გივიკო ბარათაშვილი ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავია, რომელიც წლებია, ქართულ თეატრში საინტერესო პერსონაჟებს ქმნის და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. თუმცა ახლახან ახალ ქართულ სერიალში "ცვალებად ნიშნებში" შესრულებულმა ბასას როლმა კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა.
გივიკო ბარათაშვილი 30 წლისაა, 1993 წლის 10 იანვარს დაიბადა მსახიობების ოჯახში. გივიკოს მამა არჩილ ბარათაშვილიც და დედა - ხათუნა ბერძენიშვილი, თეატრის მსახიობები არიან.
გივიკოს დედას ბევრი იცნობს ასევე სალომე ზურაბიშვილის პაროდიული როლით "ნიკა არაბიძის შოუში".
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობების ოჯახში გაიზარდა, ერთ-ერთ ინტერვიუში გივიკომ აღნიშნა, რომ თავად სულაც არ უნდოდა მსახიობობა, არც თეატრში სიარული უყვარდა. დიდხანს ფიქრობდა ფეხბურთელობაზე და მხოლოდ სიზარმაცის გამო დაანება თავი, რასაც დღემდე ნანობს. ფიქრობს, რომ გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი დადგებოდა მისგან, ვიდრე მსახიობი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საკმაოდ წარმატებული მსახიობია და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული "ახალ თეატრში" თუ "თავისუფალ თეატრში".
საბოლოოდ, მსახიობობა 22 წლის ასაკში გადაწყვიტა, ჩააბარა შესაბამის ფაკულტეტზე და მუშაობაც დაიწყო.
გარდა კინოსა და თეატრისა, გივიკო ფოტოგრაფიით არის გატაცებული და ამბობს, რომ ეს მისი განსაკუთრებული ჰობია.