პედიატრი ნანა რურუა "პირველი არხის" ეთერში საუბრობს, მითია, თუ რეალობა, რომ ურეკის მაგნიტურ ქვიშასა და ნაძვის დამტვერვას ადამიანის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული გავლენა აქვს:
- მითია, თუმცა, რა თქმა უნდა, პლუსებიც აქვს. ძალიან ბევრი სიტუაცია მინახავს, როცა ადამიანები სამსახურს ტოვებენ, იჭირვებენ საქმეს, რომ ნაძვის დამტვერვაზე წავიდნენ. თუ ეს დისკომფორტს არ გიქმნით და მოგწონთ ნაძვის დამტვერვაზე ბავშვის წაყვანა, რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ წაიყვანოთ. მაგრამ, ამას დადასტურებული სამედიცინო მტკიცებულებები არ აქვს. თუმცა, დადასტურებული სამედიცინო მტკიცებულებების გარდა, მცენარეული თერაპიებიც ხომ არსებობს. თუ მტკიცებულებითი მედიცინის პრინციპებზე და მეცნიერებაზე ვსაუბრობთ, სამეცნიერო ფაქტები ამის შესახებ არ არსებობს. ვისაც სად უნდა და მოსწონს, იქ შეიძლება წავიდეს. კურორტებს თავისი ბევრი კომპონენტით განპირობებული პლუსი აქვს. მათ შორის, ურეკსაც ალბათ აქვს თავისი დადებითი მხარე. ნაძვის დამტვერვაც ხომ ისეთ ადგილასაა, სადაც ისედაც ძალიან კარგი მიკროკლიმატებია. ბორჯომის ხეობაში შეიძლება ისე წაიყვანოთ ბავშვი და არა მაინცდამაინც ნაძვის დამტვერვაზე და მაინც ძალიან კარგი ეფექტი ექნება. აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც ნაძვის დამტვერვაზე, ისეთ დროს წახვიდეთ, როცა არ გცალიათ. გასათვალისწინებელია, რომ არის ადგილები, სადაც ბავშვებს სპეციფიკური ალერგიული რეაქციები აქვთ. მაგალითად, ობის სოკოზე, ტენიან ადგილებზე. იქ, სადაც ოჯახის რომელიმე წევრი ცუდად გრძნობს თავს, მათ შორის, ალერგიული რეაქცია შეიძლება იყოს გამოხატული, არ არის აუცილებელი, რომ წაიყვანოთ.