ზაფხულში ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, გაგრილდეს, ზღვაზე, აუზებზე, მდინარეებზე წავიდეს და შვილებსაც მისცენ დასვენებისა და გართობის საშუალება. თუმცა, სამწუხაროდ, ყოველწლიურად წყალში არაერთი ბავშვი იხრჩობა. მიზეზი სხვადასხვაგვარია: პირველადი დახმარების არცოდნა, დახმარების აღმოჩენის დაგვიანება, წყალში ბავშვის დროულად ვერმიგნება, თუ სხვა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დახრჩობა 1-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანების სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.5 წლამდე ასაკის ბავშვები კი ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. მაშინ, როდესაც თითოეულ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ საცურაო კოსტიუმის სწორად შერჩეულ ფერსაც კი შეუძლია დახრჩობის რისკი შეამციროს. რა ფერის საცურაო კოსტიუმები უნდა შეუძინოთ შვილებს, რომ წყალში მათი თვალყურის დევნება არ გაგიჭირდეთ და თუ ისინი დახრჩობის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან, მალევე მიაგნოთ:
მაშველების თქმით, საცურაო კოსტიუმის ფერს შეუძლია, საგანგებო სიტუაციაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს. ექსპერტები ამბობენ, რომ როდესაც ადამიანი, განსაკუთრებით კი ბავშვი, წყლის მიღმა აღმოჩნდება, საცურაო კოსტიუმის ფერით მისი აღმოჩენა და დროული დახმარება მნიშვნელოვანი ფაქტორია.
მაშველ-ინსტრუქტორმა ნატალი ლივინგსტონმა საკუთარ კოლეგებთან ერთად შეადგინა იმ ფერების ჩამონათვალი, რომელიც წყალში ჩაძირვისას ყველაზე უკეთ ჩანს და შესამჩნევია.
მაშველ-ინსტრუქტორებმა სხვადასხვა ფერის ქსოვილი წყალში მოათავსეს და ექსპერიმენტი ჩაატარეს. შედეგად, დადგინდა, რომ ნეონის ფერები ყველაზე კარგი არჩევანია. წყალში ყველაზე უკეთ ჩანს ნეონის ვარდისფერი, ნეონის ყვითელი, ნეონის მწვანე, ნეონის ნარინჯისფერი, თუ სხვა. შეგიძლიათ, შეიძინოთ, როგორც სადა ვარიანტები, ასევე სხვადასხვა პრინტით. მთავარია, ის იყოს მკვეთრი და ადვილად გარჩევადი.
"ბავშვებზე, რომლებიც კაშკაშა, ფლუორესცენტულ ფერებს ატარებენ, თვალყურის დევნებაც უფრო მარტივია და წყალშიც გაცილებით შესამჩნევია." - ამბობენ სპეციალისტები.
ყველაზე არაეფექტური კი თეთრი, ნაცრისფერი და ცისფერი საცურაო კოსტიუმებია. მაშველების თქმით, ეს ფერები წყალში ცუდად ჩანს და ბავშვის მოძებნას, ან შემჩნევას, რომ ის წყალში იძირება, ბევრად მეტი დრო სჭირდება.
ასევე, სპეციალისტები ამბობენ იმასაც, რომ თეთრ აუზში მუქი ფერის საცურაო კოსტიუმები ჩრდილებს ჰგავს და აღქმას ართულებს. მუქი ფერის აუზებში კი თეთრი, ცისფერი თუ სხვა ღია ფერები ღრუბლების ანარეკლს ჰგავს და ამ შემთხვევაშიც აღქმა რთულდება. ასევე, ზღვაში, მდინარეში მუქი ფერის საცურაო კოსტიუმი შესაძლოა, სხვადასხვა ნარჩენს, ფოთოლს ჰგავდეს და სხვაგვარად აღიქმებოდეს.
გაგიზიარებთ ექსპერიმენტების შედეგად შედგენილი პალიტრის შესახებ ინფორმაციას, რომ უკეთ ნახოთ, როგორ ჩანს სხვადასხვა ფერის საცურაო კოსტიუმი წყლის ზედაპირზე და სიღრმეში:
ნეონის მკვეთრი ფერები კი დაახლოებით, ასე გამოიყურება: