შოვში მომხდარი სტიქიური კატასტროფის ირგვლივ ჯერაც მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა გახდა მისი რეალური მიზეზი და შეიძლება თუ არა ამ უბედურების ტავიდან აცილება.
ახალ ზელანდიაში მოღვაწე, ვიქტორიას უნივერსიტეტის ანტარქტიკის კვლევითი ცენტრის მკვლევარი, გეოგრაფიის დოქტორი, გლაციოლოგი და გეომორფოლოგი ლევან ტიელიძელევან ტიელიძე სოციალურ ქსელში 5 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებშიც, მისი თქმით, ნათლად ჩანს სტიქიის წარმოქმნის კერა.
სპეციალისტი განმარტავს, რომ ზვავი უშუალოდ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე წარმოიშვა.
"უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის სტიქია იყო გლაციალური ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა. ახლად მოპოვებულ სატელიტურ სურათზე, რომელიც გადაღებულია 5 აგვისტოს, ნათლად ჩანს სტიქიის წარმოქმნის კერა.
კლდოვან-ყინულოვანი ზვავი წარმოიშვა უშუალოდ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მყინვარ თბილისას მარჯვენა შენაკადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე. ზღვის დონიდან დაახლოებით 3700-3800 მეტრის ინტერვალში. მსგავსი ტიპის კლდოვან-ყინულოვანი ზვავი საქართველოში დაფიქსირდა 2014 წლის 17 მაისს, მყინვარ დევდორაკზე.
ზვავის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ფერდობების სტაბილურობის რღვევა, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია "მუდმივ მზრალობასთან". უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ისეთი ფერდობები რომლებიც ადრე მუდმივად მზრალ მდგომარეობაში იყო მიმდინარე კლიმატის ცვლილების შედეგად უკვე ექვემდებარება სეზონურობას. ე.ი. განსხვავებული ტემპერატურული პირობების შემთხვევაში ვეღარ ინარჩუნებს მზრალობას და კარგავს სიმტკიცეს.
ასეთ პირობებში ფერდობი შეიძლება ჩამოიშალოს:
1) თავისით,
2) წვიმის სახით მოსული უხვი ნალექის შედეგად,
3) მცირედი მიწისძვრის ბიძგის შემთხვევაშიც (რასაც დამატებით მონაცემები და კვლევა სჭირდება)." - წერს ტიელიძე.