ავტორი: ნინო მზესელი
ილუსტრატორი: თამუნა მენაბდიშვილი
ერთ დროს, სადღაც თვალუწვდენელ სივრცეში შოკოლადის სამეფო იყო გადაჭიმული. სამეფოს ბრაზიანი ხელმწიფე მართავდა. სულ ჩხუბის და ომობანას ხასიათზე იყო. მისი რაინდებიც ხან თხილის სამეფოს ეომებოდნენ, ხან - ქიშმიშების ციცქნა სახელმწიფოს; ხან ნაყინის მეფეს აუმხედრდნენ და ხანაც ვაფლის დედოფალს გამოუცხადეს ომი.
მაინც ვერ ისვენებდა შოკოლადის მეფე, სულ იმას ფიქრობდა, ვის დავესხა თავს და კიდევ რომელი სამეფო დავიმორჩილოო. მისმა გაყოყოჩებულმა რაინდებმა, რომლებსაც უძლეველები ეგონათ თავი, ურჩიეს, მზის სამეფოსკენ დავიძრათო. ეგონათ, თავიანთი შოკოლადის მშვილდ-ისრებით და ფარ-ხმლით ყველას დაამარცხებდნენ. არადა, ნეტავ რას ერჩოდნენ მზის სამეფოს, თავიანთ სამეფოში ხომ მზე თვალით არასდროს ენახათ. უბრალოდ, ყურმოკვრით იცოდნენ, რომ დიდი იყო, ცხელი, კაშკაშა და მწველი, მაგრამ სუსტების დაჩაგვრით გათამამებულებს არაფერი აშინებდათ.
ერთ დღესაც მეფის რაინდებმა შოკოლადის აბჯრები მოირგეს, შოკოლადისვე ცხენებს შემოახტნენ და მზის სამეფოსკენ ისეთი სისწრაფით გასწიეს, ირგვლივ სულ კაკაოს ბუღი დააყენეს.
მალე ჰორიზონტზე მზის სამეფოს კარიბჭე გამოჩნდა.
- ერთ მზეს როგორ ვერ მოვერევით! - ნიშნის მოგებით გაიძახოდნენ რაინდები და ცამდე აწვდილ კარიბჭესთან შექუჩებულები ჩოჩქოლებდნენ.
მათ ყოყლოჩინობას და ბაქიაობას როდემდე მოუსმენდა მზე, ძალიან კეთილი და სათნო იყო, მაგრამ მოთმინების ფიალა მასაც აევსო.
- ნეტავ ამდენს ვინ ბედავს? - გაიკვირვა მზემ და ღრუბლის სარკმლიდან მხოლოდ ცალი თვალით გამოიჭყიტა.
- დაგვნებდი, მზეო!
- ტყვედ ჩაგვბარდი, მზეო! - ისევ აჩოჩქოლდნენ რაინდები, მშვილდ-ისრები მოზიდეს და მზისკენ შოკოლადის ისრების წვიმა გაუშვეს...
მაგრამ აბა, თუ იცით, რა მოხდა ამის შემდეგ? მზის სხივებით გამთბარ ჰაერში მათი ნაქები ისრები თვალსა და ხელს შუა დადნა… ჯერ სად იყვნენ? გაოცება მაშინ გენახათ, როცა შოკოლადის აბჯრიდან დაწყებული, ცხენებით დამთავრებული, ყველაფერმა ერთიანად დნობა დაიწყო.
- ვაიმე, თავს ვუშველოთ, მზე ჩვენზე ძლიერი ყოფილა! - ერთმანეთს უყვიროდნენ სუსტების დაჩაგვრას შეჩვეული რაინდები და გაქცევას ცდილობდნენ, მაგრამ… მზის მცხუნვარებისგან თავადაც გზადაგზა დნებოდნენ და თავიანთი სამეფოსკენ მძიმე-მძიმედ გაღოღებას ძლივსღა ახერხებდნენ.
აი, სადამდე მიიყვანა შოკოლადის რაინდები სიავემ და სხვების ჩაგვრის სურვილმა.