შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს აბიტურიენტებს კიდევ ერთი საგნის, ისტორიის ქულები გაუზიარა. გაგაცნობთ რამდენიმე აბიტურიენტს მათგან, ვინც უმაღლესი შეფასების მიღება შეძლო.
ანა გელაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლა დაამთავრა. ისტორიაში მაქსიმალური 60 ქულიდან 59 მიღება შეძლო. ქართულ ენასა და ლიტერატურაში კი 60-დან 60 ქულა აიღო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართალზე სურს სწავლის გაგრძელება, აბიტურიენტებს კი საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:
- რა თქმა უნდა, ბევრი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ვფიქრობ, ისტორია საკმაოდ სპეციფიკური საგანია. გარდა იმისა, რომ დიდი ინფორმაციის დამახსოვრება გვჭირდება, ანალიტიკურ უნარებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რუკის, სქემის, წყაროს, მოვლენის სწორი ანალიზი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ კარგი შედეგი მივიღოთ. წარმატებაში ჩემს მასწავლებელსაც ძალიან დიდი როლი აქვს. ვფიქრობ, გამოცდა მარტივი არ ყოფილა. ბევრი დამაბნეველი შეკითხვა იყო, განსაკუთრებით ტესტური დავალებების ნაწილში. ასევე, იყო ახალი ტიპის დავალებაც. თუმცა, ვფიქრობ, რომ საკუთარი შესაძლებლობების, ცოდნისა და უნარების გამოყენება მაინც შევძელი. მასწავლებელი დამატებით ინფორმაციას ყოველთვის გვიზიარებდა. თავადაც, ისტორია ძალიან მაინტერესებს, კონკრეტული მოვლენისა და ფაქტის შესახებ ბევრს ვკითხულობდი, ფილმებს ვუყურებდი და ეპოქის შესახებ კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებდი.
გიორგი ღურჭუმელიას სამართლის მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება. მან თბილისის 24-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. ისტორიაში ერთ-ერთი უმაღლესი, 58 ქულის მიღება შეძლო. უმაღლესი შეფასებები აქვს სხვა საგნებშიც - ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 59, ხოლო ინგლისურში 70-დან 69 ქულა.
- ისტორიაში ძალიან დიდი მასალაა და ვფიქრობ, ეტაპობრივად სწავლასა და ინფორმაციის გაცნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, ეს საგანი ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა. მონდომების, შრომისმოყვარეობის, მასწავლებლის დახმარების შემდეგ, სასურველ შედეგს მივაღწიე. გარდა პროგრამული საკითხებისა, მასწავლებელი დამატებით ლიტერატურას, წყაროებს გვიზიარებდა და ძალიან დამეხმარა. ვუყურებდი, სხვადასხვა ისტორიული მოვლენის განხილვებსა და შეფასებებს. მნიშვნელოვანია, ვიაზრებდეთ იმას, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგი სამომავლო წარმატებასა თუ წარუმატებლობას პირდაპირ ვერ განსაზღვრავს. თუმცა, მიღებულ შედეგს შეუძლია, დაფინანსების სახით, დიდი შეღავათი მოგვცეს. ამიტომ, ორი რამ ყველაზე მნიშვნელოვანია: პირველ რიგში, სწავლა და შრომისმოყვარეობა. მეორე კი მენტალური მზადყოფნაა. თუ ემოციების კონტროლს ვერ შევძლებთ, დიდია იმის შანსი, რომ დროის ფაქტორი ვეღარ გავითვალისწინოთ და შეცდომებიც დავუშვათ. ისტორიის ტესტი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ძალიან ბევრი პატარა დეტალის გათვალისწინებაა აუცილებელი, რა დროსაც შესაძლოა, შეცდომები გაგვეპაროს.
მარიამ მებუკე თავისუფალ უნივერსიტეტში მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას. ის კიდევ ერთი წარმატებული აბიტურიენტი. ისტორიაში 58 ქულა აიღო, ქართულში უმაღლესი, 60 ქულა აქვს, ინგლისურში კი 70-დან 69. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა და აღნიშნავს, რომ მიზნისკენ სწრაფვას ყოველთვის მოაქვს შედეგი:
- პირველ რიგში, შრომა და დასახული მიზნისკენ სწრაფვა აუცილებელია. წლების განმავლობაში, კონკრეტულ უნივერსიტეტში, კონკრეტულ პროგრამაზე მოხვედრის სურვილით ვმეცადინეობდი და ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია იყო. განსაკუთრებული როლი აქვს ჩემს მასწავლებელს. სწორ დროს შერჩეულ ადამიანს, ამ შემთხვევაშიც და ზოგადად, ცხოვრებაშიც, დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, შედეგს, საკუთარი შრომისა და მიზანდასახულობის და ამავდროულად, მასწავლებლის დახმარებით მივაღწიე. დამატებით ლიტერატურასაც ვკითხულობდი და პროგრამულ საკითხებსაც კარგად ვმეცადინეობდი. ტესტი მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. დაკვირვება და დეტალებზე ყურადღების გამახვილება სჭირდებოდა, თუმცა მომავალ აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვა არასოდეს შეწყვიტონ. არასდროს იფიქროთ, რომ იმედი გაგიცრუვდებათ და რამეს ვერ შეძლებთ, სამივე გამოცდიდან ძალიან უკმაყოფილო, ცუდი განწყობით გამოვედი, მაგრამ საბოლოოდ, შრომა ფასდება და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
თამარ იაკობაშვილი