გაეროს სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ საკლასო ოთახებში მოსწავლეებს სმარტფონების გამოყენება უნდა აეკრძალოთ, რათა გაუმჯობესდეს სასწავლო პროცესიც და კიბერბულინგის საფრთხეც ნაკლებად არსებობდეს.
იუნესკოს ინფორმაციით, მობილური ტელეფონების ხანგრძლივად გამოყენება საგანმანათლებლო პროცესის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს და ბავშვების ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. სააგენტო აღნიშნავს, რომ ციფრული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტის ჩათვლით, "ადამიანზე ორიენტირებულ ხედვას" უნდა ემორჩილებოდეს და ტექნიკა ვერ შეძლებს მასწავლებლისა და მოსწავლის პირდაპირი ურთიერთობა ჩაანაცვლოს.
იუნესკო მკაფიოდ განმარტავს, რომ ციფრული ტექნოლოგიები საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესებისათვის დამხმარე საშუალებებს უნდა წარმოადგენდეს და ონლაინ კავშირები ადამიანურ ურთიერთობებს ვერასროს შეცვლის.
სააგენტო ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რომ ციფრულ სამყაროშიც იზრუნონ ბავშვების უსაფრთხოებაზე და დაიცვან ისინი მოსალოდნელი საფრთხეებისა და სიძულვილის ენისაგან.
მათივე განმარტებით, ციფრული ტექნოლოგიების დადებითი ეფექტი შესაძლოა, გადაჭარბებულად იყოს შეფასებული და ახალი ყოველთვის უკეთესს არ ნიშნავს.
მსოფლიოს 200 საგანმანათლებლო სისტემის ანალიზზე დაყრდნობით, იუნესკომ დაადგინა, რომ არაერთმა ქვეყანამ სკოლებში სმარტფონების გამოყენება უკვე აკრძალა. მათ შორისაა, საფრანგეთი, სადაც აღნიშნული შეზღუდვა 2018 წლიდან მოქმედებს. 2024 წლიდან კი კანონის ამოქმედებას ნიდერლანდები გეგმავს.
The Guardian-ის ცნობით, ამ თვეში აკრძალვის გამოცხადებისას ჰოლანდიაც აპირებს. განათლების მინისტრმა რობერტ დიკგრააფმა თქვა: "მოსწავლეებს კონცენტრირება უნდა შეეძლოთ. მათ კარგად სწავლის საშუალება უნდა მივცეთ. მეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ მობილური ტელეფონები არეულობას იწვევს. მოსწავლეები ამისაგან უნდა დავიცვათ."
გაერთიანებულ სამეფოში კი არჩევანს მასწავლებლებს უტოვებენ. ისინი, როგორც წესი, ითხოვენ, რომ კლასში მოსწავლეებს ტელეფონი გამორთული ჰქონდეთ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ჩართვის უფლებას აძლევენ.
თუმცა, სკოლებისა და კოლეჯების ლიდერთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ჯეფ ბარტონმა ისიც აღნიშნა, რომ სკოლებში სმარტფონების გამოყენების მასობრივად აკრძალვამ შესაძლოა, იმ მშობლების შეშფოთება გამოიწვიოს, რომლებსაც სურთ, შვილებს დაურეკონ და შეამოწმონ, სკოლიდან სახლამდე მონაკვეთში სად არიან და ხომ უსაფრთხოდ გადაადგილდებიან. გარდა ამისა, ზოგიერთი მოსწავლე ტელეფონს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში როგორც გადახდის საშუალებას იყენებს.
"ჩვენ სრულად გვესმის ლეგიტიმური შეშფოთება მობილური ტელეფონების გამოყენების შესახებ, მათ შორის კიბერბულინგი, ეკრანთან გახანგრძლივებული დროის გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და დიდი ტექნოლოგიური კომპანიებში რეგულირების ნაკლებობა. ფაქტია, რომ სმარტფონების ფართო გამოყენება საზოგადოების პრობლემაა და ამის შედეგად გამოწვეული პრობლემები უფრო ხშირად წარმოიქმნება სკოლის კედლებს მიღმაც." - განაცხადა ჯეფ ბარტონმა.