ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილიგადაცემაში "შენი შუადღე" შიშისა და მუდმივად ცუდის მოლოდინის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რაში ეხმარება, ან პირიქით, ხელს უშლის ეს განცდა ადამიანებს:
- როდესაც ამბობენ, რომ მშობლობა ყველაზე დიდი ბედნიერებაა - რა თქმა უნდა, არის, მაგრამ მშობლობის მეორე, ყველაზე უარესი ნაწილი შიშია. შიში იმისა, რომ ადამიანს, რომელსაც არაფერი შეუძლია შენ გარეშე, რაიმე არ დაემართოს. ეს შიში ბავშვის დაბადებიდან იწყება და ცხოვრების ბოლომდე, ვიდრე მშობელი ხარ და შვილი გყავს, გრძელდება. ცხოვრების ფენომენია ასეთი. კარგია, როდესაც დაშვებას აკეთებ, რომ ყველა ადამიანი ამ ქვეყანაზე დროებითაა და არ არის გამორიცხული, რომ შენ მათ წასვლას მოესწრო. მეორე, როდესაც დაშვებას აკეთებ, რომ ძალიან ბევრმა რამემ შეიძლება დააზიანოს შენი კეთილდღეობა ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური მდგომარეობა, ომი, ჯანმრთელობა, რომელიც შესაძლოა, უცებ დაგიზიანდეს. აქედან გამომდინარე, მსგავსი დაშვებები გვეხმარება იმაში, რომ მეტ-ნაკლებად მომზადებულები დავხვდეთ, როდესაც რაღაც მოხდება. შესაძლოა, მათი უმეტესობა არასდროს მოხდეს, მაგრამ ჩვენ მაინც მზადყოფნაში ვიქნებით. თუმცა, ახლა ვისაუბროთ მეორე ნაწილზე, რომელიც ადამიანს პიროვნულობას ართმევს. საქართველოში ზედმეტად ფატალისტურები ვართ და ამას თავისი მიზეზები აქვს. ისეთი ისტორიული მოვლენები ხდებოდა, ვერასოდეს ვერ ამოვისუნთქეთ. მით უმეტეს, მათ, ვისაც 90-იანები ახსოვს, იქედან მოვდივართ, გზადაგზა იმედი გაჩნდებდა და მოკვდება და შუაში კიდევ რაღაც საშინელებები ხდება. ეს ყველაფერი კი შემდეგ დატვირთულია შიშით, რომ კიდევ უფრო მეტი საშინელება მოხდება. აქედან გამომდინარე, მიდრეკილები ვართ იმისკენ, რომ ვთქვათ: "ცხოვრება ასეთია, რაც მოხდება, ის მოხდება." ხელებჩამოშვებულები ვართ, ბედისწერას მივენდობით და ვფიქრობთ, რომ რაც გველის, ის არ აგვცდება. მაგრამ, როდესაც ცხოვრებას გონიერად ვუყურებთ, ვამბობთ, რომ დიდხანს ცხოვრება გვინდა და ამისთვის დღესვე დავიწყებთ რაღაცის გაკეთებას, მათ შორის, ფრთხილად ვატარებთ მანქანას, სწრაფად არ ვივლით და ასე შემდეგ, თავად გავაკონტროლებთ. თუ გადავწყვეტთ, რომ რაც ჩვენს ხელშია, მისი გაკონტროლება შეგვიძლია, საკუთარ შანსებს გავზრდით. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ შენი ცხოვრება სრულიად შემთხვევითობამ იმსხვერპლოს, მაგრამ შენ თუ გონიერად მიუდგები შენივე ცხოვრების ბევრ სფეროს, გაცილებით მეტი პროცენტული შანსი გაქვს იმისა, რომ დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვრო.