ტვინი გაგვიბურღა დამრიგებელმა, ფული შეაგროვეთ, დირექტორს პატივი ვცეთ. თუ არ შეაგროვებთ, იძულებული გავხდები, მე მივცეო ბოლო დროს აქტუალური გახდა საუბრები იმაზე, რომ საჯარო სკოლებში მექრთამეობის სისტემა აღდგა. რამდენიმე შეწუხებული მშობელი ჩვენც დაგვიკავშირდა და გაგვიზიარა აზრები ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე გვიამბო იმ არც ისე სასიამოვნო ფაქტების შესახებ, რაც სულაც არ არის იშვიათი. იმ იმედით ვაქვეყნებთ მათ ნაამბობს და ვაშუქებთ ამ მოვლენებს, რომ სათანადო უწყებები ყურად იღებენ და საჯარო სკოლებს, სადაც ამის გარდაც უამრავი პრობლემაა დაგროვილი და ახლა ესეც დაემატა, კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ.
ნინო, 38 წლის:
- აქამდე სხვებისგანაც მესმოდა, რომ თბილისის ზოგიერთ სკოლაში კორუფცია აყვავდაო. სიხარულით ვამბობდი, ჩვენთან ასეთი რამ არ ხდება-თქო. მართლაც, არ მსმენია აქამდე. ეტყობა, სათანადოდ არ ვინტერესდებოდი, რადგან რამდენიმე კვირის წინ ერთბაშად გავიგე ყველაფერი.
თბილისის გარეუბანში ვცხოვრობთ. ჩემმა შვილმა სკოლა დაამთავრა და სანამ ბოლო ზარი დადგებოდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ტვინი გაგვიბურღა დამრიგებელმა, ფული შეაგროვეთ, დირექტორს პატივი ვცეთ. თუ არ შეაგროვებთ, იძულებული გავხდები, მე მივცეო. თითო ბავშვს 20-20 ლარს სთხოვდა. შეიძლება, ბევრი არ მოგეჩვენოთ ეს თანხა, მაგრამ ჯერ ერთი, არანაირი საფუძველი არ აქვს მის შეგროვებას, და მეორეც, ისედაც იმდენი ხარჯი გვაქვს ამ ბანკეტების მეტიჩრულად გადახდისა თუ ექსკურსიების გადამკიდე და კიდევ ეს სრულიად უსამართლო 20 ლარი... რაღა ბევრი გავაგრძელო, შევაგროვეთ და როგორც გავიგეთ, სხვა კლასებმაც შეაგროვეს. სავარაუდოდ, თითო კლასში 500-600 ლარამდე შეგროვდა. ფულის გადაცემის დრო რომ დადგა, მოულოდნელად გასკდა ამბავი სკოლაში, რომ ვიღაცამ დაასმინა დირექტორი და საკმაოდ ცუდად ჰქონდა საქმე. საჯაროდ ეს ამბავი არ გახმიანებულა, არც სამინისტროს გვერდზე წამიკითხავს რაიმე ინფორმაცია, თუმცა ამბობენ, რომ დირექტორს მკაცრად მოსთხოვეს პასუხი და არც ვიცით, ჩვენს სკოლაში დააბრუნებენ თუ არა.
სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და მშობლები ჰყვებიან იმასაც, რომ აღდგა თითქოსდა შემოწირულობების სახით მოსწავლეებისგან ფულის შეგროვების "წესი", ასევე - სკოლის მასწავლებელთან იძულებით ტარების, მის საგანში ნიშნის მიღების პირობით.
ლიკა, 30 წლის:
- მსგავსი არაერთი სიტუაცია მსმენია და მეც ვარ მონაწილე და თუ შექმნილი გარემოებების მსხვერპლი. ჩვენს სკოლაში მათემატიკის მასწავლებელი, შეგნებულად არ ვასახელებ მის სახელსა და გვარს, თუ მოსწავლე მასთან არ ემზადება, ოფიციალურად ნიშანს არ უწერს. ბევრია ასეთი მასწავლებელი, რომელიც გაიძულებს, მასთან ატარო ბავშვი, რომ მერე ნიშანი დაუწეროს. არადა, სინამდვილეში მართლა არაფერს ასწავლიან და თუ არ მოამზადე კერძოდ, სკოლის წლები სულ ტყუილად მიდის.
სკოლებში მართლაც ბევრი პრობლემა დაგროვდა. ვეცდებით, არც ერთი აქტუალური და მტკივნეული საკითხი არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა.