"საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის" პრეზიდენტი ლალი ბადრიძე პირველი არხის ეთერში საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია, ადამიანმა ამ მომენტით იცხოვროს და როგორ უშლის მას ბედნიერებაში ხელს წარსულის გახსენებაც და დაუსრულებელი სამომავლო გეგმებიც:
- როცა ბედნიერებაზე წარსულში ვფიქრობთ და ვამბობთ - "რა მაგარი იყო, როცა ახალგაზრდა ვიყავი, რაღაცები მქონდა" და ამაზე ვდარდობთ, ეს დეპრესიას იწვევს. თუ მე ვფიქრობ, რომ მომავალში რაღაცას გავაკეთებ, სახლს ავაშენებ, მანქანას ვიყიდი, პროფესორი გავხდები, მილიონერი ვიქნები და მაშინ გავხდები ბედნიერი, ეს იწვევს შფოთვას და, ფაქტობრივად, აქ და ახლა არ ვცხოვრობთ. მაშინ, როცა შეგვიძლია, აქ და ახლა ვიცხოვროთ და დავტკბეთ იმით მომენტით, სადაც ვართ. ამდენი წელი გავიარე, ყოფილა ჩემს ცხოვრებაში მომენტები, როცა მეგონა, რომ თავზე დამენგრა ყველაფერი. მაგრამ, მერე წლები რომ გადის, ხვდები, რომ ის სირთულეებიც კარგი იყო, გამზარდა, წინ წამიყვანა და ისიც ბედნიერებაა. რა თქმა უნდა, ტრაგიკულ შემთხვევებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ადამიანმა ყველაფერში შეიძლება ბედნიერება დაინახოს. მე რომ მკითხოთ, ბედნიერება აქ და ახლა ყოფნის და იმით ტკბობის უნარია, რაც გაგვაჩნია.