რამდენიმე მოსაზრება განცხადებასთან დაკავშირებით და იმის შესახებ, თუ რა ვიცით აქამდე ხელოვნური დამატკბობლების ზეგავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ასპარტამი ათწლეულების განმავლობაში მრავალ სავარაუდო დაავადებასთან დაკავშირებული სადავო ინგრედიენტია. ის 6000-ზე მეტ პროდუქტში გვხვდება, მათ შორის საკვებსა და სასმელში, ხველის საწინააღმდეგო სიროფში, კბილის პასტაში და ხელოვნურად დამტკბარი გამაგრილებელი სასმელების დაახლოებით 95%-ში.
მაისში ჯანმო-მ მოსახლეობას მოუწოდა, არ გამოიყენონ შაქრის შემცვლელები წონის დაკლების მიზნით, რაკი კვლევები აჩვენებს, რომ ხელოვნური დამატკბობლების მოხმარება არ იწვევს წონის დაკლებას, რასაც, როგორც წესი, შაქარზე უარის თქმით გამოწვეულ კალორიული დეფიციტისგან მოველით.
ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ხელოვნური დამატკბობლები აზიანებენ ნაწლავის მიკრობიომს, ზრდიან სხეულის გაცხიმოვნებას, არღვევენ მადის და დანაყრების სიგნალებს და ზრდიან სისხლში გლუკოზის დონეს.
ზოგიერთი კვლევა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით ასპარტამის ზემოქმედება ადრეულ ასაკში ზრდის კიბოს რისკს, რთულია ამ შედეგების გამეორება ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებში.თუმცა, საფრანგეთის მოსახლეობაზე დაფუძნებულმა, 100 000-ზე მეტ ადამიანზე ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა კიბოს გაზრდილი რისკი, რომელიც დაკავშირებულია ასპარტამის მოხმარებასთან.
იმედია ამ განცხადებას ასპარტამის მსგავსი ქიმიკატების უფრო ღრმა კვლევა მოჰყვება, რაც დაგვეხმარება მეტი ვიცოდეთ საკვების შემადგენლობაზე, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ და მისი გავლენის შესახებ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ის ადამიანები, ვინც დიდი რაოდენობით დიეტურ კოლას, პეპსის და სხვა დიეტურ სასმელებს მოიხმარენ, სასურველია გადავიდნენ წყლის ან დამატკბობელის გარეშე, სხვა სახის სასმელების მოხმარებაზე." - წერს ქეთევან შავლიაშვილი.